geo_flag eng_flag rus_flag

თურქეთში სამხედრო გადატრიალების ორგანიზებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 2800 ადამიანი დააკავეს
- +

16 ივლისი. 2016. 15:08



თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების ორგანიზებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 2800 ადამიანი დააკავეს.  პრემიერის თქმით, რეიდები და დაკავებები კვლავ გრძელდება. ილდირიმმა აღნიშნა, რომ ამბოხების მონაწილეები უმკაცრესად დასიჯებიან.


როგორც ბინალი ილდირიმმა განაცხადა, თურქეთის ხელისუფლება ვითარებას სრულად აკონტროლებს. ილდირიმის თქმით, თურქეთი ცხოვრების ჩვეულ რითმს დაუბრუნდა. მისი ინფორმაციით, ამბოხის დროს დაიღუპა 161 ადამიანი, 1440-მდე კი დაშავდა. თუმცა მანამდე გენშტაბმა 194 დაღუპულის შესახებ განაცხადა. გარდაცვლილებს შორის სახელმწიფო გადატრიალების 104 მონაწილეა.


ბინალი ილდირიმმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მსგავსად, ამბოხზე პასუხისმგებლობა "პარალელურ სტრუქტურებს" დააკისრა. ამ ტერმინს თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის მომხრეებთან დაკავშირებით იყენებს.


"ქვეყანა, რომელიც მხარს დაუჭერს მქადაგებელ გიულენს და არ იქნება თურქეთის მეგობარი, ჩაითვლება თურქეთის წინააღმდეგ მებრძოლად", - განაცხადა თურქეთის პრემიერმა.


თავად გიულენმა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირი უარყო. გიულენი პენსილვანიაში ცხოვრობს და მოძრაობა "ჰიზმეტს" ხელმძღვანელობს. ის ასევე ხელმძღვამელობს მსოფლიოში საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელს.


 

წყარო : wyaro
არქივი