geo_flag eng_flag rus_flag

გიორგი გაჩეჩილაძე: წარმოუდგენელია „ქართულ ოცნებასა“ და კრიმინალურ „ნაცმოძრაობას“ შორის კოალიციის შექმნა
- +

19 ოქტომბერი. 2017. 16:25



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გიორგი გაჩეჩილაძემ გაზეთ „ახალ თაობასთან" ინტერვიუში კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და ოპოზიციის შენიშვნების გაზიარების შესაძლო შედეგებზე ისაუბრა.  


„პრეზიდენტის შენიშვნები რომ გაგვეზიარებინა, 2020 წელს სუფთა პროპორციულ სისტემაზე რომ გადავსულიყავით, მაჟორიტარული სისტემა არ ყოფილიყო, ყველა მცირე პოლიტიკურ სუბიექტს შეექმნებოდა პრობლემები ბარიერის გადალახვისთვის. აქედან გამომდინარე, „ნაცმოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს", ანუ „ნაცმოძრაობა-2"-ის ინტერესია, უალტერნატივო ოპოზიციურ ძალად დარჩნენ. მათ აქვთ ოცნება, გარკვეული პერიოდის შემდეგ, თუ პოლიტიკურ ასპარეზზე სხვა არავინ იქნება, მათით მოხდეს ხელისუფლების ჩანაცვლება. პარლამენტში მხოლოდ ნაცები და დღევანდელი მმართველი გუნდი იქნება, მთავრობის დაკომპლექტების დროს მოითხოვონ თანამდებობები.

შეუთავსებლის შეთავსება შეუძლებელია. ეს პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს. ჯერ ერთი, შეუძლებელია „ნაცმოძრაობის" პოლიტიკური შეთანხმება „ქართულ ოცნებასთან", რომელმაც დაამხო ნაცრეჟიმი. ყოვლად წარმოუდგენელია „ქართულ ოცნებასა" და კრიმინალურ დაჯგუფებას შორის კოალიციის შექმნა. ამიტომ ასეთ ვითარებაში მთავრობა ვერ დაკომპლექტდება და პოლიტიკური კრიზისი წარმოიქმნება. ასეთ ვითარებაში კონსტიტუციაში ცვლილებებს ვერავინ შეიტანს, რადგან პარლამენტში საკმარისი რაოდენობის ხმა არავის ექნება. იქნება გაუთავებელი პოლიტიკური კრიზისი და ბოლოს დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს. არ დაგავიწყდეთ, რომ გარე ფაქტორიც არის. ჩრდილოეთიდან ჩასაფრებული არიან. ბუნებრივია, ჩრდილოელი მეზობელი ამ კრიზისს თავის სასიკეთოდ გამოიყენებს და ის პერსპექტივა, რომელიც სახელმწიფოს შევუქმენით მისი გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისას, განვითარებისა და ეკონომიკის წინსვლის თვალსაზრისით, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.

მხედველობაში მაქვს ანაკლიის პორტი, აბრეშუმის ახალი გზა, გაზსადენი, შაჰ-დენიზი-2 და სხვა. ეს არის უზარმაზარი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პროექტები. ასევე ჩვენ ვართ ევროკავშირთან ასოცირებული წევრები და კრიზისის შემთხვევაში გაწევრიანება სადამდე გადაიდება, ეშმაკმა იცის. პოლიტიკური კრიზისი, მით უმეტეს, თუ სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდება, ჩაიშლება საქართველოს NATO-სთან ურთიერთობა, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება", - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.


 

წყარო : wyaro
არქივი