geo_flag eng_flag rus_flag

25 გმირის „დაბრუნება“ 25 წლის შემდეგ
- +

19 ოქტომბერი. 2017. 16:17


აფხაზეთის ომის შემდეგ 25 მძიმე და მოლოდინით სავსე წელი გავიდა... ამ ომს 30 ათასამდე ადამიანი შეეწირა, 1800-ზე მეტი (მათ შორის - 900-ზე მეტი სამხედრო პირი) წლების განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა...


რამდენიმეწლიანი ქართულ-აფხაზური თანამშრომლობის შემდეგ საქართველოში 25 ადამიანის ნეშტი გადმოასვენეს...


ოცდახუთივე სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს, უზენაესი საბჭოს შენობას ჟიული შარტავასთან ერთად იცავდა. მათ შორის არიან მამია ალასანია და საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი, სოხუმის მერი გურამ გაბესკირია, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეები არიკ შენგელია და ვახტანგ გეგელაშვილი...


„ვიცოდი, მამაჩემი გამარჯვებული დაბრუნდებოდა იმ ომიდან, რომელიც ქართველ კაცებს არ წაუგიათ!..


ალბათ, საზოგადოებას ახსოვს სოხუმის დაცემის ბოლო დღის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც აფხაზი ბანდფორმირებების ბრძანებაზე: „დაიჩოქე და თქვი, რომ ეს ქართული მიწა არ არის!" ისმის გურამ გაბესკირიას ღირსეული პასუხი: „არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!"


ვლადიმერ გაბესკირია, გურამ გაბესკირიას შვილი:


- ჩვენთვის მძიმე და ძალიან ემოციური იყო ის დღეები... თითქოს ტკივილი გაგვიახლდა. თან ბედნიერები ვართ - მამის საფლავი მაინც გვეცოდინება, სად არის. ძალიან უცნაური განცდაა - ტკივილისა და, იმავდროულად, სიხარულის.


11 წლისა ვიყავი, მამა ბოლოს რომ ვნახე. 13 თუ 14 სექტემბერი იყო. ოჯახის წევრები გამოგვაცილა. ის უმძიმესი მდგომარეობა პატარა ბიჭმა საკუთარი თვალით ვნახე და ომი, ხომ იცით, რა უცებ აბრძენებს ადამიანს... ძალიან მეშინოდა, თითქოს უკანასკნელად ვხედავდი მამას. უცებ მისკენ შევბრუნდი და ვთხოვე, მამა, შენც ჩვენთან ერთად წამოდი-მეთქი. თავზე ხელი გადამისვა და როგორც დიდს, ისე მითხრა, შენ იცი, ბოხო, გახსოვდეს, შენ ხარ კაციო... ამის შემდეგ ტელეფონით გვიკავშირდებოდა. ბოლოს 26 სექტემბერს, ღამის 2 საათისთვის დარეკა. გვამხნევებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო. ის, ჟიული შარტავა, მამია ალასანია და სხვები ერთად იყვნენ ბოლო წუთამდე. იქაურობის მიტოვება არც უფიქრიათ.. ბოლო ამოსუნთქვამდე არაფრის დათმობას არ აპირებდნენ.


24 წელი ველოდით. ყველა დაკაკუნება და ტელეფონის ზარი მისი გვეგონა. დედა შინიდან არ გადიოდა - რომ დარეკოს, ხომ უნდა ვუპასუხოო... ჯერ თქვეს, გუდაუთის ციხეშიაო, მერე, თითქოს, კოდორის ხეობიდან გამოსულმა დევნილებმა ნახეს, ისიც იმ გზით მოდიოდაო. მაგრამ მერე ამერიკელმა ჟურნალისტმა მალკოლმ ლინტონმა, თბილისში აფხაზეთის ომის თემატიკაზე ფოტოგამოფენა გამართა და მოედანზე, დახვრეტილებში მამა ამოვიცანით. ეს ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღე იყო. უკანასკნელი იმედიც გაქრა... ითქვა, ყველა აჩადარაში, იმ ადგილას დაკრძალეს, სადაც დახვრიტესო. შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებს შეშინებიათ, ამას გენოციდის კვალიფიკაცია არ მიანიჭონო და ცხედრები სოხუმთან ახლოს გადაუსვენებიათ...


მაშინ სამნი ველოდით მამას, ახლა - შვილიშვილები და შვილთაშვილიც. ვიცოდი, ოდესმე დაბრუნდებოდა, ვიცოდი, მამაჩემი გამარჯვებული დაბრუნდებოდა იმ ომიდან, რომელიც ქართველ კაცებს არ წაუგიათ!.. არასოდეს დავიჩოქებო, - ეს მხოლოდ მტრის კი არა, ჩვენს გასაგონადაც თქვა! ყველა ემშვიდობება, როგორც გმირს, მე კი თითქოს ახლა დავობლდი...


- ვიცი, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა აფხაზებთან.

 

- იმდენად კარგი, წლების განმავლობაში არ გვჯეროდა, რომ აფხაზებმა მოკლეს. სერგეი ბაღაფში და მამა ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ერთად გაიზარდნენ და მეგობრობდნენ, ისე, როგორც მე და ბაღაფშის შვილი... ისიც და არძინბაც განრისხებულან, როდესაც მათი დახვრეტის ამბავი გაუგიათ. მეც მინდა მჯეროდეს, რომ მამას დასახვრეტად ვერ გაიმეტებდნენ...


- მას შემდეგ ბაღაფში ან მისი რომელიმე აფხაზი მეგობარი თუ შეგეხმიანათ?

 

- არასდროს და არც მიკვირს. ადგილობრივი, ე.წ. უშიშროება ყველაფერს აკონტროლებს.


ახლა, ამდენი წლის შემდეგ, მამასთან ერთად ჩემი სოხუმური ბავშვობა დამიბრუნდა, იქ გატარებული ყველა წუთი, ჩემი და მამას აფხაზი მეგობრები, მათი შვილები... და მაინც, მადლობა უფალს, საქართველოს მთავრობასა და „წითელ ჯვარს", რომ მამის საფლავზე მისვლის საშუალება გვექნება. მას ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებთან ერთად დაკრძალავენ. არც მამა მოინდომებდა მათგან ცალკე ყოფნას...


„ჩემი შვილის საფლავიც არ მაქვს, მაგრამ აფხაზებს მაინც ვერ ვუწოდებ მტრებს"

 

შვილს ეძებდა დაკარგულთა მოძიების ფონდ „მოლოდინის" დამფუძნებელი ნინელი ანდრიაძეც. ამისთვის აფხაზეთშიც ჩადიოდა და არაერთი ქართველი სამხედროს ცხედარი დაუბრუნა ოჯახს. შვილის ცხედარს კი ჯერჯერობით ვერ მიაგნო.


- ჩემი შვილი კოტე ანდრიაძე გაგრაში იბრძოდა. მეგობრებს უნახავთ, გია ყარყარაშვილი ალყაში ყოფილა და მის გასათავისუფლებად წასულა. ვერ გადაარჩენ, გამოსავალს თავად იპოვისო, უთქვამთ, მაგრამ არ დაუჯერა... ააფეთქეს კიდეც... მხოლოდ ის ვიცი,  რომ გაგრაშია დასაფლავებული. როდესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სახელმწიფო კომისია ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული, ენგურის ხიდზე აფხაზებს - რუსლან ქიშმარიას, ედიკა ემიზადეს, გენა  ბარციცს, ოთარ კაკალიას, სერგეი ცარგუშს ვხვდებოდით და ინფორმაციებს ვცვლიდით... შემდეგ აფხაზეთშიც შეიქმნა სახელმწიფო კომისია, რომელსაც ოთარ კაკალია ხელმძღვანელობდა, ქართულ მხარეს კი - ავთანდილ იოსელიანი. სამხედროების გარდა, აფხაზებს მშვიდობიანი მოქალაქეების პოვნაშიც დავეხმარეთ - გადავეცით ოთხი ფსიქიკურად დაავადებული აფხაზი, რომლებიც ომამდე ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდნენ. მათ ოჯახებს დაღუპულები ეგონათ... იმ დღეს პირველად შემშურდა ფსიქიკურად დაავადებული პაციენტების - მათთვის ომი არ ყოფილა, ისევ ძველ საქართველოში ცხოვრობდნენ...


ერთი ისტორია მახსენდება: დედას და შვილებს ერთმანეთი 14 წელი არ ენახათ. დედა აფხაზეთში ცხოვრობდა. უთხრეს, შენი შვილები აფეთქდნენო. იგივე უთხრეს შვილებს დედაზეც. გოგონები იყვნენ, ხონში მამიდასთან იზრდებოდნენ და იქ ვნახე. მთხოვეს, იქნებ დედაზეც გაიგოთ რამეო... სოხუმელ აფხაზთან შეხვედრისას ვიკითხე, მანანა შუშანიაზე რამე იცით-მეთქი? ცოცხალია, სოხუმში ცხოვრობს, უბედური ქალია, შვილები ომის დროს დაეღუპაო. ვუთხარი, ცოცხლები არიან, დედას ეძებენ-მეთქი. იმ აფხაზს მღელვარებისგან ხმა ჩაუწყდა, 14 წელია, შავი არ გაუხდიაო...


ისინიც ენგურის ხიდზე შეხვდნენ ერთმანეთს. ის დღე არასდროს დამავიწყდება! ბავშვებს დედა 14 წელი ნანახი არ ჰყავდათ, მაგრამ მაშინვე იცნეს.


- დაღუპულ სამხედროებს როგორ ეძებდით?

 

- სამხედრო ნაწილებში დავდიოდით და მათ შესახებ თანამებრძოლებს ვეკითხებოდით... აფხაზური მხრიდან შეხვედრებს ოთარ ცარგუში და ოთარ კაკალია უძღვებოდნენ. პირველად ოჩამჩირის ბიბლიოთეკაში შევხვდით. მათ ის აფხაზი დედებიც ახლდნენ, რომელთა შვილები ამ ომს შეეწირნენ. აგრესიულად შეგვხვდნენ. ერთ-ერთს ვუთხარი, იმ უაზრო ომში მეც დავკარგე შვილი, მაგრამ მტრად მაინც არ მიგიჩნევთ, არც თქვენს შვილს მივიჩნევ მტრად-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს... როდესაც აფხაზი ბიჭების უკვდავსაყოფად ალბომები გავაკეთე, მათი ფოტოებითა და ანკეტებითურთ, აფხაზ დედებსაც გავუგზავნე... აფხაზურ მხარეს 139 მეომარი ჰყავდა უგზო-უკვლოდ დაკარგული. მათგან ბევრი დავუბრუნეთ...


იყო შემთხვევები, როდესაც მადლობას ადგილობრივი გაზეთის ფურცლებიდან გვიხდიდნენ და აფხაზეთში დასასვენებლად გვეპატიჟებოდნენ. მაგალითად, ლარისა არძინბა და დიმიტრი კოგბა, რომლებსაც შვილის საფლავი ვაპოვნინეთ... აფხაზი მეომრების ნეშტის პოვნაში ქართველი მეომრებიც გვეხმარებოდნენ. აფხაზეთში მოგვყვებოდნენ და იმ ადგილებს გვაჩვენებდნენ, სადაც დაღუპული მეომრები დაასაფლავეს. პოლკოვნიკი დათო ჩუბინიძე ტამიშში ჩავიყვანეთ და ძმებ ცკუებისა და ბიძაშვილების - კვაცბების საფლავები გვაჩვენა... მათგან ერთ-ერთი, ვალერი ცკუა აფხაზურ დესანტს ხელმძღვანელობდა და ქართულ მხარეს დაესხა თავს. კვაცბები დაზვერვაზე მუშაობდნენ და სამჯერ დაიჭირეს ქართველებმა. სამივეჯერ გაუშვეს, მაგრამ ბოლოს მაინც დახვრიტეს და გზის პირას დაასაფლავეს.


საქართველოს უახლესი ისტორიიდან ეს ყველაზე უაზრო ომი რომ იყო, ამაზე არავინ დავობს. „მტრები" ერთმანეთის მიცვალებულებს ჰპატრონობდნენ, ჩუმად ასაფლავებდნენ. ერთმა აფხაზმა, ლუდა სალიამ გვიამბო, როგორ ჩუმად დაკრძალეს აგუძერის საავადმყოფოში გარდაცვლილი ქართველი მეომრები...


ზურაბ კოპალიანის ამბავიც მინდა მოგიყვეთ... ვახტანგ მუკბანიანის ბატალიონში მსახურობდა. გუმისთის ხიდთან გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა, ხიდს იქით აფხაზები იდგნენ, აქეთ - ქართველები. ორმხრივი სროლებისას ერთი ბიჭი, გვარად შამბა დაიღუპა. როდესაც ბრძოლა დასრულდა, იმ ადგილზე მამამისი მივიდა, შვილს ეძებდა და მდინარის ნაპირას იპოვა თურმე მისი ცხედარი. ბიჭი ისევ თბილი ყოფილა... 60 წელს გადაცილებულ მამას ხელში აუყვანია დაღუპული შვილი და გუმისთის ხიდისკენ ბარბაცით წასულა. ეს ზურა კოპალიანს დაუნახავს, მოხუცთან მისულა და თავისი ავტომატი უხმოდ გადაუცია, ცხედარი კი გუმისთის ხიდამდე თვითონ მიუტანია. მამა მდუმარედ მიჰყვებოდა... იმ ადგილას რომ მისულან, სადაც აფხაზები იდგნენ, მოხუცს ცრემლი მოუწმენდია და ზურა გულში ჩაუკრავს. შვილო, თუ ამ ომს გადაურჩი, ჩათვალე, რომ ჩემი შვილი ხარ, აი, ამ ბიჭის მაგიერიო და შვილის ცხედარზე მიუთითებია... არადა, ხომ შეიძლებოდა, სწორედ ზურას ტყვიით ყოფილიყო დაღუპული. მამას ზურას იარაღი ხელში ეჭირა, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია მისი გამოყენება.

ამიტომაც ვუწოდებ მათ ჩვენს შეცდენილ შვილებს... მე დედა ვარ, შვილი დავკარგე და მისი საფლავიც არ მაქვს, ასეთი ამბების შემდეგ აფხაზებს მაინც ვერ ვუწოდებ მტრებს...


„მე დავმალე ქართველები და მე მესროლეთ...

 

აფხაზმა მეომარმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, გვიამბო, რომ სოხუმში მძიმედ დაჭრილი ქართველი ბიჭი იპოვა.


- თუ არ ვცდები, ნონიკაშვილი იყო. ზურგით წავიყვანე სოხუმის საავადმყოფოში. დენი არ იყო და აფხაზმა ექიმებმა ლამპის შუქზე გაუკეთეს ოპერაცია. ის ბიჭი გადარჩა და როგორც ვიცი, წითელმა ჯვარმა წაიყვანა თბილისში... ბევრი დრამატული ამბავი მომისმენია, მათ შორის ისიც, რომ ჩემი ნათესავები ქართველების ოჯახს თვე-ნახევარი მალავდნენ, მერე კი ფსოუმდე მიიყვანეს. ეს ამბავი აფხაზ მეომრებსაც გაუგიათ და მათთან სახლში მისულან... უარყოფას აზრი არ აქვსო, უთქვამს ოჯახის უფროსს, ჩემი ინიციატივა იყო, მე დავმალე და მე მესროლეთო... არ ესროლეს...


ასეთი თავგანწირვის მიუხედავად, ომი მაინც იყო... ალბათ, ორივე მხარე დამნაშავე ვართ...


ლალი პაპასკირი

 


 

წყარო : wyaro
არქივი