geo_flag eng_flag rus_flag

მაია ნიკოლეიშვილი თეა თუთბერიძესა და ბაჩო ახალაიაზე სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს
- +

8 დეკემბერი. 2016. 13:41



რატომ აიკრძალა 2006 წლიდან ციხეებში დამკვირვებლებისა თუ ექსპერტების შესვლა და რა მიზნით ჩაიგდეს ხელში ეს სფერო „თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენლებმა? რა სახის ექსპერიმენტებს ატარებდნენ ბაჩო ახალაია და თეა თუთბერიძე საპატიმროებში? ამ თემაზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, მაია ნიკოლეიშვილიexpressinfo-თნ ინტერვიუში საუბრობს:


„მე მინდა, ამჯერად ვისაუბრო იმ სისასტიკეზე, რაც ციხეებში 2004 წლიდან ხდებოდა, მაგრამ არსებული მექანიზმების გამო გარეთ ინფორმაცია არ გამოდიოდა. მე, ფაქტობრივად, 2006 წელს მაქვს გაკეთებული ბოლო რამოდენიმე საექსპერტო დასკვნა, ამ პერიოდიდან უკვე ისეთი ბარიერები აღიმართა, ციხეებში ვეღარ შევდიოდით, კანონით პირდაპირ აიკრძალა. ახლა ის, რომ იქ ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი იჯდა, ამაში დღეს ეჭვი აღარავის ეპარება. თუმცა, თუნდაც დამნაშავე იყოს ადამიანი, მას სჭირდება სათანადო მოპყრობა. სააკაშვილმა თავიდანვე დაიწყო სისასტიკე, თავიდანვე მიდიოდა თითქოს შურისძიება და როგორც კი შეიზღუდა გარედან შესვლა, ციხეები იქცა საკონცენტრაციო ბანაკებად. ამ დროს არსებობდა ადამიანი, რომელსაც თავისუფლად შეეძლო შესვლა, მაგალითად, თეა თუთბერიძეს.

 

სანამ სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი, მან შექმნა სპეციალური საბჭო, რომლის წევრებსაც შეეძლოთ ციხეებში შესვლა. ეს გახლდათ იდეოლოგიურად სწორი, მაგრამ მერე რა მოხდა, უკვე გითხარით, როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, თვითონვე გააუქმა იგივე საბჭო. ამის შემდეგ ჩნდებიან გარკვეული პირები და მხოლოდ ისინი შედიოდნენ, მხლოდ „თავისუფლების ინსტიტუტიდან". რამდენი დასკვნაც მოვიდა ჩემთან, გაკეთებული იყო თეა თუთბერიძისა და ცენტრ „ემპათიას" მიერ. მოკლედ, ესენი შედიოდნენ, მონოპოლია ჰქონდათ აღებული, ნახულობდნენ პატიმრებს და „აცხობდნენ" ყალბ დასკვნებს. „ემპათია" ძირითადად ფსიქოლოგებით იყო დაკომპლექტებული, მაგრამ რატომღაც ექსპერტობაც შეითავსეს. ამ შემთხვევაში უკვე ჩანდა „თავისუფლების ინსტიტუტის" ინტერესები არასასურველი პატიმრების მიმართ.

 

მაგალითად, იყო ერთი ასეთი საქმე... მე მომმართავს ადვოკატი და მეუბნება, ერთ-ერთი ბრალდებული პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით ცილს სწამებს პოლიციის თანამშრომელს, ვითომ მან არაერთხელ სცემა. ტარდება ექსპერტიზა და პოლიციელის მიმართ იკერება საქმე. „თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენლები, თეა თუთბერიძე და ბაჩო ახალაია ამოწმებენ ბრალდებულს, ისინი წერენ ასეთ უცნაურ დასკვნას:

 

„ძლიერი ტკივილის რეაქციები, ბგერების, სიტყვების, სახის მიმიკა, ჟესტიკულაცია და სახის გამომეტყველება მიუთითებს ძლიერი ტკივილის ჭეშმარიტებაზე. ასევე ტრავმული მოვლენების დეტალური გადმოცემა და გადმოცემისას აფექტური რეაქციები, სახის ფერი, გამომეტყველება, მიმიკის თუ ჟესტიკულაციის სახით, სავარაუდოდ, მეტყველებს მეტყველების სისწორეზე".

 

ეს ადამიანი ლაპარაკობს, თუ როგორ სცემეს... სცემდა პირადად პოლიციის უფროსი ხელით და წიხლებით, მისი თავი ეჭირა უკნიდან მეორე პიროვნებას, რომელიც სახეზე არ დაუნახავს. ბაჩო ახალაია იმ პერიოდში "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენელია. ახალაია-თუთბერიძე იყო დუეტი, რომელიც დიდ საქმეებს ატრიალებდა ციხეებში. ეს ყველაფერი დაიწყო 2004 წლიდან. ასრულებდნენ დაკვეთას და ამ დროს არავის არ აინტერესებდა, რა დღეში იყვნენ რეალურად ავადმყოფი პატიმრები.

 

მაგალითად, ავიღოთ მალხაზ ზედელაშვილის საქმე... მას თითქმის ყველა დაავადება სჭირდა, რითაც კი შეიძლება დაავადდეს ადამიანი და ამავე დროს გადაადგილდებოდა ინვალიდის ეტლით. წარმოიდგინე, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ცეცხლსასროლი იარაღის შედეგად მიყენებული მოტეხილობები და ასე შემდეგ. უკვე გითხარით, ეს ადამიანი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებოდა და ჰქონდა ეპილეფსია, ანუ პერიოდული გულყრები. ის სპეციალურად არ ჭამდა, რომ თავი აერიდებინა უხერხულობისთვის, თანამესაკნეებს გაჰყავდათ ტუალეტში. მას ხელებიც პარალიზებული ჰქონდა. ამ შემთხვევაში, სულ მცირე, კანონით არსებობს სასჯელის გადავადება. თუ ადამიანს არ შეუძლია სიარული და არ საკუთარი ხელით კვება, ის არის საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი? თუ არის, მაშინ შეიძლება შინა პატიმრობა. ჩვენ ყველანაირი ექსპერტიზა ჩავატარეთ, მაგრამ მაინც დატოვეს ციხეში. სხვათა შორის, ძალიან კულტურული პიროვნებაა, მაგრამ რაკი თქვა, კანონიერი ქურდი ვარო, ამის გამო ჩააგდეს ჯოჯოხეთში. რატომ დაიწყო ციხის ბუნტი? როგორც მე მითხრეს, მალხაზ ზედელაშვილს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. სახელმწიფო სამედიცინო ექსპერტიზა ამ შემთხვევას სულაც არ თვლიდა კატასტროფად, ზედელაშვილის მდგომარეობას ვერავინ ვერ ხედავდა. აი, ამაზე თუთბერიძე არაფერს არ წერდა, მისთვის მიუღებელი იყო. მე გაოგნებული ვიყავი, სანამ ამ ადამიანის მდგომარეობა საკუთარი თვალით არ ვნახე, მაინც ვერ დავიჯერე.

 

თუთბერიძის მავნებლობა და გაყალბებული დასკვნები აუცილებლად არის გამოსაძიებელი... დღეს ეს „პროფესორი" ქალი დგას და აქეთ გვმოძღვრავს, თურმე დღევანდელი მთავრობა ვიღაცების პირად ცხოვრებაში ერევა. ღმერთო ჩემო, პირადი ცხოვრება კი არა, ციხეებში ხალხს ხოცავდნენ. ნამდვილად ასე იყო, დასკვნები ყალბდებოდა, დღეს უნდა ინახოს, რას აკეთებდნენ ეს ადამიანები.

 

მაგალითად გეტყვით კიდევ ერთ ფაქტს: კობა შუშანაშვილი - კანონიერი ქურდის, ლაშა შუშანაშვილის ძმა, რომელსაც ქურდობასთან არანაირი შეხება არ ჰქონია, ეს წესიერი ადამიანი ჩააგდეს ციხეში მხოლოდ თავისი ძმის გამო. კობა შუშანაშვილს განუვითარდა გულის იშემიური დაავადება, არითმია, შაქარი, ნევროპათია და ასე შემდეგ. პერიოდულად ეწყებოდა შეტევა, შედიოდა კარდეოლოგი, აშკარად ჩანდა მოციმციმე არითმია, მისცემდა წამალს და მაინც ტოვებდნენ ციხეში, რადგან იყო მძევალი.

 

მაგათთვის სულერთი იყო, ადამიანი მოკვდებოდა თუ დარჩებოდა, უფრო სწორად, პატიმარს ადამიანად არ აღიქვამდნენ, ძალიან ბევრი საქმეებია ჩემთან, უბრალოდ მკითხველის დატვირთვა აღარ მინდა დიაგნოზებით.

 

ვიმეორებ, 2006 წელს ჩავატარე ერთი-ორი ექსპერტიზა და ამით მორჩა, იმის მერე რა ხდებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ? უამრავი დაიღუპა, უამრავს ჰქონდა ნაწოლები. ცემის შემდეგ ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ დაკარგა სიარულის უნარი.

 

ამათ ერჩივნათ, ყველა ჰყოლოდათ ციხეში, თანაც დაჩმორებულ მდგომარეობაში. თუკი თუთბერიძე არ დაგიწერდა დასკვნას, ვერაფერს ვერ დაამტკიცებდი. აი, როდესაც ასეთ რაღაცებს ვყვები, მე თვითონ ვითრგუნები, ჯერ კიდევ ვერ დამიჯერებია, რომ ასეთი რაღაცები სინამდვილეში ხდებოდა. "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრები და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები უკვე ისე იყვნენ გათავხედებულები, ერთხელ გოგა ონიანმა მე-7 საპყრობილის დირექტორსაც კი გაარტყა და დაჭერით ემუქრებოდა",-განაცხადა ნიკოლეიშვილმა.






 

წყარო : wyaro




არქივი