geo_flag eng_flag rus_flag

„ახლა სხვანაირად დავაყენებ საკითხს! ზურაბ ჟვანია არ გაგუდულა გაზით!“ - ელენე თევდორაძის განცხადება
- +

5 დეკემბერი. 2016. 15:32

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ტელეკომპანია „პირველის" ეთერში ისაუბრა. თევდორაძემ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, გარდაცვლილი ლევან სამხარაული გაიხსენა და პროკურატურას მიმართა, დაინტერესდეს, თუ რატომ მოიკლა თავი ახალგაზრდა ექსპერტმა.

 

„ახლა სხვანაირად დავაყენებ საკითხს. საზოგადოებას ახსოვს, რომ ამ ექსპერტიზაში კიდევ ერთი ახალგაზრდა ექსპერტი იყო ჩართული, რომელმაც მერე თავი მოიკლა - ლევან სამხარაული. როცა მოხდა ექსპერტიზის დასკვნა, რამდენიმე დღის შემდეგ ის გადაყვანილი იყო პრეზიდენტის რეზიდენციაში. მე გავიცანი ეს ახალგაზრდა. გვიმზადებდა ერთ-ერთ სხდომას და სხდომამდე ორი დღით ადრე თავი მოიკლა.

 

არავინ დაინტერესდა ამ ფაქტით? რატომ მოხდა ამ ბიჭის თვითმკვლელობა? რატომ გადაიყვანეს ის იმ სამსახურიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამუშაოდ. პროკურატურა უნდა დაინტერესდეს, რატომ გადაიყვანეს და რატომ მოიკლა მან თავი?" - აცხადებს თევდორაძე.


ელენე თევდორაძე აქვე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე საკუთარ ვერსიაზე საუბრობს:


„რა არის ჩემი ვერსია? მე ვიყავი პირველი ადამიანი, რომელმაც გამოთქვა ეჭვი, რომ ზურაბ ჟვანია არ მოკვდა იმ მიზეზის გამო, რაც იყო გაცხადებული ტელევიზიით, უაპელაციოდ. იმ მომენტშივე მქონდა სერიოზული ეჭვი. საავადმყოფოში რომ მივედი, პროზექტურაში არ შემიშვეს! არ ვარ ჩართული გამოძიებაში, მაგრამ მაქვს ჩემი ხედვა ამ საქმეზე.

 

1.  იყო ჩამოსული FBI-ის წარმომადგენლობა, მათ ჩაატარეს ექსპერტიზა. რა წერია დასკვნაში? იმ გაზის რაოდენობით, თუკი გაჟონა, სიკვდილი არ დადგებოდა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ექსპერტების დასკვნა!

 

2.  მე ბატონ ზურაბთან არაერთხელ ვყოფილვარ მივლინებებში. მე ვიცი, როგორი ფრთხილი იყო ის საკვების მიმართ. იყო გურმანი, მაგრამ იყო ძალიან ფრთხილი, რადგან ჰქონდა ალერგიული მოვლენები. ვერ დავიჯერებ, ის მაგიდა, რომელიც გაშლილი იყო გაზეთზე, იყო ზურაბ ჟვანიასი...

 

3.  უსუპოვი, რომელიც იმ დღეს ჩემთან იყო კაბინეტში მოსული, ის იყო მისული ჟვანიასთან, რადგან იგეგმებოდა მისი მინისტრთა კაბინეტში გადასვლა. მოვიდა ჩემთან, სხვა საქმეზე. ამიხსენით, თუ ის იყო ზურაბ ჟვანიასთან, იყო მოლაპარაკება სამთავრობო ცვლილებებზე, მეორედ რატომ შეხვდებოდა ზურაბ ჟვანიას?!

 

მაქვს ჩამოყალიბებული აზრი, რომ ზურაბ ჟვანია ნამდვილად არ გაიგუდა გაზით!" - განაცხადა თევდორაძემ.

 

 

 

 

არქივი