geo_flag eng_flag rus_flag

„შენი ძმა ხომ ჩაძაღლდა, შენც უნდა ჩაძაღლდე“ - რა ხდებოდა სააპელაციო სასამართლოში...
- +

25 ნოემბერი. 2016. 12:18


„კორტების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში კვლავ გადაიდო", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი წერს და აქვე სააპელაციო სასამართლოში მომზადებულ რეპორტაჟს ავრცელებს.

 

„იქ აღარც „ნაცზონდერები" მოსულან, „თავისუფალი ზონიდან" და არც „ნაცმოძრაობის" კაშკაშა ვარსკვლავები დასწრებიან სხდომას - სასამართლო დარბაზში ერთ-ერთი მსჯავრდებულის (მგონი ლევან ბეროძის) დედა და ერთი ახლობელი იჯდა. აქეთ ვისხედით: იური ვაზაგაშვილის და მანანა ვაზაგაშვილი; ბატონი იურის ნამდვილი მეგობარი არჩილ კობალავა (რომელიც სიცოცხლეშიც მის გვერდით იყო და მისი მკვლელობის შემდეგ არც ერთი სხდომა არ გაუცდენია); გიორგი ბერეჟიანი და მე, ნინო მიქიაშვილი.

 

სხდომის გადადების მიზეზი ადვოკატების და მსჯავრდებულების (ირაკლი ფირცხალავა, კახაბერ ნაკანის) გამოუცხადებლობა გახდა. სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა ირმა ინასარიძემ სასამართლოს გუშინ აცნობა, რომ კუთვნილ შვებულებაში გავიდა. ადვოკატ ლევან დავითაიას სასამართლოსთვის არაფერი უცნობებია. როგორც მოსამართლემ თქვა, დღეს მისი თანაშემწე ურეკავდა, ხოლო დავითაია ტელეფონს თიშავდა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ფირცხალავას გამოუცხადებლობას - მან წერილი მეორე მსჯავრდებულს, ცააძეს გამოატანა, რომელშიც ეწერა, რომ ბატონმა ფირცხალავამ 4-5 ადამიანის წინ გაშიშვლებაზე უარი თქვა, რის გამოც მისი ბადრაგირება არ მოხდა. ფირცხალავა სასმართლოსთვის გამოგზავნილ წერილში სხდომის გადადებას ითხოვდა. მოსამართლემ იქვე, საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებს ჰკითხა, პროცესზე წამოყვანის წინ ყველა პატიმარს აშიშვლებენ და ისე ამოწმებენ, თუ ეს წესი მხოლოდ კორტების საქმეზე მსჯავრდებულებზე ვრცელდებაო. როცა პასუხი მიიღო, მოსამართლემ გამოაცხადა - თუ ბატონი ფირცხალავა ამავე მიზეზით მომდევნო სხდომაზე არ გამოცხადდება, ეს არასაპატიოდ ჩაეთვლებაო.

 

სასამართლო ადვოკატთა ბიუროს წერილობით მიმართავს და ირმა ინასარიძის საქციელზე ახსნა-განმარტებას მოითხოვს. ადვოკატ დავითაიას კი მოუწევს მომდევნო სხდომაზე წარმოადგინოს დოკუმენტი, რომლითაც დღევანდელ სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაეთვლება; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაჯარიმდება.

 

„აგერ უკვე ამდენი ხანია ვიკრიბებით და ვერ მივაღწიეთ, რომ სხდომა გაიხსნას", - თქვა მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ და სხდომა 6 დეკემბერს, 13 საათისთვის ჩანიშნა. მსჯავდებულმა ცააძემ მოსამართლეს მიმართა, ამ გადადებებმა ჩვენზე დადებითად იმოქმედა, ჩვენ უკვე გვაქვს ექსპერტიზების დასკვნები და ახლა პროცესები ჩქარ-ჩქარა ჩანიშნეთო.

 

დარბაზიდან გარეთ რომ გამოვედით, მანანა ვაზაგაშვილის დანახვაზე მსჯავრდებულ ცააძის დამ, მამამ და მამიდამ გინება და წყევლა დაიწყეს - „შენი ძმა ხომ ჩაძაღლდა, შენაც უნდა ჩაძაღლდე", - ასე მიმართავდნენ მანანა ვაზაგაშვილს", - წერს ნინო მიქიაშვილი.


 

 

 

 

არქივი