geo_flag eng_flag rus_flag

,,უკაცრავად, ბატონო ლევან, თქვენ ჯერ კიდევ არ გადამხტარხართ დაუდგენელ მდინარეში?!''
- +

20 ნოემბერი. 2016. 20:24



პატივცემულ ლევან ბერძენიშვილს რადიო „პალიტრასთან" ინტერვიუში უთქვამს, როდესაც მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა „ვეფხისტყაოსანს" დაიწუნებს, ისეთი მინისტრი ქვეყანას არ სჭირდებაო:

 

„განათლების მინისტრი არის არაორდინალური პიროვნება, მოაზროვნე კაცი და როგორც მოაზროვნე კაცი თავს აძლევს უფლებას იყოს თავისუფალი. მაგრამ ერთია, როდესაც ხარ თავისუფალი მოაზროვნე და მეორეა, როდესაც შენს ნათქვამს უყურებს ამხელა სისტემა. განათლების მინისტრმა ალბათ ამდენი თავისუფლება არ უნდა მისცეს თავს, ჩემი აზრით. მე ადამიანს ვერ დავუშლი აზროვნებას, მაგრამ მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ არ ვგულშემატკივრობ საქართველოში არც ერთ მინისტრს, რომელსაც არ აქვს ჰუმანიტარული მიმართულება. არ ვგულისხმობ, რომ აუცილებლად დიპლომი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ვისთვისაც ასახსნელია ლექსი რომ სასწავლია, იმ ხალხის მინისტრობა არ შეიძლება.

 

ამ კაცმა თქვა, რომ ვერავინ ამიხსნა, რატომ უნდა ვისწავლოთ ლექსი ზეპირად და, ზოგადად, საზეპიროებიო. რადგან ვერავინ ვერ აუხსნა, ეს ნიშნავს, რომ არ ვარგა მინისტრად, იმიტომ, რომ ეს არ არის ახსნადი, ეს არის რწმენის საკითხი. საქართველოში ყველა მინისტრი შეიძლება იყოს თამამი, თუმცა სადაც მსოფლიო ჩემპიონები ვართ, იქ განმაქიქებელი მინისტრი დაუშვებელია. „ვეფხისტყაოსანს" რომ დაიწუნებს, ისეთი მინისტრი არ გვჭირდება. კარგი კაცია. საინტერესო ლექციები აქვს, თუმცა მინისტრად არ ვარგა. ვინც უნდა დანიშნო, ვერავინ ივარგებს, იმიტომ, რომ ფული არ არის განათლების სამინისტროში".


ბატონო ლევან, ადამიანი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს არ სცნობს, როგორც პოეტს, ის მინისტრად ან პარლამენტარად ვარგა? მეტიც, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ თქვენი ერთი „მარგალიტი":

 

„ჩვენ შინაგანი აქტით ვგრძნობთ ცოცხალს და მკვდარს. გვამი რომ ნახო მიხვდები, ცოცხალია თუ მკვდარია, თუმცა იქაც შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ კიდევ უამრავი მკვდარი არსებობს.

 

მაგალითად ლამაზი ლექსი - „ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა"... ჩემი აზრით, მკვდრადშობილი ლექსია, ვიღაცის აზრით კი არის შედევრი. ეს არის შინაგანი აქტი, რომელიც წყვეტს ეს ცოცხალია თუ მკვდარია. მკვდარი სიცოცხლის მერე კი არ არის, მკვდარი არის აქ და ახლა. ყველა არასწორი აზრი არის ნარჩენი ანუ მკვდარი. ჩვენ ვცხოვრობთ ცოცხალსა და მკვდარს შორის, აქ უამრავი მკვდარია".

 

უკაცრავად, ბატონო ლევან, თქვენ ჯერ კიდევ არ გადამხტარხართ დაუდგენელ მდინარეში?!

 

გელა ზედელაშვილი 


 

წყარო : wyaro



არქივი