geo_flag eng_flag rus_flag

„დათო ჰქვია, როგორც ჩემს ძმას… ობოლია...“
- +

27 ივლისი. 2016. 21:57


...იმ ქუჩაზე ცხოვრობს,

რომელზეც მე.


დათო ჰქვია, როგორც ჩემს ძმას.


ობოლია,

არც დედა ჰყავს, არც მამა.

არც და-ძმა.

ბებია უვლის.


7-8 წლის იქნება.


ბიძამისი ციხეშია,

15 წელი აქვს მისჯილი

ვიღაც რუსი გენერლის მკვლელობისთვის.

მალე გამოუშვებენ

და მალევე მოკვდება,

გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში.


სხვა ბავშვების მშობლები ეუბნებიან,

რომ ცალკე ითამაშოს.


მამაჩემმა ჩვენთან მოიყვანა

და დიდი საზამთრო გავჭერით.

მამაჩემმა დათოს ზუსტად ისეთი ბუცები უყიდა,

როგორიც მე და ჩემს ძმას გვქონდა.


მამაჩემმა გვითხრა,

რომ დათოს სახლს რაღაც სტკივა

და ცოტა ხნით ჩვენთან დარჩება,

ან რამდენი ხანიც თვითონ მოუნდება.


ამ ლექსში ვერ დაეტევა მამაჩემი.


...


ეს ამბავი წარსულში ხდება,

ჩემს ბავშვობაში.

ტოლები ვართ მე და დათო.

ვძმაკაცობთ.


დათომ იმ საღამოს

ჩიტის გალიაში მოგროვილი

სიგარეტის კოლოფები მაჩუქა.



ნიკა ჩერქეზიშვილი


 

არქივი