geo_flag eng_flag rus_flag

როგორ გაჩნდა ტერმინი “კანონიერი ქურდი”
- +

24 ივლისი. 2016. 14:46



 1929 წელს სტალინმა გამოიძახა გპუ-ს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჰენრიხ იაგოდა:


- ჰენრიხ გრიგორიევიჩ, მე მსურს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე დაგავალოთ. თქვენი აზრით, როგორ უნდა ვებრძოლო კრიმინალურ ტალღას, რომელმაც ქვეყანა წალეკა?


- გამოსავალი ერთია, ამხანაგო სტალინ, უნდა გავაკონტროლოთ კრიმინალური სამყაროს ელიტა.


- როგორ?


- ოდესღაც ამ პრობლემაზე თავად ვილჰელმ შტიბერი მუშაობდა, ეს მან შექმნა გერმანული დაზვერა, კონტრდაზვერვა, კრიმინალური პოლიცია...


- თქვენზე კარგად ვიცი, ვინაა შტიბერი, - მკვახედ შეაწყვეტინა სტალინმა, მას არ უყვარდა, როდესაც ვინმე მის წინაშე საკუთარი ცოდნის დემონსტრირებას ახდენდა.


- მაპატიეთ, ამხანაგო სტალინ.


- გთხოვთ, საქმეზე ილაპარაკოთ.


- ჩემი აზრით, უნდა შევისწავლოთ ამ შტიბერის გამოცდილება.


- რამდენადაც მახსოვს, შტიბერი რუსეთშიაც მოიწვიეს, არა?


- დიახ.


- კეთილი, შეისწავლეთ. რამდენი ხანი დაგჭირდებათ საამოსოდ?


- ორი კვირა.


- ბევრია, გირჩევთ, ხუთ დღეში ჩაეტიოთ.


- არის, ამხანაგო სტალინ!


 შტიბერი - მაძებრების მეფე

ვილჰელმ შტიბერი (1818-1882) სამართლიანად ითვლება მაძებრების მეფედ. მან შექმნა არამარტო პრუსიის კრიმინალური პოლიცია, არამედ დაზვერვაც და კონტრდაზვერვაც. შტიბერი განათლებით იურისტი იყო და, როგორც ადვოკატმა, სახელი მოიხვეჭა, პარალელურად მისდევდა ჟურნალისტიკასაც. პოლიციის შეფმა უმალ შენიშნა მისი ტალანტი და ერთი თავსატეხი საქმის გამოძიება დაავალა. შტიბერმა საქმე გახსნა. ასე დაიწყო მისი, როგორც მაძებრის, კარიერა. წლების მანძილზე შტიბერი ებრძოდა ბანდიტებს, ქურდებს, ჯაშუშებს, კომუნისტებს. მან შეიმუშავა დამნაშავეობასთან ბრძოლის საკუთარი მეთოდი:


- კრიმინალის მოსპობა შეუძლებელია, - ამტკიცებდა შტიბერი, დანაშაული იყო, არის და იქნება. ამიტომ აუცილებელია კრიმინალური სამყაროს კონტროლი. საამისოდ კი ერთადერთი გზა არსებობს: ჩვენ კონტროლქვეშ უნდა მოექცეს კრიმინალური ელიტა. საამისოდ შტიბერმა უდიდესი სამუშაო გასწია. მან საგანგებოდ შეისწავლა ინდოეთში არსებული ქურდული კასტების სტრუქტურა, ზნე-ჩვეულებანი. ასე ჩამოყალიბდა კრიმინალური სამყაროს ელიტის პორტრეტი.


- არა ოჯახი, არა პოლიტიკა, არა გაზეთები, არა მთავრობასთან თანამშრომლობა. ეს უკანასკნელი, რასაკვირველია, დეკლარაციულ ხასიათს უნდა ატარებდეს. ელიტა ძირითადად ჩვენი ან ჩვენს კონტროლქვეშ მოქცეული პირებისაგან უნდა შედგებოდეს, რომლებიც გაარჩევენ საქმეებს, გაყოფენ ნადავლს, დასჯიან იმათ, ვინც თავის თავზე მეტისმეტად ბევრს იღებს ან ჩვენ დაგვეხმარებიან მათ დასჯაში.


აღნიშნული მოდელი გერმანიაში წარმატებით განხორციელდა. კრიმინალმა იკლო. მთავრობა აკონტროლებდა დამნაშავეობის ზრდას. შტიბერიც მთელმა ევროპამ მაძებრობისგენიად შერაცხა. მან შექმნა უნიკალური აგენტურული ქსელი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა.


სამსახურიდან გადადგომის შემდეგ შტიბერი რუსეთში მიიწვიეს. ის კონსულტაციას უწევდა დამნაშავეობასთან ბრძოლას. შტიბერისეული მეთოდი რუსებმაც გადმოიღეს:

"ქურდი" - ასე ეწოდა რუსული კრიმინალური სამყაროს ელიტის წარმომადგენელს.


სტალინის ბრძანება იაგოდამ დანიშნულ ვადაში შეასრულა. მისმა მოხსენებამ სტალინზე შთაბეჭდილება მოახდინა.


- შექმნილ ვითარებაში, როდესაც სახეზეა კრიმინალური აფეთქება, მის შესაჩერებლად არსებობს ერთადერთი გზა: კონტროლი დამნაშავეთა სამყაროს ელიტაზე. დაე, მათ გაარჩიონ საქმეები, დასაჯონ უმართავები, ან დაგვეხმარონ მათ დასჯაში. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ ჩვენი აქტიური ძალისხმევით შეიქმნას კრიმინალთა ახალი ელიტა. ძველებზე ეს იმოქმედებს.


- ანუ თქვენ გსურთ კრიმინალი კანონის ჩარჩოებში მოაქციოთ? შეეკითხა სტალინი.


- დიახ, მე მსურს შევქმნა ქურდის ახალი ტიპი, რომელიც კანონის კონტროლქვეშ იქნება, ასე ვთქვათ, კანონიერი ქურდი,

- მიუგო იაგოდამ.

ასე გაჩნდა ხსენებული ტერმინი. იაგოდაც აქტიურად მუშაობდა. მალე ვორკუტისა და მაგადანის ზონებში გაჩნდნენ პირები, რომლებიც თავს კანონიერ ქურდებს უწოდებდნენ. კანონიერ ქურდს ეკრძალებოდა ოჯახის ყოლა, პოლიტიკაში მონაწილეობა, გაზეთების კითხვა. კანონიერ ქურდად შეიძლებოდა ეკურთხებინათ მხოლოდ ის პირი, რომელიც რამდენიმეჯერ იქნებოდა ნასამართლევი. საგანგებო "სხოდკა" წყვეტდა, რამდენად იმსახურებდა ის ამას. კანონიერი ქურდი ხელშეუხებელი პირი იყო. ყველა, ვინც მას შეეხებოდა, სასტიკად ისჯებოდა.


კანონიერი ქურდები ციხეებსა და ზონებში მეფეებად გრძნობდნენ თავს. ისინი არ მუშაობდნენ, ჰყავდათ ამალა, გააჩნდათ ძალაუფლება ადამიანთა გარკვეულ ჯგუფზე.

თავად კანონიერი ქურდები უმკაცრესი ზედამხედველობის ქვეშ იყვნენ. ქურდი, რომელიც გამოდიოდა კონტროლიდან, სავალალოდ ამთავრებდა, მას ან "აფუჭებდნენ", ან ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ასევე სავალალო იყო იმ ქურდის ხვედრი, რომელიც აღარ სჭირდებოდათ. საბოლოოდ, კანონიერი ქურდები ან თავისივე ძმაკაცების, ან მილიციელების ტყვიის წერა ხდებოდნენ. ბედნიერნი იყვნენ ისინი, ვინც ნაადრევად დაბერებულნი, ავადმყოფნი, ჭუჭყსა და სიბუნძურეში ასრულებდნენ სიცოცხლეს. მათ ადგილს ახალგაზრდები იკავებდნენ. ფინალი უცვლელი იყო.


სტალინს ძალიან მოეწონა იაგოდასეული სქემა. უფრო მეტად, ვიდრე მათი შემქმნელი. იაგოდა 37-ში დახვრიტეს. კანონიერი ქურდები კი განაგრძობდნენ მოღვაწეობას.




 

არქივი