geo_flag eng_flag rus_flag

რატომ ეწოდა ლამაზ ჭალას „ავი“ და სად არის „უკვდავების წყალი“ თბილისში
- +

17 ივლისი. 2016. 13:40


ავჭალა - მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე დასახლება, მართალია, თბილისს სულ რაღაც 54 წლის წინ  შემოუერთდა, თუმცა ჯერ კიდევ IX - XII საუკუნეებში თბილისის საამიროში შედიოდა და დიდი თურქობის დროს, სწორედ აქ იზამთრებდა მტერი. დასახელება „ავი ჭალაც" სავარაუდოდ იმას უკავშირდება, რომ აქ არსებული, მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ხელსაყრელი ფონი, სხვადასხვა რჯულის მოთარეშეებს თბილისისკენ გზას უხსნიდა. ალბათ, მტერი, დარბევა და ათასი უბედურება მოდიოდა ამ მხრიდან, თორემ სხვა რა მიზეზის გამო მოიხსენიებდნენ ამ ლამაზ და უხვნიადაგიან დასახლებას ავად? მით უმეტეს, რომ აქაური სამკურნალო თვისებების მქონე წყლის გამო, რომელსაც "უკვდავების წყალსაც" კი უწოდებენ, ავჭალას უამრავი ადამიანი სტუმრობდა და დღესაც სტუმრობს, განსაკუთრებით იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეებში.


ეს ისტორია XVIII საუკუნიდან იწყება. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, კოშკის ახლოს ბარნაბე ლომიშვილისა და მრევლის ძალისხმევით, იოანე ნათლისმცემლის სახელზე ტაძარი ააგეს, რომელიც 1742 წლის 7 ივლისს, „მესიას" შობის დღეს, საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ნიკოლოზმა აკურთხა. იმავე წელს ძლიერმა მიწისძვრამ ტაძრის შესასვლელი ჩამოანგრია. სტიქიით დაზიანებული ადგილების მონახულებისას მეფე თეიმურაზს კოშკიც დაუთვალიერებია და იოანე ნათლისმცემლის ტაძარშიც ულოცია.

 


1990 წელს, ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, 1994 წლიდან კი დედათა მონასტერი ამოქმედდა. პატარა ტაძარმა მრევლი ვეღარ დაიტია და 2000-2001 წლებში, იმავე ეზოში იოანე ნათლისმცემლის მშობლების, ელისაბედისა და ზაქარიას სახელობის ტაძარი ააშენეს.

„ავი ჭალას" პოპულარობამ 1927 წელს, საქართველოს საზღვრები გადალახა. საბჭოთა ეპოქაში აქ, ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტროსადგური ააშენეს, რომლის არქიტექტორული ნაწილის ავტორებს შორის არის ანატოლი კალგინი, რომელიც ასევე არის იმ შენობის ავტორი, სადაც დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსია განთავსებული.


წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა


 

არქივი