geo_flag eng_flag rus_flag

ვინ იყო სილა ზანდუკელი და რა კავშირი აქვს ცნობილ სანდუნოვის აბანოებთან?
- +

12 ივლისი. 2016. 13:34


 

   მეთვრამეტე საუკუნეში ქართველი მსახიობები სხვადასხვა ქვეყანაში ასეთი მიმოფანტულები და ცნობილები არ იყვნენ. ნამდვილი გამონაკლისია სილა სანდუნოვი, რომელმაც ძალიან მოკლე დროში შეძლო პოპულარობის მოპოვება. სილა სანდუნოვი გახლდათ კეთილშობილი ქართული საგვარეულოს, ზანდუკელების წარმომადგენელი. მამამ შვილებს კარგი განათლება მისცა. სილას უმცროსი ძმა, ნიკოლოზი, მოგვიანებით მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. განათლებულობისა და დახვეწილი მანერების დახმარებით, ის დედაქალაქის მაღალ საზოგადოებაში საკმაოდ იოლად მიიღეს, რაც მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, იშვიათი გამონაკლისი იყო მსახიობისთვის.

    იმ პერიოდში მსახიობობა საკმაოდ დაბალი დონის პროფესიად მიიჩნეოდა. სილა სანდუნოვმა აქტიორული კარიერა 1776 წლიდან დაიწყო. ჯერ მოსკოვში, შემდეგ - სანკტ-პეტერბურგში, თავიდანვე იოლად მიაღწია პოპულარობასა და აღიარებას. ის ძირითადად, კომიკურ როლებს თამაშობდა - თვალთმაქც მსახურებსა და ლაქიებს. როგორც ამბობდნენ, არაჩვეულებრივი გარდასახვის უნარით გამოირჩეოდა. მისი ბაგეებიდან გაცვეთილი ხუმრობებიც კი ისე გარდაიქმნებოდა, თითქოს იმწუთას, სცენაზე დაბადებულიყო. სანკტ-პეტერბურგიდან მსახიობი ისევ მოსკოვში დაბრუნდა, სადაც სარეჟისორო კუთხითაც მოსინჯა საკუთარი ძალები. მაყურებელთა შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა როგორც რეჟისორი, ისე მსახიობი. კომედიური როლების უზადოდ შესრულების გარდა, სილა სანდუნოვი „ჩრდილოეთის პალმირამ" საოცარი რომანის, ფანატიკური მიჯნურობის ისტორიით გაიცნო, ასეთ სიყვარული სილას საოპერო მომღერალ ელისაბედ ურანოვასადმი ჰქონდა. ლიზინკა, როგორც მას უწოდებდნენ, მიჯნურზე ბევრად უმცროსი იყო. სხვადასხვა წყარო სხვადასხვა ასაკს ასახელებს - თექვსმეტს, ოცდაერთ წელს. სილას ქალიც თანაგრძნობით პასუხობდა, მაგრამ მათ ქორწინებას, სამუდომო შეერთებას წინ გადაეღობა ტიტულოვანი, ასაკოვანი თავადი - ბეზბოროდკო.

მთელი ოპერის თეატრი თავად ბეზბოროდკოს ელისაბედის შევიწროებაში ხელს უწყობდნენ. ერთ-ერთი როლის შესრულებისას სილამ ლექსი წაიკითხა, სადაც მოკლედ აღწერა მისი და ლიზას მდგომარეობა და თეატრის ხელმძღვანელობის ინტრიგები მათი სიყვარულის წინააღმდეგ. ამ ლექსს მაყურებელმა ოვაციები მოაყოლა, ყველა მიხვდა, თუ რაში იყო საქმე. მაგრამ, ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც ელისაბედმა გააკეთა. როგორც კი წინაღობა გაჩნდა, ქალმა ქართველი შეყვარებულის გამო ისეთი რამ ჩაიდინა, რაც იმ საზოგადოებაში მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა. 1791 წლის 11 თებერვალს, საოპერო სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ელისაბედი მუხლებზე დაეცა, მთელი დამსწრე საზოგადოებისა და რაც მთავარია, დედოფლის წინაშე და შეჰღაღადა: დედოფალო, დამიხსენი!" და გადასცა წინასწარ დაწერილი წერილი, სადაც სთხოვდა, როგორმე აერიდებინა მისთვის ბეზბოროდკოს დევნა და ნება დაერთო, თავის რჩეულს, სილა სანდუნოვს გაჰყოლოდა ცოლად. სხვათა შორის, არსებობს ვერსია, რომ ეს ამბავი ალექსანდრ პუშკინმა „კაპიტნის ქალიშვილის" ფინალში გამოიყენა. რაც შეეხება ამ ქალის უდიდეს გრძნობას, მოგვიანებით, რუსულ საზოგადოებაში ერთი ასეთი ამაღელვებელი ამბავიც გახდა ცნობილი: ბეზბოროდკოს ოთხმოცი ათასი მანეთი გაუგზავნია ელისაბედისთვის ასიგნაციით და ქალს ფული უკანასკნელ ქაღალდამდე ბუხარში დაუწვავს.

დედოფალმა მაშინვე მოხსნა თეატრის მმართველობიდან ყველა ის მოხელე, ვინც ბეზბოროდკოს ხელს უწყობდა. 14 თებერვალს სილამ და ელისაბედმა ჯვარი დაიწერეს.(ეს არის 14 თებერვალს - სიყვარულის დღის აღნიშვნის კიდევ ერთი მიზეზი.) მას შემდეგ, რაც ეკატერინემ მომღერალი თავადის მომაბეზრებელი ყურადღებისგან იხსნა, გამოთქვა სურვილი, ახალგაზრდების ჯვრისწერაზე თავადვე ყოფილიყო ხელისმომკიდე. განსაკუთრებული მზრუნველობის აღსანიშნავად კი, დედოფალმა მეფე-პატარძალს იშვიათი სილამაზის ბრილიანტის სამკაული აჩუქა, რომლის ფასი იმ დროისთვის ძალიან დიდი იყო.

სილა სანდუნოვს საკმაოდ მამაცი ქალი შეუყვარდა, რომელმაც პირდაპირ სცენიდან გაბედა დედოფლისთვის თხოვნით მიმართვა. გარკვეული დროის შემდეგ სანდუნოვები მოსკოვში გადავიდნენ, სადაც მათი საქმეები ისე კარგად ვერ აეწყო. დიდების შარავანდედით შემკულმა მეოხმა დედოფალმა თქვენი ჭირი წაიღო. მოსკოვში ხელფასი არ ჰყოფნიდათ, თან, ქალაქსაც ვერ გაუშინაურდნენ. მაშინ სილამ, ერთი შეხედვით, საკმაოდ სარისკო ნაბიჯი გადადგა - გადაწყვიტა, აბანოების გახსნა.

 

 

სანდუნოვებმა ნაჩუქარი ბრილიანტი გაყიდეს, რის ფასადაც მდინარე ნეგლიანკის მიდამოებში მამული იყიდეს. 1806 წელს დაიწყო მშენებლობა და 1808 წელს აბანომ პირველი მომხმარებელი მიიღო. სულ ცოტა ხანში, აბანომ არანაკლები პოპულარობა მოიპოვა, ვიდრე მისი მეპატრონე სარგებლობდა მაყურებელს შორის. გალიაროვსკის თქმით ამ აბანოში დადიოდა მთელი გრიბოედოვისა და პუშკინის მოსკოვი". 1810 წლისთვის ელისაბედი საცხოვრებლად ისევ პეტერბურგში გადავიდა. ამ დროისთვის ის და სილა ერთმანეთს, როგორც ამბობენ, ხასიათების შეუთავსებლობის გამო დასცილდნენ.

 

 

დღეისთვის მთელ მოსკოვშია ცნობილი „სანდუნოვების აბანო", რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ფეშენებელურ ნაგებობად იქცა სხვადასხვა ყოფითი დანიშნულების განყოფილებებით. მათ შორისაა გასართობი ცენტრი, სავაჭრო დახლები, თვით სანოტო მაღაზიაც კი. აბანომ მრავალი ტრადიცია დაამკვიდრა. იქ იმართებოდა შემოქმედთა და ამა ქვეყნის ძლიერთა საქმიანი შეხვედრები, ვაჭრის ქალიშვილები ქორწილის წინ სწორედ „სანდუნებში" განიბანებოდნენ ხოლმე. აქ ასევე, აღნიშნავდნენ დღესასწაულებს. ალბათ, გახსოვთ, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო საახალწლო ფილმში ბედის ირონია ანუ გაამოთ", ახალი წლის შეხვედრა აბანოში, რასაც ფილმის მთელი სიუჟეტის კოლიზიები მოჰყვა. ის სცენები სწორედ აქ, ამ აბანოშია გადაღებული. თუ რა დატვირთვა ჰქონდა აბანოს მაშინდელ მოსკოვში, ამის მიხვედრა იოლია ამ ფაქტითაც.

 

სალომე გველესიანი


 

არქივი