geo_flag eng_flag rus_flag

აბა ვერის ბაღში მნახე ვინა ვარ!
- +

10 ივლისი. 2016. 15:36

 

 

ძველი ვერა და გმირთა მოედანი


ძველი თბილისის მოქეიფეთა საყვარელ, ორთაჭალის ბაღებს („ორთაჭალის ბაღში მნახე ვინა ვარ „), XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, ვერის ბაღების რესტორნების სახით სერიოზული კონკურენტები გამოუჩნდა;  იქ მომხდარი ამბები კი დღესაც სახალისო და საინტერესოა. მაგალითად, საჭიდაო ხალიჩაზე ქალის და მამაკაცის შეჭიდება ოცდამეერთე საუკუნეშიც გვაოცებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მუსიკოსისათვის ნაჩუქარ შავ ბრილიანტზე.

"გასულ კვირას, როგორც გავიგეთ, ვერის ბაღებში მოჭიდავე ქალებს დიდი ქეიფი გაუმართავთ. ქეიფს მოჰყოლია ჭიდაობა, ერთი მოჭიდავე ქალი რომ შეზარხოშებულა „ძაჰლა" წაუღია - თუ ყოჩაღები ხართ დამეჭიდეთო. ამ დროს შემთხვევით გაუგია არღანჩიკ ბაბაჭუას და დასთანხმებია. ჭიდაობა გაგრძელებულა სამ წუთს. ერთი „მოგვერდით" ბაბაჭუას ძირს დაუცია მოპირდაპირე და გვერდები სულ ერთიან მიულეწ-მოულეწია. დანჯღრეული მოჭიდავე ქალი ერთ გრგვალ ულვაშ გაპარსულ კაცს ( ბოროტი ხმები ამბობენ  ქართული თეატრის აქტიორი იყოვო), მუხლებზე შესმული და ყვავილებში ჩაფლული დროგით წაუსვენებია „იუჟანეს"საყუდელში," -წერს "ცნობის ფურცელში" ვინმე მხიარული მკვდარი.
1898 წელი. 29 ოქტომბერი

 

 

რომელ რესტორანში მოხდა ეს ამბავი, უცნობია. სამაგიეროდ, მეორე ისტორიის გეოგრაფია ვიცით ზუსტად.

რესტორანი „ედემი", სადაც თბილისის მმართველობამ, დედაქალაქში სტუმრად მყოფ დიდ მთავარს, მიხეილ ნიკოლოზის ძეს(რომანოვი) უმასპინძლა, ამჟამინდელი თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე მდებარეობდა და ზოოპარკის გახნამდე, 1927 წლამდე ფუნქციონირებდა. განსაკუთრებული სტუმრისთვის მომღერალიც განსაკუთრებული მიუწვევიათ - მთელს იმერ-ამერში ცნობილი, თბილისში „ბულბულად" მონათლული აბდულ-ბაღია თავისი დასტით. შემსრულებლის ხმით აღტაცებულ თავადს ეჭვი შეჰპარვია, ადამიანს ასეთი ხმა არ ექნებაო და უბრძანებია პირის გაღება. როდესაც ვერანაირი დამხმარე ინსტრუმენტი ვერ აღმოაჩინა, განმეორება ინება და სიამოვნებისგან მოჯადოებულმა, თითიდან სამკარატიანი შავი ბრილიანტის ბეჭედი წაიძრო და თავად გაუკეთა მარცხენა ხელის ნეკზე. თუმცა სიურპრიზი ამით არ დამთავრებულა; ორი შეკვრა  ათუმნიანებისგან თერძს, იქვე ააწყობინა ასანთის ღერებით ჩოხა და ამგვარად შემოსილიაბდულ-ბაღია  კიდევ 25 წუთი ატკბობდა სტუმარ-მასპინძლებს.
როგორც „ძველი თბილისის მუსიკოსების" ავტორი, ალექსი ბარნოვი წერს, ბრილიანტის ბეჭედი მომღერალს, სიცოცხლეშივე გადაუცია ბაქოს მუზეუმისთვის.


 

წყარო : wyaro
არქივი