geo_flag eng_flag rus_flag

Check in Georgia-ს ფარგლებში შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი იწყება
- +

15 ივლისი. 2016. 12:54


პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი იწყება.

დღეს ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, ფესტივალი 27 გრემის მფლობელის, ამერიკელი კომპოზიტორის, მესაყვირის, არანჟირების ოსტატისა და მუსიკალური პროდიუსერის, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი ჯაზის მუსიკოსის ქუინსი ჯონსის პროექტით გაიხსნება. მსმენელები ბათუმის ჩოგბურთის კლუბში შესვლას 20:00 საათიდან შეძლებენ.


კონცერტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

სამინისტროს ინფორმაციით, მუსიკოსი ქართველ მსმენელს პროექტს - QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS  (ფეატ. RICHARD  BONA, ALFREDO RODRIGUES, JACOB  COLLIER) თავად წარუდგენს და 3 ახალგაზრდა ნიჭიერ ვირტუოზს - რიჩარდ ბონას, ალფრედო როდრიგესს და ჯაკობ კოლიერს გააცნობს. მუსიკოსები მსმენელს 3 საათიან პროგრამას შესათავაზებენ.


საიუბილეო, რიგით X ფესტივალში, ტრადიციულად, მსოფლიოში ცნობილი შემსრულებლები მონაწილეობენ. კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება.


ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ BRASS BAND-ების კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, უცხოელი შემსრულებლების გარდა, ბათუმის კოლონადებთან კონცერტებს ქართული ჯაზ-ბენდები გამართავენ.


 

არქივი