geo_flag eng_flag rus_flag

კასიუს მარცელიუს კლეი, იგივე მუჰამედ ალი, იგივე მსოფლიო კრივის ლეგენდა!
- +

4 ივნისი. 2016. 13:45



ამ ნარკვევის გამოქვეყნებას მოგვიანებით ვგეგმავდით, თუმცა, დღეს NBC-მ გაავრცელა ცნობა, რომ ქალაქ ფინიქსის კლინიკაში გარდაიცვალა ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოკრივე - მუჰამედ ალი...


მისი ცხოვრება სავსე იყო აღმასვლებითა და იმედგაცრუებით, იყო დაპატიმრებული, რამდენჯერმე ჩამოართვეს ბრძოლით მოპოვებული ჯილდოები, თუმცა თავად არასდროს შეცვლილა, მუდამ უდარდელ ლუისვილელ ჭაბუკად დარჩა, რომელმაც 16 წლის ასაკში გადაწყვიტა, მსოფლიო დაეპყრო და საწადელს მიაღწია კიდეც.


2008 წელს ერთმა ამერიკულმა ტელეკომპანიამ გადაცემაში მიიწვია სამი მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონაში, ლეგენდარული მოკრივეები ჯო ფრეზერი, ლარი ჰოლმსი და ჯორჯ ფორმენი. თუმცა ყველამ მიაქცია ყურადღება, რომ სტუდიაში ერთი ცარიელი სავარძელი კიდევ იდგა.


გადაცემის მსვლელობისას არცერთ მათგანს ქება-დიდება არ მოჰკლებია, აღმატებული ეპითეტები არავის დაუშურებია და მათ ეს თავიანთი სპორტული მიღწევებით დაიმსახურეს. უეცრად წამყვანმა გამოაცხადა, რომ გადაცემაში მონაწილეობას კიდევ ერთი დიდი ჩემპიონი მიიღებდა: სტუდიაში წელში მოხრილი, ხელებაკანკალებული ჭარმაგი მამაკაცი შემოვიდა: რაოდენ დიდი უნდა ყოფილიყო ეს კაცი, რომ სამივე ლეგენდა წამსვე ფეხზე წამოუდგა, მიეახლენ, როგორც რომის დიდ კეისარს და სავარძლამდე მიაცილეს. მანაც შეიფერა, ღიმილით მიესალმა და ღირსეულად დაიკავა ტახტი, რომელზე ასვლასაც თავისი ახალგაზრდობა და ჯანი შესწირა და რომელზე დაჯდომაც მის შემდეგ გაჩემპიონებულმა და სპორტულ ოლიმპზე ასულმა მოკრივეებმაც ვერ გაბედეს.


დღესაც ყველა დიდი ჩემპიონი იძახის, დიახ, მე მსოფლიოში საუკეთესო ვარ, მაგრამ სამყაროს მხოლოდ ერთი დიადი ჰყავდა და მისი სახელია - მუჰამედ ალი.


1942 წლის 17 ივნისს კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილის შავკანიანთა უბანში დაიბადა ყმაწვილი, რომელსაც ლიტერატურისა და ისტორიის მოყვარულმა მამამ კასიუს მარცელიუს კლეი უწოდა. თორმეტი წლისას ველოსიპედი უყიდეს, მაგრამ იმავე დღეს უბნის ბიჭებმა წაართვეს და შუბლზე გვარიანი კოპითაც დააჯილდოეს. ატირებული ბავშვი იქვე მყოფ პოლიციელთან მივიდა და დახმარება სთხოვა, წესრიგის დამცველმა მიუგო: მე კი შევეცდები, გიპოვო და დაგიბრუნო, მაგრამ სჯობს, თავის დაცვა ისწავლოო. რჩევის მიცემით არ დაკმაყოფილდა და თავად უტარებდა ქუჩური ჩხუბის გაკვეთილებს. ამ პოლიციელს ჯო მარტინი ერქვა და მან ჩაუნერგა პატარა კასიუსს, რომ თუ გამარჯვება გინდა, მოწინააღმდეგეზე უფრო სწრაფი უნდა იყო, რადგან კრივში ყველაფერი წამებში ხდებაო.


კასიუსი თავის ეზოში აგროვებდა ქვებს, შემდეგ უმცროს ძმას ავალებდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ქვები მისთვის დაეშინა, თავად კი ცდილობდა, ეს ქვების წვიმა აეცილებინა. ორი-სამი თვე ჩალურჯებული დადიოდა, მაგრამ მერე ქვებმა ისედაც მოძველებულ კედელს სულ მოაცილეს ბათქაში.


ამ ამბებიდან ოთხ წელიწადში, ლუისვილის კრივის დარბაზში ტელეფონთან უხმეს უკვე საკმაოდ გამოცდილ მწვრთნელ ანჯელო დანდის. ყურმილში ახალგაზრდა ბიჭის ხმა გაისმა: მასა დანდი, მე კასიუს კლეი ვარ, უნდა ამიყვანოთ. პირობას გაძლევთ, ორ წელიწადში ოლიმპიური ჩემპიონი გავხდები, მერე კი -მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალი. რამდენი წლის ხარო, ჰკითხა ანჯელომ. თექვსმეტისო, იყო პასუხი. მოგვიანებით ანჯელო დანდი ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ იმ დღეს ენაზე მომდგარი ირონიის მაგიერ წამოსცდა - დარბაზში გელოდებიო. 2 წლის მანძილზე დანდი აფიქსირებდა ამ ბიჭის საოცარ პროგრესს, როგორ უცებ, ყოველგვარი სირთულის გარეშე ითვისებდა კრივის საიდუმლოებებს და როგორ თამაშ-თამაშ უსწორდებოდა რინგზე თავისზე ბევრად გამოცდილ ოპონენტებს, საოცარი სიმსუბუქისა და სისწრაფის ხარჯზე იოლად იცილებდა მოწინააღმდეგეების მძიმე მუშტებს.


1959 წელს 17 წლის კლეიმ მოიგო დიდი სამოყვარულო ტურნირი „ოქროს ხელთათმანი", ჩაირიცხა ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში, ხოლო კიდევ ერთ წელიწადში რომში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.


ახლად გამომცხვარი ჩემპიონი მშობლიურ ლუისვილში დაბრუნდა და შევიდა კაფეში, რომელსაც ამშვენებდა წარწერა „მხოლოდ თეთრკანიანებისთვის". მალევე მასთან ოფიციანტი მივიდა და გამოუცხადა, ზანგებს არ ვემსახურებითო და გარეთ გამოაგდეს. ახალგაზრდა ჩემპიონის თავმოყვარეობას გვარიანი ალიყური გააწნეს. კასიუსი მდინარე ოჰაიოსკენ გაემართა და ოლიმპიური ოქროს მედალი წყალში გადააგდო; თუმცა თავდაუზოგავი ვარჯიში არ შეუწყვეტია, რადგან დანდისთვის მიცემული პირობიდან ჯერ მხოლოდ ერთი ჰქონდა ასრულებული. იმხანად ოლიმპიური ოქროს მედალი პროფესიული რინგის რეიტინგში მე-9-მე-10 ადგილს ნიშნავდა. კლეის საჩემპიონო ქამარი სურდა, მაგრამ მას ჯერ სათანადო ავტორიტეტი არ გააჩნდა. აი, აქ მსოფლიომ გაიცნო სულ სხვაგვარი კასიუს კლეი. მომენტს არ უშვებდა, რომ ჟურნალისტებისა და სატელევიზიო კამერების წინ პატარა სპექტაკლი არ მოეწყო. თეატრალურად გაჰყვიროდა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო იყო, რომ იმდროინდელ ჩემპიონს სონი ლისტონს ყურებს აახევდა, რომ ის იყო ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მამაცი, კულტურული და მხიარული. რომ ყველას მისთვის უნდა მიებაძა, რადგან სწორედ ის იყო უდიადესი. პროფესიული კრივის ბოსები გაოცებას ვერ მალავდნენ, ბევრი რამის მნახველები ამ ბიჭის თავდაჯერებულობას ტრაბახად აღიქვამდნენ, თუმცა ისინი მთავარს ვერ ამჩნევდნენ, კლეი პოპულარული ხდებოდა, მართალია, ზოგჯერ სასაცილო, მაგრამ მაინც შესამჩნევი და პოპულარული. მასზე უკვე საუბრობდნენ ლუდის ბარებში და არისტოკრატულ სალონებში. ტახტისკენ მიმავალი გზა ფანტასტიკურად სწრაფი გამოდგა; ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ სონი ლისტონმა ყველა პრეტენდენტს მოუგო და მისთვის საინტერესო მოწინააღმდეგე უბრალოდ აღარ დარჩა, იყო მხოლოდ ეს მეტიჩარა და მკვეხარა ზანგი. თავისდა საუბედუროდ, ლისტონმა ვერ დაინახა, რომ ამ ყოყლოჩინობას ზურგს საკრივო ოსტატობა, უშიშრობა და ახალგაზრდა მხეცის დაუკმაყოფილებელი ინსტინქტი უმაგრებდა. ვერც მართალია, უკვე მობერებულ, მაგრამ მაინც დიდ არჩი მურთან კლეის იოლმა გამარჯვებამ აუხილა თვალი უკვე ჩამოსაგდებად განწირულ ჩემპიონს და 1961 წლის თებერვალში კასიუს კლეი სატიტულო ბრძოლაში სონი ლისტონს ხვდება. კლეის უპირატესობა იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ მე-7 რაუნდში მოწინააღმდეგის მწვრთნელებმა ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვეს და მიზეზად მხარის ტრავმა მოიდეს. 22 წლის კასიუს კლეიმ ანჯელო დანდის ყველა დანაპირები აუსრულა, თუმცა გაჩერება არც უფიქრია, განსაკუთრებით რინგს მიღმა აქტიურობდა, გაზეთები მისი სკანდალური გამოსვლებით იყო აჭრელებული; ყველასთვის მოულოდნელად, „შავი მუსლიმანების" სექტაში გაწევრიანდა, რელიგია და გვარ-სახელიც გამოიცვალა. ამ დღიდან გამარჯვებებს მუსლიმანი მუჰამედ ალის სახელით აღწევდა. ალიმ უარი უთხრა პროფესიონალთა ასოციაციის ბოსებს, შეხვედროდა ვინმეს და ტიტული დაეცვა. მას ჯერ სონი ლისტონთან ჰქონდა საბოლოო ანგარიში გასასწორებელი. ასოციაციის პრეზიდენტმა ბობ ევანსმა ალის ტიტული ჩამოართვა. ამასობაში ალიმ უკვე სხვა ასოციაციის ვერსიით რამდენიმე წამში ნოკაუტით დაამარცხა სონი ლისტონი და ეს უკანასკნელი საკრივო არეალიდან სამუდამოდ გაქრა. ამას მოჰყვა სატიტულო გამარჯვებები ფლოიდ პატერსონთან, ზორა ფოლისთან, კანადელ ჯორჯ ჩუვალოსთან, ინგლისელ ჰენრი კუპერთან,  ბრაინ ლონდონთან და 1967 წლის 6 თებერვალს მის მაგივრად გაჩემპიონებული ერნი ტერელის ჯერიც დადგა. გამხეცებულმა ალიმ მოწინააღმდეგე სისხლიან ხორცის ნაჭერს დაამგვანა. ყოველი რაუნდის შემდეგ მიდიოდა მასთან და ყურში უჩურჩულებდა, „ერნი, კიდევ გახსოვს, რა მქვია?". ერნის ტანჯვა მე-15 რაუნდში დასრულდა, ალის მუშტებისგან ნახევრად დაბრმავებულს მოძრაობა აღარ შეეძლო. ალი მეორედ გაჩემპიონდა, თუმცა ამ ჯერზეც ტახტზე მისი ჯდომა დიდხანს არ გაგრძელებულა. იმხანად ამერიკა ვიეტნამს ეომებოდა და სამხედრო ფორმაში გამოწყობილი უძლეველი ჩემპიონი პატრიოტიზმის ასამაღლებლად სჭირდებოდათ, როგორც ეს თავის დროზე ჯეკ დემპსიმ და ჯო ლუისმა გააკეთეს. ალიმ ფიცის მიღებაზე უარი განაცხადა „მე ვიეტნამელებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვსო!" სამედიცინო კომისიაზე თავს ისულელებდა, ამერიკის პრეზიდენტი უილიამ შექსპირიაო, ხოლო სიდნეი სადღაც აქვე კანადაში მდებარეობსო, ამბობდა. ეს უკვე მხოლოდ კრივის ასოციაციის კი არა, მთელი ნაციის გამოწვევა იყო. ბობ ევანსმა მეორედ ჩამოართვა ალის ჩემპიონის ქამარი. ერთი თვის შემდეგ კი სასამართლომ 5 წლით პატიმრობა და 10000-დოლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა არც ერთ ამ სანქციას განხორციელება არ ეწერა.


ახლა დროის ქრონოლოგიას ცოტა დავარღვევ და მუჰამედ ალის ეპატაჟური ქცევებიდან კიდევ ერთ, მეტად საინტერესოზე გიამბობთ, რომელიც 1978 წელს მოხდა. გაგანია ცივი ომის პერიოდში ალი მოსკოვში ჩავიდა. დილის 5 საათზე გაღვიძებულმა სასტუმრო „მეტროპოლიდან" წითელ მოედნამდე ირბინა, ლენინის მავზოლეუმს მიუახლოვდა და ყარაულის გამოცვლის ცერემონიას დაესწრო. ეს უკვე საბჭოელებისთვისაც მეტისმეტი იყო - ნახევრად შიშველი ზანგი წმიდათაწმინდა ადგილზე, მაგრამ მისი ჩამოსვლის პოლიტიკური სარჩული იმდენად მაღალი იყო, რომ ხმა არავის ამოუღია. შემდეგ იყო შეხვედრა ბრეჟნევთან და ორდღიანი ვიზიტი ტაშკენტში. ალის ამ მოგზაურობაში თან ახლდა ცოლი ვერონიკა, რომელიც, როგორც გამოირკვა, ხელმრუდობითაც გამოირჩეოდა. უზბეკეთში გამართული საზეიმო ვახშმიდან სრულიად მშვიდად იპარავდა ვერცხლის დანა-ჩანგალს და ჩანთაში იწყობდა, მოგვიანებით ალისთან განშორებისას არც მას დააკლო და გვარიანად გაძარცვა. როგორც იქნა, მივედი ჩემი თხრობის იმ მონაკვეთთან, რის გამოც გადაწყვიტე, დღეს ამ დიად მოკრივეზე მესაუბრა. ალიმ მოსკოვის „ცსკა"-ს დარბაზში საჩვენებელი ბრძოლა გამართა სამ რუს მძიმეწონოსანთან: გორსტკოვთან, ზაევთან და ვისოცკისთან თითო რაუნდი იკრივა, ამის შესახებ ადრევე იყო ცნობილი და მეც ჩემს ორ მეგობართან ერთად მოსკოვს გავემგზავრე. როდესაც ბილეთების ასაღებად სალაროსთან მივედი, რიგის ბოლო არც კი ჩანდა. ის იყო უკან გამობრუნებას ვაპირებდი, ჩემი ყურადღება ახალგაზრდა წყვილმა მიიპყრო, რატომღაც ჩავთვალე, რომ ესენი კრივის დიდი მოყვარულები არ უნდა ყოფილიყვნენ და რიგშიც მაშინ გავრცელებული ჩვეულების გამო იდგნენ. ჩვეულება კი ასეთი გახლდათ. როდესაც რამე უჩვეულო და უცხოური იყიდებოდა, იმწამსვე უსასრულო რიგები დგებოდა. ზოგმა ისიც არ იცოდა, რის საყიდლად იდგა საათობით ამ ზედახორაში. მოკლედ, მივედი ამ ახალგაზრდებთან და სამი მანეთი შევთავაზე, თუ რიგს დამითმობდნენ. ბიჭმა ერთი გახედა გოგოს, გაიცინეს, მკითხეს, რიგი რაზეაო, როცა ვუპასუხე, მწვანე სამმანეთიანი გამომართვეს და ხელიხელგადახვეულები თავის გზას დაადგნენ. ასე მომეცა საშუალება, მენახა კრივის ლეგენდა, თუმცა, ეს ის არ იყო, რასაც ველოდი; გვარიანად მოსუქებული ალი ზანტად გადაადგილდებოდა რინგზე და ხელებსაც უილაჯოდ, მოვალეობის მოხდის მიზნით იქნევდა. მხოლოდ მესამე რაუნდში, როდესაც ვისოცკიმ შეტევა გაბედა და ერთი-ორჯერ მიზანსაც უწია, ყველაფერი წამებში შეიცვალა, რინგზე უკვე მრისხანე ჩემპიონი იდგა, ვისოცკიმ ორი-სამ დარტყმას გაუძლო და მისდა ბედად, გონგმაც დროზე მოუსწრო, თორემ არა მგონია, თავისი ფეხით შინ დაბრუნება მოეხერხებინა. ეს ის დროა, როცა განუმეორებელი მუჰამედ ალი თავის საოცარ კარიერას ასრულებდა,


ისევ უკან ვბრუნდები:-1970 წელს ამერიკის უმაღლესმა სასამართლომ ალის მიმართ გამოტანილი სანქციები გააუქმა და სამწლიანი უქმობის შემდეგ დიდი ჩემპიონი მესამედ შეუდგა გზას დიადი ტახტისკენ, რომელსაც მის არყოფნაში ახალი და ღირსეული მოკრივეები დაეპატრონენ. ამ გზაზე ალიმ დაამარცხა თანამედროვეობის უდიდესი მოკრივეები ჯო ფრეზერი და ჯორჯ ფორმენი, ეს ის ჯო ფრეზერია, რომელიც არავის და არაფერს ეპუებოდა და რომლის გამძლეობაზეც ლეგენდები დადიოდა, თუმცა ალისთან ვერ გაძლო, მართალია, არ დავარდნილა, მაგრამ როგორც შემდეგ თავადაც აღიარა, პირწმინდად დამარცხდა. ეს ის ჯორჯ ფორმენია, რომელმაც მოგვიანებით, 42 წლისამ მღვდლის ანაფორა გაიხადა, რინგზე დაბრუნდა, ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე მეტოქეებს ბდღვირი ადინა და 45 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონის რანგში წავიდა სპორტიდან და ეს ორი დიდი მოკრივე იყო სწორედ იმ სპორტულ ტელეგადაცემაში, ვინც ფეხზე წამოუდგა ოდესღაც დაუძინებელ მტერს და პატივით მიაცილა სავარძლამდე, რომელიც იმ წუთში დიდი კეისრის ტახტი იყო და მასზე დაჯდომის უფლება მხოლოდ დიადს, კასიუს მარცელიუს კლეის, იმავე მუჰამედ ალის ჰქონდა.



 

არქივი