geo_flag eng_flag rus_flag

მანანა მაჩაბელი: მერაბს ბევრი სტკიოდა…
- +

26 მაისი. 2016. 21:31


შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ფსიქოლოგი მანანა მაჩაბელი ამბობს, რომ მას ღმერთისგან წილად ხვდა არაჩვეულებრივი საჩუქარი მეგობრების სახით. მის სამეგობროში მრავლად იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებსაც დღეს ყველანი ძალიან კარგად ვიცნობთ, მათ შორის არიან გურამ დოჩანაშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია თამაზ სანებლიძე, ზურაბ ჩაჩხიანი, და სხვანი. ქალბატონი მანანა მაჩაბელი „რეპორტიორს" მერაბ კოსტავაზე ესაუბრა.


- რას გვეტყვით თქვენი და მერაბ კოსტავას ურთიერთობაზე?


- ცოტა რთულია ასეთ გრანდიოზულ პიროვნებაზე საუბარი. მერაბი მე-9 კლასიდან, როდესაც გოგოები და ბიჭები შეგვაერთეს, უკვე გადასული იყო ნიჭიერთა ათწლედში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კლასთან ურთიერთობა გაეწყვიტა. უცხო თვალი ალბათ ვერც მიხვდებოდა, რომ ეს ადამიანი ამ კლასში არ სწავლობდა. სულ ჩვენთან იყო. მე და მერაბს, რომ გითხრათ ყოველდღიური ურთიერთობა გვქონდა-მეთქი - არა, მაგრამ ხშირი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენი შეხვედრები ძირითადად მუსიკაზე კამათსა და საუბარს მოიცავდა. კონცერტს არ გამოტოვებდა და ასევე მუსიკის ტრფიალი მეც გახლდით. ოპერა და ბალეტი ხომ წარმოუდგენელი იყო. ყველა სპექტაკლი ძალიან ბევრჯერ გვქონდა ნანახი. ძირითადად ვისხედით ან ბოლო იარუსზე, ან კიბეებზე, მაგრამ არც გვარიშვილობა წაგვერთვა და არაფერი დაგვკლებია იმის გარდა, რომ ბევრი რამ შევიძინეთ ამ მუსიკით.


- ძალიან ბევრი სირთულე გადაიტანა, ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დააპატიმრეს ზვიად გამსახურდიასთან ერთად და შემდგომშიც არაერთი გადასახლებისა და დაპატიმრების მსხვერპლი გახდა. ხომ არ მოახდინა რაიმე გავლენა მასზე ამ წინააღმდეგობებმა, ან სულიერად ხომ არ გატყდა?


- მერაბს და ზვიადს არაჩვეულებრივი მეგობრობა ჰქონდათ, მე ასეთი მეგობრობა და მხარში დგომა არასდროს მინახავს. 1956 წელს ჩვენი კლასელი ბიჭები დაიჭირეს, ვინც წამოიწყო ეროვნული საქმიანობა. მერაბი გამოაწრთო ყველა იმ გაჭირვებამ.

 

მერაბმა ციხე, გადასახლება და ეს გაჭირვებები სამჯერ გადაიტანა. თითოეული ციხიდან გამოსვლა, გადასახლებიდან დაბრუნება მას ზრდიდა და ვერც იმას იტყოდი, რომ ფიზიკურად იყო დაჩაჩანაკებული. სულიერად კარგი ბიჭიდან, მუსიკისა და პოეზიის მოყვარულიდან, ის ჩამოყალიბდა ეროვნულ გმირად, განსაკუთრებით ციხიდან მესამედ გამოსვლის შემდეგ.


- თვითონ რას ამბობდა მერაბ კოსტავა ამ წინააღმდეგობებზე?


- მერაბი გოგოებთან არასდროს ახსენებდა იმ მძიმე დღეებს, რაც მას გადასახლებაში და ციხეში ჰქონდა გამოვლილი. ერთად რომ ვიკრიბებოდით, უკვე მესამედ გამოსვლის შემდეგაც კი, მიუჯდებოდა როიალს, უკრავდა, ლექსებს ვამბობდით.


მახსოვს, ქეიფების შემდეგ კარგად შეზარხოშებულები მთაწმინდაზე რომ ავდიოდით. მერაბიც, ისევე როგორც მე, პოეზიის დიდი მოყვარული იყო. გიჟდებოდა გალაკტიონზე. თითქმის 12 წლიდან წერდა. ხანდახან მეც ვუკითხავდი ჩემს ლექსებს. ხან გალაკტიონის ძეგლთან ვდგებოდით, ხან ვაჟას ძეგლთან. წაგიკითხავთ ერთ ამონარიდს მისი ლექსიდან, რომელსაც „გალაკტიონი" ჰქვია:

 

„რომ ელვის მფრქვევი ლურჯა ცხენებით

ვინაც დასთრგუნა სიალფე ქარის,

ვისაც ლოკავდნენ ცეცხლის ენები

მას ვერ აქცევენ პოეტად კარის".


მერაბი თითქოს წინასწარმეტყველი იყო თავის პოეზიაში თავისი ცხოვრების. წაგიკითხავთ ერთ ამონარიდს ლექსიდან „თუ გიქადაგებ ქვეყნად ჰუმანიზმს", რომელიც იმ საშინელ ტანჯვამდე და იმ პერიოდამდე დაწერა, რაც ციხეში გადაიტანა.


„თუ გიქადაგებ ქვეყნად ჰუმანიზმს

კიდევაც შესძელ ტანჯვის ატანა"...


ის ამ ტკივილებს მართლა იტანდა, ცარიელი სული იყო. როგორ გაუძლო მისმა ხორცმა ამას, როგორ გადარჩა, როგორ არ მოაწერა ხელი, რომ გამოეშვათ, რამდენიმე საათში შეიძლება ოჯახში ყოფილიყო... აი, კიდევ ერთი ამონარიდი მისი ლექსიდან:


„იქ თავგანწირვა გაგიღებს კარებს,

ფათერაკს მკერდით გადაუდექი.

მოძმეთ იმედი არ წარუხოცო

ადამიანო, იყავ უდრეკი,

იყავ უშიში, ვითა უხორცო".


- რა იყო მისი ინტერესის სფერო?


- პოეზიის დიდი მოყვარული იყო. ასევე უყვარდა მუსიკა. ძალიან უყვარდა მუსიკიდან ბეთჰოვენი და მოცარტი და პოეზიიდან - გალაკტიონი. თუმცა, ყველა ჩვენი პოეტი იცოდა და უყვარდა, მაგრამ კელაპტარი მისთვის გალაკტიონი იყო. მუსიკაში კი ბეთჰოვენი.


- ხომ ვერ გვეტყვით, რამ მოახდინა მასზე გავლენა, რამაც გაუღვიძა ეროვნულობის იდეა?


- როდესაც ჩვენ სკოლაში ვსწავლობდით, საბჭოთა კავშირი ძალიან ძლიერი იყო. ჩვენ ვსწავლობდით ისეთ საგანს, როგორიც არის სსრკ-ს კონსტიტუცია, მაგრამ ჩვენ გვყავდა ისეთი პედაგოგები, მაგალითად სამხარაძე, რომელიც ისტორიას გვასწავლიდა. მაშინ საქართველოს ისტორიის წიგნი ძალიან პატარა იყო, სსრკ-ს ისტორიის კი - სამი უშველებელი წიგნი. თუ ნახავდა, რომ სსრკ-ს ისტორია გადაშლილი გვაქვს, ორიანს არ აგვაცილებდა. სამაგიროდ საქართველოს ისტორიას დიდი სიყვარულით გვიკითხავდა.


ასევე იყო ოჯახები, რომლებსაც ბევრი ჰქონდათ გამოვლილი 1924-1937 წლებში. მართალია, მსუბუქად ლაპარაკობდნენ ამ ყველაფერზე, რადგან ჩვენ პატარები ვიყავით და რამე არ წამოგვცდენოდა. ვიზრდებოდით ბიბლიაზე, რომელიც ჩვენს ოჯახებში საგულდაგულოდ იმალებოდა, რათა „КГБ"-ს არ ეპოვა. კონსტანტინე გამსახურდიას შვილის, ზვიადის უახლოესი მეგობარი იყო. კონსტანტინეს ოჯახში თითქმის იზრდებოდა. ამანაც ძალიან დიდი როლი ითამაშა მერაბის იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში. რაც მთავარია, ერთმორწმუნე და ერთი აზრის ბიჭები შეიკრიბნენ და ეს იდეა სულ იყო. მერაბი ასევე ბევრს კითხულობდა, არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურასაც, სადაც სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლების იდეა გამოკვეთილად მოდის. რასაც კითხულობდა, მისთვის გააზრებული და გათვითცნობიერებული იყო. მერაბს ბევრი სტკიოდა და ამიტომ დადგა ასეთი პიროვნება.




 

არქივი