geo_flag eng_flag rus_flag

ნინო დუმბაძე: „სამოსელი პირველი“ ახალგაზრდამ წავიკითხე, მაგრამ ემოციები დღემდე მახსოვს
- +

25 მაისი. 2016. 13:54



31 მაისს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დიდი სცენა კომპოზიტორ ზაზა მარჯანიშვილის განსხვავებული და ორიგინალური პროექტის „სამოსელი პირველი" მასპინძელია. აღნიშნული პროექტი კომპოზიტორმა ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით შექმნა. სპექტაკლში გაერთიანებულია საოპერო, საბალეტო, სახვითი ხელოვნების და დრამატული თეატრის ელემენტები, მრავალფეროვანი 180-კაციანი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად.


ორ, ერთმანეთისგან განსხვავებულ როლს, მამიდა არიადნას და პოლკოვნიკის მეუღლე სტელას, ქართველი მსახიობი ნინო დუმბაძე ითამაშებს. „რეპორტიორი" რეპეტიციაზე ესტუმრა ნინო დუმბაძეს და პროექტის შესახებ, მის პირველ ემოციებზე და მოლოდინებზე ესაუბრა.


- რა განიცადეთ, როდესაც გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი" წაიკითხეთ?

 

- პირველი ემოცია იყო აღფრთოვანება. სიგიჟემდე მიყვარს გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები „სამოსელი პირველი". პირველად ახალგაზრდამ წავიკითხე და შთაბეჭდილებები დღემდე მახსოვს. ეს ნაწარმოები ქართველების უმრავლესობას ძალიან მოსწონს.


- არის თუ არა რთული 180-კაციან შემოქმედებით ჯგუფთან ერთად მუშაობა? აქამდე თუ გქონიათ მსგავი გამოცდილება?

 

- რთულია 180-კაციან შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობა. დებიუტია ჩემი ასეთ პროექტში მონაწილეობა. ძირითადად თეატრში ვმუშაობ, სპექტაკლში მაქსიმუმ 20-30 კაცი იყო დაკავებული.


- სპექტაკლში ჩართულია ხელოვნების თითქმის ყველა სფერო. რას ფიქრობთ, რამდენად საინტერესო გადაწყვეტილებაა?


- ძალიან საინტერესო უნდა იყოს შერწყმა. ოპერა, ბალეტი, დრამატული თეატრი, მხატვრობა, ყველაფერი ერთად დიდებული აღსაქმელი იქნება.

 

- თქვენ ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული როლი გაქვთ. რამდენად გაითავისეთ და მოგწონთ პერსონაჟები?


- ძალიან მომწონს ჩემი როლი. მამიდა არიადნა, კეკლუცი ქალბატონი, კარგი პერსონაჟია და მინდა, იდეალური გამომივიდეს. მსახიობები ორ-ორ როლს ვთამაშობთ, ზოგს სამიც უწევს. მეორე როლიც ასევე საინტერესოა, ცოტა პატარაა მოცულობით, მაგრამ კარგი ეპიზოდია. პოლკოვნიკის მეუღლე სტელას ვთამაშობ. ეს ორი როლი რადიკალურად განსხვავებულია, ამიტომაც უფრო საინტერესოა.

 

- სპექტაკლის დასრულების შემდეგ რა ემოციებს ელოდებით პარტერიდან?

 

- არის საინტერესო მხატვრობა და მუსიკა. ხანდახან ცრემლიც მადგება მოსმენისას და მსახიობებმაც თუ შევმატეთ ამ ყველაფერს რაღაც საინტერესო, ძალიან კარგი ემოციით დატოვებს მაყურებელი ოპერის თეატრს.


- მხოლოდ რეჟისორთან გიწევთ მუშაობა თუ ბატონი გურამ დოჩანაშვილიც არის ჩართული?


- ბატონი გურამი ჩართულია პროექტში, რა თქმა უნდა, მაგრამ მსახიობებს მაინც რეჟისორთან გვიწევს ჯერჯერობით მუშაობა.

 

„სამოსელი პირველის" პრემიერა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა ბალეტის თეატრში 31 მაისს გაიმართება. 


 

 

არქივი