geo_flag eng_flag rus_flag

ბაჩო ჩაჩიბაია: „სამოსელი პირველი“ იქნება ახალი სიტყვა თეატრის ისტორიაში!
- +

25 მაისი. 2016. 00:06


მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა „სამოსელი პირველი" ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური პროექტია, რომელიც მთელი საქართველოს თეატრების მსახიობებს აერთიანებს ერთ სპექტაკლში.


ახალი სიტყვა თეატრის ისტორიაში - ასე აფასებს პროექტს ერთ-ერთი მონაწილე ბაჩო ჩაჩიბაია „რეპორტიორთან" საუბრისას. ჩაჩიბაიას თქმით, მისთვის ეს პროექტი რთულია, რადგან 180-კაციან ჯგუფთან მუშაობა ადვილი არ არის, მაგრამ  ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარულია, რომ მონაწილეობას იღებს ამ სპექტაკლში.

 

„პრემიერიდან გამოსული მაყურებელი ემოციის გარეშე არ დარჩება და ძალიან დიდხანს გაჰყვება თეატრიდან გამოსულს ეს ემოცია", - ამბობს ჩაჩიბაია.


- თქვენი როლის შესახებ რომ გვიამბოთ, როგორ მიიღეთ ეს როლი? რა დაგეხმარათ მუშაობაში?

 

- ჯერ ვერ ვიტყვი, როგორ გავითავისე და რა დამეხმარა, რადგან ჯერ კიდევ რეპეტიციებია. როცა ორი-სამი დღე რჩება, მაშინ ვხვდები. სპექტაკლის დროს კიდევ  რაღაცეები ემატება. დარბაზში როცა მაყურებელი ზის, ეს კიდევ ცალკე ადრენალინია, რაც მიყვარს ამ პროფესიაში. მით უმეტეს, რომ ეს სპექტაკლი ოპერის სცენაზე უნდა ვითამაშო.


საინტერესოა თვითონ ფორმა, რაც კეთდება და რაზეც კეთდება „სამოსელი პირველი".


„სამოსელი პირველი" არ არის მარტივი წიგნი, ვისაც წაკითხული აქვს, ცოტა გაუკვირდება, ეს სპექტაკლი დაიდგას, მაგრამ მგონია ეს იქნება უზომოდ სინტერესო. ჯერჯერობით რასაც ვხედავ, რაც კეთდება - ფორმა, მუსიკა, რეჟისურა, სცენები, რომლებზეც ახლა ვმუშაობთ, ძალიან კარგია.


მაყურებელი რომელიც ამ სპექტაკლზე მოვა, ტაშს არ დაუკრავს ზრდილობის გამო, რეაქცია იქნება ის, რომ ამ სპექტაკლზე მოსვლით მიიღებს სიამოვნებას. პერსონაჟი რომელსაც მე ვასრულებ, არის ძალიან ბოროტი, მკვლელი, სინამდვილეში ფინალში იგებ, ის ვინ არის.


- რთულია თუ არა, 180-კაციან შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობა?


- ძალიან რთულია. ჯერჯერობით ყველა მსახიობი ერთმანეთს ვერ შევხვდით. თბილისის თითქმის ყველა თეატრიდან არიან მსახიობები მოწვეული. ძალიან ცოტა დრო გვაქვს, ერთი დღეც არ მახსოვს ისე, რომ ყველას გვქონოდა თავისუფალი დღე.


- „სამოსელი პირველი" იქნება თუ არა თქვენს ცხოვრებაში ტრამპლინი?


- ამპარტავნობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ „სამოსელი პირველამდეც" მითამაშია სხვა როლები, ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, რომ ეს იქნება ტრამპლინი, სადაც ჩემს სიტყვას ვიტყვი. ძალიან საინტერესოა ეს სპექტაკლი ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ „ქეთო და კოტეში" ვცეკვავდი. პატარა სცენაზე ემოციების გადმოცემა ადვილია, მაგრამ როცა ოპერის  სცენაზე თამაშობ, უფრო რთულია და ვცდილობ, ამისთვის მოვემზადო.


- თუ შეხვდით თავად გურამ დოჩანაშვილს?


- პირადად ბატონ გურამ დოჩანაშვილთან ჯერჯერობით შეხვედრა არ მქონია, მთლიანად რეჟისორს ვარ მინდობილი.

 

- როგორ ფიქრობთ, რა ემოციას დაუტოვებს სპექტაკლი მაყურებელს?


- ეს არ იქნება ჩვეულებრივი სპექტაკლი, ამ სპექტაკლით მაყურებელს ძალიან დიდი ემოცია გაჰყვება და ეს ემოცია არ  დამთავრდება ტაშის მერე.  მე მიყვარს ისეთი სპექტაკლები რომლის ნახვის შემდეგაც ძალიან ბევრს ვფიქრობ და ეს იქნება ზუსტად ასეთი.

 

- ფიქრობთ თუ არა, რომ ეს პროექტი არის ახალი სიტყვა თეატრის ისტორიაში?


- როცა ოპერის სცენაზე თამაშობს ამდენი მსახიობი, ოპერის მომღერალი და კეთდება გრანდიოზული პროექტი,  ვთვლი, რომ  ეს ერთ-ერთი ახალი სიტყვა, ახალი ხილი იქნება  თეატრის ისტორიაში მინდა, მადლობა გადავუხადო რეჟისორს და მთელ შემოქმედებით ჯგუფს, ვინც ამ პროექტს აკეთებს.


„სამოსელი პირველის" პრემიერა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში 31 მაისს გაიმართება.


 

არქივი