geo_flag eng_flag rus_flag

დავით კობეშავიძე: ერთმა ორსულმა მითხრა – დედამთილმა სტაფილოს ჭამა ამიკრძალა, სტაფილოკოკი შეგეყრებაო!
- +

23 მაისი. 2016. 20:29



ამბობენ, თუ კამეჩი გააკავეს და ორსული ქალი მის ქვეშ გაძვრა, იოლი მშობიარობა ექნებაო. ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებით უამრავი სხვა მითიც არსებობს, ამიტომ საინტერესოა პროფესიონალის აზრი - მათგან რომელია სიმართლე და რომელი - ცრურწმენა? - ვესაუბრებით მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ დავით კობეშავიძეს.


- საერთოდ, როგორც კი ქალი ფეხმძიმდება, ახლობლებსა და ნათესავებს, როგორც წესით, თითო რჩევა მაინც აქვთ გამზადებული. ყველაზე გავრცელებული ცრურწმენა პიგმენტურ ლაქას ეხება: თუ ორსული ქათმის ნაღველს შეეხება და შემდეგ იმ ხელს სხეულის რომელიმე ნაწილზე მოისვამს, ბავშვს სწორედ იმ ადგილზე მუქი ლაქა ექნებაო.


- მეცნიერულად ასეთ  კავშირს ვერ ვპოულობ, მაგრამ ტყუილს ნამდვილად ვერ ვიტყვი - ჩემი მეგობრებისგან გამიგია, რომ ეს რეალური ფაქტია! თავის დროზე ამ ადამიანების დედები ქათმის ნაღველს შეეხნენ, ის ხელი გარკვეულ ადგილას მოიკიდეს და მათ შვილებს დღეს იმ ადგილზე პიგმენტური ლაქა აქვთ.


- თუ მომავალი დედა ორსულობის დროს ქსოვითაა გატაცებული, ბავშვს ყელზე ჭიპლარი ექნება შემოხვეული?

 

- აბსურდია, ჭიპლარის შემოხვევა სულ სხვა მიზეზით ხდება. რაც ჭიპლარშემოხვეული ბავშვი გაჩენილა, ყველას დედა რომ ქსოვდეს, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა. ქსოვა, ზოგადად, ძალიან კარგია, რადგან ნერვებს ამშვიდებს.


- არ შეიძლება, ბავშვს ტანსაცმელი დაბადებამდე, წინასწარ უყიდო, თორემ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებაო?

 

- პირიქით, ორსულს რაც უფრო სასიამოვნო ემოციები ექნება, და ამას მომავალი ბავშვისთვის ტანსაცმლის შეძენაც იწვევს, მით უკეთესია. იაროს მაღაზიებში, ყოველდღე მომავალ ბავშვზე იფიქროს: რას ჩააცმევს, სად და როგორ დააძინებს, მაგრამ რა სჯობია?


- ჩემი შვილი სამშობიაროდან რომ გამოგვყავდა, მახსოვს, ერთმა ბებიამ ახალდაბადებულ ბავშვს იარლიყიანი ტანსაცმელი მიუტანა - ეტყობა, ამ მითითებას იქ მკაცრად იცავდნენ.

 

- უკეთესს გეტყვით: ერთმა ორსულმა, იცით, რა მითხრა? დედამთილმა სტაფილოს ჭამა ამიკრძალა, სტაფილოკოკი შეგეყრებაო. გავრცელებულია აზრი, რომ ორსულმა 9 თვის მანძილზე თმა არ უნდა შეიჭრას, თორემ ამით მომავალ ბავშვს სიცოცხლეს შეუმოკლებს. ორსული ჩვეულებრივი ჯანმრთელი ქალია, ამიტომ რაც უფრო მოვლილი და მოწესრიგებული იქნება, მით უკეთესი მისი შვილისთვის. ორსულებო, იმდენჯერ წადით სილამაზის სალონში, რამდენჯერაც გული მოგთხოვთ და შვილებიც თქვენსავით ლამაზები გეყოლებათ! რაც შეეხება თმის ღებვას, ამ შემთხვევაში სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც ზოგიერთი საღებავი ქიმიურ ზემოქმედებას იწვევს, ამიტომ შეღებვის მომხრე ნამდვილად არ ვარ.


- ორსულობისას მომავალ დედას არამხოლოდ სარეცხის გაფენას, არამედ ხელების ზევით აწევასაც უშლიან, ბავშვს ჭიპლარი შემოეხვევაო.

 

- ფარდების დაკიდება ჭიპლართან არანაირ კავშირში არაა, მაგრამ დიდხანს ხელებაწეული დგომა ფიზიკური დატვირთვაა და რიგ შემთხვევაში, საშვილოსნოს ტონუსის მომატებას იწვევს. ჭიპლარის შემოხვევა ხდება მუცლად ყოფნისას ნაყოფის მოჭარბებული მოძრაობის დროს, ან თავად ჭიპლარის სიგრძის გამო. თუ გნებავთ, ექოსკოპიის სურათებს გაჩვენებთ, რომელთა მიხედვით მშობიარეთა 80%-ს ეს პრობლემა აქვს. ნაყოფისთვის ასეთი მდგომარეობა საშიში ხდება არა მუცლად ყოფნისას, არამედ მშობიარობის დროს, ამ შემთხვევაში კი სიტუაცია აუცილებლად ექიმმა უნდა აკონტროლოს. რაც შეეხება დედის როლს, მან ცხოვრების ჯანსაღი წესით უნდა იცხოვროს, სუფთა ჰაერზე ისეირნოს, ჰიპოქსიისგან თავის დასაცავად ჰემოგლობინი აკონტროლოს და მაინცდამაინც ფერდებს ნუ ჩამოკიდებს!


- ორსულმა უსიამოვნო სანახაობას არ უნდა უყუროს, თორემ ბავშვი უშნო ან წითური დაიბადებაო!

 

- სანახაობასა და წითურობას შორის რა კავშირია, არ ვიცი! მომავალმა დედამ უსიამოვნო სურათს ნამდვილად არ უნდა უყუროს, რადგან ამ დროს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნება ხდება, რაზეც საშვილოსნო მყისიერად რეაგირებს და იკუმშება! სხვათაშორის, ზედმეტი დადებითი ემოციებიც ასევე მავნეა, ამიტომ ორსულობისას ზომიერების დაცვაა აუცილებელი. კომპიუტერთან დიდი ხნით ყოფნის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, იმიტომ, რომ ამ დროს ტვინის ქერქი მუდმივად აგზნებულია, რაც ასევე ტონუსის მომატებას იწვევს, მაგრამ რაც შეეხება თმის ფერს, ამას გენი განსაზღვრავს!


- ორსულმა თუ კამეჩის მაწონი მიირთვა, ბავშვი 11-თვიანი დაიბადებაო?

 

- აი, ამაში კი არის ჭეშმარიტების მარცვალი, რადგან კამეჩის მაწონი საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ჰორმონს, რომელიც ორსულობის გახანგრძლივებას, ანუ პროლონგირებას იწვევს და ამის მაგალითს ძალიან ხშირად შევხვედრივარ! ამ შემთხვევაში ორსული მშობიარობა არა მე-40, არამედ 42-ე, 43-ე კვირას. რაც შეეხება გაკავებული კამეჩის ქვეშ გაძრომას, ეს პირველად გავიგე! თუმცა, მსმენია, რომ მაგიდის ქვეშ 3-ჯერ გაძრომით მშობიარობა ვითომდა იოლდება. მაგრამ ეს უფრო ფსიქოლოგიური მომენტია და არა - ფიზიოლოგიური.


- ზურგზე ძილი არ შეიძლება, ბავშვი მოიგუდებაო!

 

- ზურგზე, ძილის დროს შესაძლოა, ორსულს პულსი აუჩქარდეს. ზურგზე წოლისას გაზრდილი საშვილოსნო ხერხემალზე დიდ დატვირთვას ახდენს, ასე რომ, ამ პოზაში წოლა დედისთვის რეკომენდებული არ არის და უნდა შეიცვალოს. ბავშვის მოგუდვა კი უკვე ორგანული პათოლოგიის დროს ხდება.


- ამბობენ, თუ ორსულობისას ხელში კატას აიყვან, მომავალ ბავშვს ბევრი მტერი ეყოლებაო...

 

- ვაიმე, ასეთი რამ ნამდვილად არ გამიგია! მტრობა არ ვიცი, მაგრამ კატას ტოქსოპლაზმოზი გადააქვს და თუ ორსულის სახლში აუცრელი კატაა, ნამდვილად საშიშია.


- ფეხის ფეხზე გადადებით ბავშვი დაგრეხილი გამოვაო.

 

- არავითარ შემთხვევაში! საერთოდ, მომხრე ვარ, რომ ორსულს როგორც სურს და როგორც მოსწონს, 9 თვე ისე გაატაროს და თუ ყირაზე დგომა ურჩევნია, დადგეს!


- წეღან მაგიდის ქვეშ გაძრომა ახსენეთ და მახსოვს, სამშობიარო სახლში ერთი ქალი საწოლის ქვეშ ძვრებოდა, მშობიარობა იქ სურდა.

 

- აბსოლუტურად მესმის მისი. კომუნისტების დროს ქალი აუცილებლად იძულებით პოზაში სპეციალურ მაგიდაზე მშობიარობდა. ფეხზე და წყალში მშობიარობა გამორიცხული იყო, მაგრამ თუ ქალს, რომელიმე პოზა მშობიარობას უმსუბუქებს, დაე, ისე იმშობიაროს!


- როცა ნაყოფი მუცელში გაინძრევა, იმ დროს დედა ვისაც შეხედავს, ბავშვი მ ას დაემსგავსებაო!

 

- ჩემს მაგალითს გეტყვით: მე და ჩემი მეუღლე თვითმფრინავით ვმგზავრობდით, როცა ჩემი უფროსი შვილი მუცელში გაინძრა. გარშემო სულ ზანგები ისხდნენ და ხათუნამ მათ შეხედა, მაგარმ ქათქათა ბიჭი გაჩნდა და მე მგავს! ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა, დუმბაძისა არ იყოს, „დაბადების დრო ჩატარებულ აქტს უნდა ემთხვეოდეს", ბავშვი კი ან დედას დაემსგავსება, ან - მამას!


- ორსულობის დროს სექსი ბავშვის ტრავმას იწვევსო.

 

- აბსოლუტური ტყუილია! პირველ ტრიმესტრში სექსისგან თავის შეკავებას ვურჩევთ, რადგან მუცლის მოშლისა და ინფექციის შეჭრის საშიშროება არსებობს, შემდეგ კი სექსს არავინ კრძალავს. პირიქით, მესამე ტრიმესტრში სექსს მივესალმებით, რადგან ამით ვადაგადაცილებული მშობიარობის პრევენცია ხდება!


- მართალია, რომ გულძმარვა ბავშვის თმიანობის ნიშანია?

 

- ცნობილია ამერიკელების მიერ ჩატარებული გამოკვლევა, სადაც დაკვირვების ქვეშ მყოფ ორსულ ქალებს გულძმარვა ჰქონდათ, ბავშვები კი მართლაც შესამჩნევად თმიანები დაიბადნენ. ქათმის ნაღვლისა არ იყოს, ამასაც მეცნიერული ახსნა არა აქვს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება!


- დაბოლოს: ნამდვილად იბადებიან თუ არა ქუდბედიანი ბავშვები?

 

- კი, მაგრამ იშვიათი შემთხვევაა. ქუდბედით დაბადება სიმდიდრისა და წარმატების ნიშნად ითვლება. ქუდბედი სანაყოფო გარსია, რომელიც ხანდახან მუცლად ყოფნის დროს ბავშვს თავზე ეკვრის და მასთან ერთად იბადება. ეს, უბრალოდ, კარგი ამბავია და მეტი არაფერი. ისე, ბროლიასი არ იყოს, მთლად ქუდბედის იმედად ნუ იქნებით - გამდიდრება და სახელის მოხვეჭა მაინც თვითონ მოგიწევთ.

 

 

 

ესაუბრა თამარ ოქრუაშვილი

 

 

 


 

წყარო : wyaro
არქივი