geo_flag eng_flag rus_flag

ოთარ ჯორჯიკია: სპექტაკლი „სამოსელი პირველი“ პატარა სახელმწიფოა, სადაც ყველას თავისი როლი აკისრია
- +

ავტორი ანა ფერაძე

23 მაისი. 2016. 19:13


 

„რეპორტიორი ესაუბრა მსახიობ ოთარ ჯორჯიკიას, რომელიც მონაწილეობს მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა „სამოსელი პირველში". ჯორჯიკიას თქმით, ის მოხარულია, რომ ამ მაშტაბის პროექტში იღებს მონაწილეობას, რომელიც ძალიან ბევრი პროფესიის ადამიანს აერთიანებს.


 „მთავარია, შემოქმედებითმა ჯგუფმა კარგად იმუშაოს და მაყურებელმა შემდგომ განსაჯოს მისი ავკარგიანობა", - აცხადებს ჯორჯიკია.


- რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ ამ პროექტში მიღებდით მონაწილეობას?


- ძალიან გამიხარდა როცა ამ პროექტში როლი შემომთავაზეს. როცა გავეცანი პირობებს, სიხარულით ჩავერთე პროექტში.

 

- როგორია, იმუშაო 180-კაციან შემოქმედებით ჯგუფთან ერთად?

 

- რა თქმა უნდა, ეს რთულია. თითქოს პატარა სახელმწიფოა, სადაც ყველას თავისი როლი აკისრია, ყველას თავისი მოცემულობა აქვს, რითაც უნდა იხელმძღვანელოს. თითოეული მსახიობის პროფესიონალიზმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

- კონკრეტულად თქვენს როლზე რას იტყვით?

 

- ჩემი პერსონაჟი ანტონიო მღებავი ბიჭია. როლს რაც შეეხება, რთული იმდენად არ არის. აქ მუსიკა ყველაფერს ამბობს.

 

- თქვენი აზრით, რა ემოციით გამოვა მაყურებელი პრემიერიდან?


- ვისაც ეს ნაწარმოები წაკითხული აქვს, შედარება უნდა გააკეთოს წიგნს და სპექტაკლს შორის, თუ როგორ გააკეთა ეს შემოქმედებითმა ჯგუფმა, რომელსაც მუსიკა, ბალეტი და ბევრი სხვა რამ აქვს დამატებული. ეს არის ხელოვნების ყველა სფეროს ერთგვარი სინთეზი. ეს ყველასთვის დიდი სიახლეა.


- გიმუშავიათ თუ არა ამხელა მასშტაბის პროექტზე, სადაც ამდენი პროფესიის ადამიანია გაერთიანებული?


- მიმუშავია მსგავს პროექტზე, მაგრამ ამდენად მაშტაბურზე არა.

 

- რა მოლოდინები გაქვთ სპექტაკლთან დაკავშირებით, გაცდება თუ არა ეს ქვეყნის საზღვრებს და გექნებათ თუ არა გასტროლები?


- მინდა, რომ ყველაფერი იდეალურად გავაკეთოთ, შემდეგ ჩვენს ნამუშევარს შეაფასებს პუბლიკა. ეს არის სიახლე, რომელიც მაყურებელმა უნდა მიიღოს და განსაზღვროს მისი ავკარგიანობა და ბედი. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.

 

„სამოსელი პირველის" პრემიერა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში 31 მაისს გაიმართება.


 

 

 

არქივი