geo_flag eng_flag rus_flag

სტუმრად ეგზოტარიუმში ,,სხვა“ თეკლა კვაჭაძესთან
- +

18 ივლისი. 2016. 16:59


 

გაგვიმართლა, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც შხამიანი და ფატალურად საშიში მწერები,რეპტილიები და ცხოველები ძალიან იშვიათად გვხვდება.გველები ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ... ჩვენს ქვეყანაში დაბალია განათლების დონე ამ მხრივ. ვიცით, რომ თუ გველს გადავეყრებით, ცოცხალი არ უნდა დავტოვოთ. LIVENEWS-ის ჟურნალისტი ესაუბრა ,,სხვა" თეკლა კვაჭაძეს - პიროვნებას, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ეგზოტიკურ ცხოველებს და გვასწავლის, რომ ისინი არც ისე ცუდები და საშიშები არიან, როგორც წარმოგვიდგენია და გვსმენია...

როგორი დამოკიდებულება გქონდა ბავშვობაში მცოცავ არსებებზე?

ბავშვობაში არ მეშინოდა. ზოგადად, ბავშვობიდან გვინერგავენ შიშს გველებისადმი. მე გამიმართლა. დედაჩემმა მასწავლა რომ არ უნდა შემშინობოდა. მაინც ცდილობდნენ, რომ მათ არ მივკარებოდი,მაგრამ მერე უკვე ხვლიკები მიმყავდა სახლში, გველებიც და ჩემები ხელს მიწყობდენ. შეიძლება ისე არ უყვართ ეს სამყარო,როგორც მე, მაგრამ მიჩვეულები არიან. ჩემთან სახლში „დომხალია". ძალიან ბევრი რაღაცა მყავს. 13-მდე გველი, ხვლიკები, მწერები...  ჯერ იმიტომ,რომ პროფესიის ნაწილია და როგორც სანტექნიკოსს სჭირდება ქანჩები, ისე მე მჭირდება გველები და მეორეც, ლამაზები არიან და ძალიან მომწონს. თან მარტივი მოსავლელები არიან. სჭირდებათ ტერარიუმი სადაც იცხოვრებენ, სუბსტრატი,რომელიც ძალიან ადვილი საშოვნელია და დეკორი შენი გემოვნების მიხედვით. კვირაში ერთხელ სჭირდებათ კვება, თუ ორი,ან სამი კვირის შემდეგ აჭმევ არც ეგაა პრობლემა. ეს სამყარო ძალიან ლამაზია, ბევრისთვის ამოუცნობი...

გამიგია,გველები ბრმები არიანო...

ბრმები არიან, მაგრამ ყნოსვის რეცეპტორები ადამიანზე 300-ჯერ მეტად აქვს განვითარებული. ასევე, ვიბრაციით გრძნობენ საფრთხეს და სხეულებს აღიქვამენ სითბურად, შეიძლება მთლიანად არ გამოჩნდეს სხეული,მაგრამ წითელ წერტილებად აღიქვამენ და ხვდებიან რომ აქ რაღაც არის.

რამდენად ხშირი და საშიშია გველის კბენის შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში?

ნებისმიერი გველის კბენის შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს. იმიტომ, რომ არ ვიცნობთ კარგად გველებს და არ ვიცით რამ გვიკბინა. გველის კბენის შემთხვევაში ტეტანუსზე ცრიან ხოლმე, იმიტომ, რომ ისინი თაგვებით იკვებებიან ხშირად და თაგვი პირდაპირი მატარებელია ამ დაავადების. ჩემთვის ძალიან ბევრჯერ უკბენიათ,მაგრამ არასდროს ავცრილვარ. არც ტეტანუსის შრატი გამიკეთებია. მიმაჩნია, რომ იოდით და სპირტით მოწმენდაც საკმარისია.

 ჯუნგლებში წახვიდოდი?

ეგ არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება. საჩუქრად რომ მომიწყოს ვინმემ ექვსთვიანი ექსპედიცია ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა. ბოიარდის ციხე-სიმაგრეშიც უპრობლემოდ ჩავძვრებოდი გველებში.

საერთოდ, თუ გეშინია რამის?

ერთადერთი რამის მეშინოდა ბავშვობიდან. არ ვიცი საიდან ჩამენერგა ეგ შიში,მაგრამ კლოუნების დანახვაზე ძალიან ცუდად ვხდებოდი.ერთხელაც დავინახე კლოუნი და მივხვდი,რომ რეალურად არ მაქვს კლოუნების შიში.  ზოგადად ექსტრემალი ვარ. ძალიან გრძელი სიაა,რაც გასაკეთებელი მაქვს არ ღირს მაგაზე ლაპარაკი. უახლოეს მომავალში ვაპირებ პარაშუტითაც გადმოვხტე.

გველი რომ შეგვხვდეს,როგორ უნდა მოვიქცეთ?

თუ ზოგადად გველი შეგვხვდება, გნებავთ გიურზა იყოს,უნდა გავჩერდეთ, ჯოხით არ უნდა ვუჩიჩხინოთ. ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ, ვაგრძნობინოთ, რომ საფრთხეს არ წარმოვადგენთ მათთვის და გზა განვაგრძოთ. გველები ადამიანებს არ ერჩიან. ღიზიანდებიან მაშინ,როცა საფრთხეს გრძნობენ ჩვენი მხრიდან. გველსაც გააჩნია ფსიქიკა,როგორც ადამიანს... თავდაცვის მიზნით ხდებიან აგრესიულები.

არსებობს მითები, სახლთან მოსული გველების მოკვლა არ შეიძლებაო...

დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია ფუძის ანგელოზები... მითებიც დადის, თუ გველი სახლში მივა, არ უნდა მოკლა,ისინი ოჯახს იცავენო. თუმცა, შესაძლოა, უბრალოდ საკვებს გამოყვეს...

კიდევ რა მითები ვიცით გველებზე, რომლებიც არარეალურია?

მითია,რომ გველი შხამს ქვაზე ტოვებს.  შხამი გველისთვის ძალიან ძვირფასია. მის გამომუშავებას დღეები სჭირდება. გარდა ამისა გველები თავს იცავენ შხამით და ნადირობისას იყენებენ. ასე, რომ რატომ უნდა დატოვონ შხამი ქვაზე?! არც რძე უყვართ გველებს. ესეც მითია...

   სხვების მსგავსად მეც ძალიან მეშინოდა ეგზოტიკური ცხოველების. მეშინოდა, მაგრამ მომწონდა. შეუძლებელია არ მოგწონდეს მათი ბუნებასთან შერწყმული ეგზოტიკური სილამაზე. გავიცანი ბევრი მათგანი და მივხვდი, რომ მთავარია ვიცოდეთ მათთან მოპყრობა. ისინი არც ისე ცუდები და საშიშები აღმოჩნდნენ. გავიცანი ხვლიკები - მარია და სულიკო... ჩემს მხრებზე გაუნძრევლად ისხდნენ, ცოტა დიდი ფრჩხილები ჰქონდათ, მაგრამ საშიში არაფერი... გავიცანი ტარანტულები, ტარაკნები, ხოჭოები...სამეფო გველი,რომელიც ყოველთვის ძალიან მომწონდა.

  უნდა ვაღიარო, რომ ეგზოტარიუმში ჩემმა ხანმოკლე სტუმრობამ ბევრი რამ შემძინა. პირველ რიგში მომიხსნა შიშის კომპლექსი ქვეწარმავლების მიმართ და სულ სხვა თვალით შემახედა ამ სამყაროსთვის. გთავაზობთ ჩემს მიერ მოყვარულის დონეზე გადაღებულ კადრებს თბილისის ზოოპარკიდან, რომელიც იმედია ბევრს დააინტერესებს და თუ რამდენიმე თქვენგანს ეგზოტარიუმის დათვალიერების სურვილიც გაუჩნდება, ჩავთვლი, რომ ამ ინტერვიუს უქმად არ ჩაუვლია...

 

 


 

არქივი