geo_flag eng_flag rus_flag

ზოგიერთი დოქსოპულოს ყურადსაღებად!
- +

14 ივლისი. 2016. 14:17



    მაქსიმალურად ვერიდები  სახალხოდ პოზიციის დაფიქსირებას და  სახელმწიფო სტრუქტურების ქმედებების შეფასებას ცხელ გულზე. ეტყობა დგება დრო, როცა წეს-ჩვეულება უკანა პლანზე გადადის და ხმის არ ამოღება დანაშაულის ტოლფასია არა ზოგადად, არამედ პიროვნულად შენთვის. მართალია, არ ვარ თვითმხილველი, მაგრამ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია არავის გაუპროტესტებია და ამდენად სანდოდ  მივიჩნევ. მინდა გამოვხატო ჩემი სამართლებრივი პოზიცია პროკურატურის ქმედების წინააღმდეგ. საუბარი მაქვს „ცენტრ -პოინტ-აჭარას" ერთერთი ყოფილი დირექტორის, სალომე ჩარკვიანის დაკავების ფორმაზე. მე არ ვაყენებ ეჭვ ქვეშ არცერთ კანონშესაბამის გადაწყვეტილებას, არც „ცენტრ-პოინტის" სკანდალური რეპუტაციის დამცველად გამოვდგები, მაგრამ როდესაც წავიკითხე რა ფორმით დააკავეს სამი შვილის დედა, პატარა ბავშვების თვალწინ, ქალი, რომელიც არსად გარბოდა და არის უაღრესად საპატივსაცემო პიროვნებების, ცნობილი მეცნიერების ოთარ და ლევან ჩარკვიანების ოჯახის წევრი, გაოცება ვერ დავფარე. ორიდან ერთია: ან ჩვენი სამართალდამცავების სირეგვენეს უბრალოდ საზღვარი არ გააჩნია, ანაც მავანნი შეგნებულად იქცევიან ამგვარად, რომ არსებულ ხელისუფლებას სახელი გაუტეხონ. ერთიც სავალალოა და მეორეც, მაგრამ პირველი ჩემი აზრით უფრო მეტიც, ძალიან საშიში მგონია. ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიურ ცარცის წრეში" არის ერთი მესამეხარისხოვანი პერსონაჟი-სახელად „რეგვენო", უსიტყვო და ყოვლად უმნიშვნელო  როლია, მაგრამ ხომ დამამახსოვრდა? სამწუხაროდ, რეგვენის საქციელი უფრო თვალშისაცემია ვიდრე ჭკვიანის, პირველის ჩადენილი სიავე უფრო გამახსოვრდება, ვიდრე მეორის სიკეთე. და ამ ყველაფერს მარტო მე და თქვენ ხომ არ ვუყურებთ? გამოდის , რომ ათასობით და ათიათასობით ადამიანი მოწმე და თვითმხილველი ჰყავს ამ უმსგავსო ქმედებას და თუნდაც ერთს რომ მოეწონოს და გაიმეოროს, ჩემი აზრით ტრაგედია სხვა არაფერია. რეგვენების გამრავლება კი არ მგონია ვინმეს ინტერესებში იყოს.

 

 

       ისევ დაკავების თემას დავუბრუნდები და რამდენიმე ამონარიდს მოვიყვან სოციალური ქსელიდან:„ კავალერისტული მეთოდებით, ლამის ხმლების ქნევა-ჩეხვით დააწიოკეს მრავალშვილიანი ოჯახი. მადლობა უნდა ვუთხრათ ამ „რაინდებს", რომ ტელევიზიის პირდაპირი ჩართვით არ გააშუქეს ღამისპერანგიანი „სახელმწიფო დამნაშავე" და ტერორისტი დიაცის დაკავება..."

 

 

   „ედავებიან, რომ 2005 წელს იყო გაყიდვების მენეჯერი „ცენტრ-პოინტში", ანუ ეკონომიკურ დანაშაულზეა საუბარი. კარგი, ვთქბათ და დამნაშავეა- კი მაგრამ სამი შვილის დედას რომ ბავშვების თვალწინ არ დაადო „ნარუჩნიკები" და ჩეკატილოსავით ბადრაგით არ ათრიონ აქეთ-იქით არ შეიძლება? ბერიასა და სააკაშვილის მეთოდები ვერ  მოიშალა სახელმწიფომ აქამდე?"

 

 

     კიდევ მრავლად შეიძლება მსგავსი მოსაზრებების მოყვანა, რადგან უკვე მეორე დღეა სოციალური ქსელები ამ თემას ეხმიანება. თუმცა პროკურატურა დუმს. დუმილი-სირაქლემას პოზიცია ამ ჩვენს  ფრიად მნიშვნელოვან უწყებას ტრადიციად ექცა. ამას დაუმატეთ სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით და სრულ მარაზმს ვღებულობთ.  არ ვარ იურისტი, მაგრამ თუ არ ვცდები საქართველოს ხელი აქვს მოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებაზე, რომლითაც იკისრა ვალდებულება, რომ პატიმრობა, როგორც თავისუფლების შეზღუდვისა და სასჯელის ფორმა უნდა გამოიყენოს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში!!!

 

 

     ახლა მინდა ერთი დაკვირვების თანაზიარიც გაგხადოთ. აღშფოთებულია სრულიად საქართველოს საზოგადოება, მაგრამ ხმას არ იღებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისაც ათასგვარი გრანტით პირდაპირ ევალებათ ადამიანის უფლებების დაცვა- არ გიკვირთ? რატომ არაფერს ამბობენ ჩვენი მრავლისმნახველი პოლიტიკოსები, რომელთაც ნებისმიერ საკითხზე აქვთ საკუთარი კომპეტენტური აზრი?-არ გიკვირთ? სად ბრძანდება ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, დავიჯერო მოეწონა როგორ და რა საშუალებით დააკავეს მისი ქვეყნის ერთერთი მოქალაქე? დავუშვათ მოეწონა, სად არის ქვეყნის პირველი„ლედი", თავადაც დედა, რატომ არ დაარისხებს ზარს? ბატონო პრემიერებო, ახლანდელო და ყოფილებო, ეს თქვენს ქვეყანაში მოხდა, თქვით რომ ცუდია და ასე არ შეიძლება, თორემ  მისი უდიდებულესობა ხალხი მომხდარი ფაქტის თანაზიარს გაგხდით, იმ „ვაჟკაცებთან"  გაგაიგივებენ სამი შვილის დედასთან „ომს" რომ არ თაკილობენ და მერე...

   


 

არქივი