geo_flag eng_flag rus_flag

„საქართველო, როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა“ - ალიანსთან ურთიერთობის ახალი ფაზა!
- +

13 ივლისი. 2016. 15:15



NATO-საქართველოს ურთიერთობები, ალიანსის სამიტი და საქართველო - ამ საკითხით დავიწყეთ საუბარი ვახტანგ ძაბირაძესთან. „ეს იყო უაღრესად წარმატებული სამიტი საქართველოსთვის", - ასე აფასებს პოლიტოლოგი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვარშავაში გამართულ სამიტს და ამბობს, რომ  ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ასეთი მნიშვნელობის შეხვედრა NATO-საქართველოს ურთიერთობისას არ ყოფილა.


-რამდენიმე მიმართულება შემიძლია გამოვყო. პირველი - პირველად გაიმართა NATO-საქართველოს სხდომა, რომელსაც მოჰყვა ძალიან მნიშვნელოვანი დეკლარაცია. ამ დეკლარაციამ პასუხი გასცა თითქმის ყველა კითხვას, რაც ამ ურთიერთობებში არსებობს და უნდა იყოს;  ასევე ყველა იმ კითხვის ნიშანს, რაც საქართველოს მოსახლეობას უჩნდება. განხილულ იქნა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, სადაც ასევე დაფიქსირდა NATO-ს პოზიცია. მეორე - NATO-საქართველოს ურთიერთობები გახდა უფრო ინტენსიური. როდესაც საუბარია ევროპის და დასავლეთის უსაფრთხოებაზე, საქართველო განიხილება არა როგორც დამატებითი ნაწილი ამ უსაფრთხოების, არამედ როგორც შემადგენელი ნაწილი. როგორც კი NATO-მ საუბარი დაიწყო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველო ხდება მისი მონაწილე, როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა. ვიტყოდი, რომ საქართველო- NATO-ს ურთიერთობები გადავიდა ახალ ფაზაში, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ საქართველოს ეტაპობრივი ინტეგრაცია NATO-ში. სტოლტენბერგის ჩამოსვლა საქართველოში, სამშვიდობო ნაწილების ყოფნა ავღანეთში, NATO-ს მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივა იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს ურთიერთობები ახალ ფაზაში გადავიდა. ასე რომ, ურთიერთობები მართლაც შეიცვალა და შეიცვალა ჩვენთვის სასარგებლოდ.


- საქართველოს პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ავღანეთში სამშვიდობო მისიაში საქართველოს მონაწილოების გაგრძელებას. უჭერთ თუ არა მხარს, რომ საქართველომ გააგრძელოს ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობა?

 

-ავღანეთის მისია ურაპატრიოტული თემა გახდა, რომ იქ ქართველი ბიჭები იხოცებიან და ა.შ. მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ქართული ჯარში ავღანეთში წასვლაზე ლამის კონკურსია. არის გარკვეული შეღავათები, ეკონომიკური დაინტერესება და სხვა კიდევ ბევრი ფაქტორი, რაც ქართველ ჯარისკაცებს აღუძრავს სურვილს, მონაწილოება მიიღოს ავღანეთის მისიაში. მეორე ნაწილი არის პოლიტიკური - როდესაც ვსაუბრობთ NATO-ში გაწევრიანების თანდათანობით პროცესზე, ეს მისია ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. როდესაც დასავლეთის რომელიმე ქვეყანას გაყავს ჯარი ავღანეთიდან, ის დასავლეთის ის ქვეყანაა,  რომელსაც ყველაფერი უზრუნველყოფილი აქვს, მათ შორის, უსაფრთხოებაც. ჩვენ კი მოსაპოვებელი გვაქვს. ამასთან, ქართველი ჯარისკაცები, რომლებიც ავღანეთში მიდიან, იღებენ გამოცდილებას. ასე რომ, გვაქვს როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურად მომგებიანია პოზიცია. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ, არ მესმის. ამიტომ სწორი მგონია პრეზიდენტის გადაწყვეტილება. ჩვენ უნდა მივიღოთ მონაწილოება სამშვიდობო მისიებში.


- დასავლელი ლიდერები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. როგორ აფასებთ საარჩევნო კამპანიის პროცესს? და რა მოლოდინები გაქვთ არჩევნებთან დაკავშირებით?


-საარჩევნო კამპანია დაიწყო, მაგრამ პარტიები მაინც დაკავებულები არიან თავიანთი შიდა პრობლემებით. ძალიან რთულია სიების შედგენა, რადგან ეს პრობლემატური თემაა. შემდეგ მაჟორიტარების შერჩევა... საარჩევნო პროგრამები და ა.შ. ამიტომ ჯერჯერობით პარტიებს მოსახლეობასთან აქტიური ურთიერთობისთვის არ სცალიათ. პროცესი საკმაოდ მშვიდად მიდის, მედიასაც თუ გადახედავთ, დიდი აურზაური ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. არის მეორე ფაქტორი - ეს არის მოსახლეობის განწყობა პოლიტიკური სპექტრისადმი, რომელიც ინდიფერენტულია. არანაირი დაძაბულობა და შიშის ფაქტორი მოსახალეობაში არ არის. გამორჩეული პოლიტიკური ძალა, საზოგადოების გამოკვეთილი ფავორიტი არ არის, ამიტომ საზოგადოებაშიც არის სიმშვიდე.


-არსებობს საფრთხე, რომ ეს მშვიდი ვითარება შეიცვალოს და გადაიზარდოს დაძაბულობაში?


-დაძაბულობა სახიფათოა, თუ ის საზოგადოებაშია. მაგალითად, 2012 წელში დაძაბულობა იყო პიკზე მისული და რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა, მივიღებდით სამოქალაქო დაპირიპირებას. იგივე იყო 2003-შიც. ანუ დაძაბულობის და დაპირისპირების მომენტი მოსახლეობაში დღეს არ არის. დღეს არის არჩევანი აწმყოსა და წარსულს შორის - „ქართული ოცნება", რომლის რეიტინგიც დაეცა და „ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც ამ 4 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, ეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ ისეთივეა, როგორიც იყო და იქნება უარესი. ანუ, ამომრჩეველთა ნაწილი, რომელიც 2012 წელს უპირისპირდებოდა „ნაციონალებს" და „ქართულ ოცნებას" აძლევდა ხმას, დღეს შესაძლოა ჩამოშორდა მმართველ პარტიას, მაგრამ ისინი არამც და არამც „ნაციონალებთან" არ წავლენ. „ნაციონალებს" რა ელექტორატიც ჰყავთ, იმას შეინარჩუნებენ. თუ ისინი ეცდებიან სიტუაცია გაამწვავონ, შესაძლოა, ამუშავდეს სხვა ფაქტორები. მგონია, ამას თავადაც ხვდებიან, რადგან უნიჭო ხალხი ნამდვილად არაა. თუ ვინმეს არ აწყობს დღეს დაპირისპირება, პირველ რიგში, ესენი არიან „ნაციონალები". ობიექტური რეალობა დღეს ასეთია. შესაძლოა, სიტუაცია ცოტა დაიძაბოს, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე. თუ კორცხელში მომხდარი ინციდენტები განმეორდა, მაშინ პროცესი უფრო დაძაბული იქნება. თუ არადა, ყველაფერი ჩაივლის მშვიდად. აქ ხელისუფლებას აქვს გადამწყვეტი პოზიცია, მას აქვს სიტუაციის სტაბილიზაციის რესურსი. მაგრამ თუ საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა პარლამენტში მოსვლა, ეგ არ გამოვა. მაშინ სხვა ფაქტორები ამუშავდება და ეს იქნება ძალიან ცუდი. უმრავლესობას, ალბათ კოალიცია დასჭირდება, მაგრამ ლიდერი პარტია იქნება „ქართული ოცნება".


-როგორ იქნება მომავალი პარლამენტი?


-2 პარტია - „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში აუცილებლად იქნება. მათ გარდა, 3-4 პარტიას აქვს შანსი 5 %-იანი ბარიერი გადალახოს. ეს დამოკიდებულია მათზე, როგორ საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ. თუ ისინი ელექტორატის ინტერესებზე ააგებენ საარჩევნო კამპანიას, ვფიქრობ, ექნებათ შანსი მოხვდნენ პარლამენტში. ესენია: ალასანიას პარტია, „პატრიოტთა ალიანსი", „ფორუმი", „რესპუბლიკელები", ბურჯანაძის პარტია, ბურჭულაძე და ნათელაშვილი.


-თამაზ მეჭიაურის რესურსზე რას იტყვით?


-არ მგონია... ამ ეტაპზე ვერ გადალახავს, ხოლო თუ ბლოკი გააკეთეს, მერე უკვე შეიძლება საუბარი. სხვათაშორის, ბურჭულაძესაც პრობლემა ექნება, მოასწრებს თუ არა სტრუქტურის ჩამოყალიბებას, და მეორე საკითხია, ჰყავს თუ არა ისეთი ადამიანები, ვინც გარკვეულია არჩევნებში. მე რომელი პარტიებიც ჩამოვთვალე, მათ დიდი გამოცდილება აქვთ საარჩევნო ურთიერთობებში. მეჭიაური რამდენჯერმე გახლდათ მაჟორიტარი დეპუტატი, მაგრამ ერთია, რომ შენ შენს საკუთარ საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობ და მეორეა, როდესაც ეს კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით უნდა აწარმოო. სტრუქტურის შექმნას თუ მოასწრებს, შესაძლოა, რაღაც შანსი ჰქონდეს, თუმცა მეეჭვება. დააგვიანა...


-ბოლოს გკითხავთ Black Sea Arena-სთან დაკავშირებით, რომელიც „ქართუ ჯგუფმა" სახელმწიფოს გადასცა. კრიტიკოსები, სხვათაშორის „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც თავის დროზე ამ საკონცერტო დარბაზით ამაყობდა კიდეც, დღეს ამბობენ, რომ ეს საკონცერტო დარბაზი ბიუჯეტისთვის ხარჯია. სახელმწიფოს „შეტენესო" - ამბობენ...

 

-მაპატიეთ, 200 მილიონიანი დარბაზის სახელმწიფოსთვის „შეტენვა" როგორია?! ასეთ განცხადებებს სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ეს რა არის, გებელსის პროპაგანდაა თუ რა? 200 მილიონიანი დარბაზი აჩუქა სახელმწიფოს. თუ ძვირი დაუჯდა ბიუჯეტს, ბოლობოლო, პრივატიზებას გაუკეთებს... „ნაციონალები" დღეს ცუდ დღეში არიან. ვარშავის სამიტის შემდეგ ისაუბრო „ქართული ოცნების" საგარეო ორიენტაცია დასვა კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს არანაირად აღარ გამოდის. თუ „რუსი ოლიგარქი" „ქართულ ოცნებას" მართავს, მაშინ ან ის არ არის „რუსი ოლიგარქი", ან ვერ მართავს. ამიტომ არის, რომ მათ საუბარში ლოგიკური ჯაჭვები აღარ არსებობს.


 

არქივი