geo_flag eng_flag rus_flag

სტაბილურად „ტურბულენტურ ზონაში“ მყოფი პოეტი...
- +

13 ივლისი. 2016. 15:01


 

მისი აზრით, პოეტები სხვა ერი უნდა იყვნენ...ცხოვრობდნენ ცალკე კუნძულზე და „ბეჭედიც" ქონდეთ...

 

მისი აზრით, პარიზი „ნაგვის ქალაქია"... და კიდევ ბევრი ასეთი აზრი შეგვიძლია მოვისმინოთ მასთან საუბრისას... ის ცოტა „გიჟი", (არ მიწყენს ამას რომ ვამბობ, თვითონაც მშვენივრად იცის), სტაბილურად „ტურბულენტურ ზონაში" მყოფი პიროვნებაა. მასთან საუბარი ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ...

 

LiveNews-ის ჟურნალისტი - ნინი შიშმანიძე პოეტს - ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიების ლაურეატს, გურამ რჩეულიშვილის სახელობის კონკურსის „ალავერდობის" პრიზიორს და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოცხადებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის - „თბილისი" პროზის ნომინაციის გამარჯვებულს - ნიკა ქვრივიშვილს ესაუბრა. გეტყვით იმასაც, რომ მისი ლექსების კრებული „ტურბულენტური ზონა", რომელიც ახლახან გამოიცა მწერალთა კავშირის ინიციატივით, თარგმნილია რუსულ და სომხურ ენებზე. გთავაზობთ, მასთან ინტერვიუს.

 

- გილოცავ „ტურბულენტურ ზონას", მეორე წიგნს. მაინტერესებს  წიგნის სახელი ვისი იდეა იყო?

 

- ვფიქრობდით, ვფიქრობდით... თავიდან, მინდოდა „ლექსტაზი" დამერქვა, ჩემი წიგნისთვის. მერე გადავიფიქრე. ჩემ წიგნს ამ სახელით, მხოლოდ, 15-16 წლის გოგონები წაიკითხავდნენ. რაც შეეხება „ტურბულენტურ ზონას", სტაბილურად ტურბულენტურ ზონა მჭირს. ასე გადაწყდა... მგონი კარგად გამოვიდა.

 

- საქველმოქმედო საღამოებში ხშირად და აქტიურად ხარ ჩართული...

 

- საქველმოქმედო საღამოებზე ხშირად მეძახიან და თითქმის, არასდროს ვამბობ უარს. არ შეიძლება ადამიანს შეგეძლოს სხვისი სიცოცხლისთვის რაღაც ელემენტარულის გაკეთება და უარი თქვა მარტო იმიტომ, რომ სახლიდან გასვლა გეზარება.


- შენი პატრიოტიზმი აშკარად ჩანს შენს ლექსებში, რაღაც გაწვალებს, გტანჯავს და გრგღნის შიგნიდან. მახსოვს, საფრანგეთში დაწერილი შენი ლექსებიც...


- ჩემს ლექსებში პატრიოტიზმი შერწყმულია თანამედროვეობასთან. ხალხს უნდა ესაუბრო მათთვის გასაგებ ენაზე. ვგიჟდები ჩემს ქვეყანაზე. სხვაგან, დიდი ხნით ვერსად ვიცხოვრებდი... დედაჩემმა და ღმერთმა გადაწყვიტეს რომ აქ უნდა ვიყო. მე კიდევ, არ მინდა მაგ ორის წინააღმდეგ წასვლა. ჩემმა სამშობლომ გადაწყვიტა ჩემი ბედი, ღმერთმა გადაწყვიტა ჩემი სამშობლო. ყველაფერი ჩემს ქვეყანას უკავშირდება... ერთადერთი, რაც ამ ქვეყანას არ უკავშირდება ჩემი შვილია. ექვსი თვისაც არ იყო, საფრანგეთიდან რომ წამოვედი. ოცნებად მქონდა, პირველი ნაბიჯები ერთად გაგვევლო,მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ყველაფრის მიუხედავად, არ დავუშვებ რომ ჩემი შვილი ფრანგი გაიზარდოს...

 

- ამბობენ, პარიზი სიყვარულის ქალაქიაო. შენი აზრით, რის ქალაქია პარიზი?


- ნაგვის! ნაგვის ქალაქია პარიზი. დილით, ულამაზესია ქალაქი...თუმცა ღამით, იმდენი ნაგავია... საქართველოში ეგეთი სიტუაცია ყველას დაგვახრჩობდა. დილით კი, იდეალურად სუფთაა ყველაფერი. საერთოდ, ფრანგებიც ცივი ხალხია, მითუმეტეს თუ ქართველი ხარ...

 

 

- პროფესიით რეჟისორი ხარ, მაგრამ პოეტი უფრო გეთქმის... ვინ, ან რამ იქონია გავლენა რომ წერა დაგეწყო?


- ღმერთმა... რეჟისურა ჩემი არჩევანი იყო. პოეზია - ღმერთის... ცოტა მკრეხელურად გამომივა, მაგრამ მგონია, პოეტები სხვა ერი უნდა ვიყოთ... სადმე კუნძულზე ვცხოვრობდეთ... ჩვენი „ბეჭედიც" გვქონდეს... ღმერთმა მასთან საუბრის, დიალოგის საშუალება მოგვცა. რაც გინდათ, ის დაწერეთ ჩემზეო - ცუდიც და კარგიცო.


ყველა ადამიანს შეუძლია უფალს ესაუბროს, მაგრამ ამას არ ვაკეთებთ. ღმერთს ერის ხმა აკლია. ღმერთი არ წარმომიდგენია თეთრწვერა, თმაჭაღარა, რომელიც ტახტზე ზის და განკარგულებებს იძლევა. საერთოდ, ღმერთი სხვა ცნებაა... მაგრამ ჩვენს რელიგიას დიდ პატივს ვცემ. ყურანიც წავიკითხე, თორაც, მაგრამ ასეთი ლოიალობა ადამიანების მიმართ, არსად შემხვედრია.


რაც შეეხება რეჟისურას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემია და ძალიან მიყვარს, რეჟისურაში არ ვარ სტაბილური. პოეზიაში უფრო სტაბილური ვარ. რეჟისურა ისეთი ცნებაა, სტაბილურად უნდა მიყვე. ცუდ რეჟისორად ყოფნა „მაგრად ტეხავს". თუ რეჟისორი ხარ, შენი სცენის პატარა ღმერთი ხარ, შენ ქმნი და ცუდი რაღაცის შექმნა, ცუდ ღმერთად ყოფნა „მაგრად ტეხავს", სჯობს, საერთოდ არ შექმნა. წარმოიდგინე, იუდა რომ ღმერთი ყოფილიყო...


მგონია, რომ თუ ხარ მასწავლებელი, ექიმი ან რეჟისორი „მაგარი" უნდა იყო, ან საერთოდ, არ უნდა იყო.


გთავაზობთ მის რამდენიმე ლექსს...

 

 

***

ისეთი ღამეა, გათენებისას დაყივლების შერცხვება მამალს.

ისეთი ღამეა, არაყი რომ უნდა დალიო,

მთვარე ითხოვა საფრანგეთმა თითქოს თბილისის

და ელისეი მთაწმინდიდან იწყებს ალიონს.

ისეთი ღამეა - მისწრებაა თვითმკვლელობისთვის,

დაბადებისთვის სასურველი ღამეა, ასევე

ისეთი ღამეა, ჩააქრობ სანთელს და სავსებით

გეყოფა, მთვარეს რომ გასმევდე.

ისეთი ღამეა - ხელი უნდა სთხოვო საცოლეს,

მძინარე გააღვიძო - აჩვენო რას შვრება ბუნება.

ისეთი ღამეა, „ვისი გორის ხარ" - გახსოვდეს...

ბოლომდე მიუშვა ყველა ჟინი და ცდუნება.

ისეთი ღამეა, ვეფხისტყაოსანს ანდა, შექსპირს წავიკითხავდი,

ოხ, „ფრანციაში" შემოდგმულო ღამის თბილისო...

ისეთი ღამეა, სირცხვილია უბრალოდ ჯდომა,

ჯდომა კი არა, ყველაფერი არის სირცხვილი,

ასეთი ღამე ყოფილიყო - (ლუდოვიკოსთან საბა რომ იყო)

სისხლაშლილი და ფერმიცლილი...

ისეთი ღამეა, გათენებისას დაყივლების შერცხვება მამალს,

ცის არტერიას ხმა უხდება ღრუბლების ფეთქვის,

და ვფიქრობ ჩემთვის, მივაგდებდე სანამდე კალამს,

საქართველოში ღამეც ხომ არ გაყიდეს მეთქი..?!



„ცხოვრება მშვენიერია"


მე ვჭამ ამათ პურს, ვსვამ ამათ წყალს ჩვენის გემოზე

და თავს ვიტყუებ,რომ ცხოვრება მშვენიერია,

სხვა თავსაქცევი ვერ ვიპოვე უფანტაზიომ,

რა საწყენია!

გუშინ თურქები ასაღებდნენ ,,ნაბეღლავებს"

თითოს სამ ევროდ,

მე ვერ ვიყიდე, მეიაფა, [ჩვენი წყალი] მათი ხელიდან.

არ გაეყიდათ!

მე სიყვარულის ქვეყანაში ვარ ემიგრანტი,

თუმც პარიზამდე ხუთას რაღაც კილომეტრია,

გადავაფურთხე ფანჯარიდან ყველა სიმწარე,

რაც ვერ დავწერე, მაგრამ ჩემშიც არ დაეტია

და ველოდები იმ წმინდანის საფლავის გახსნას

მე რომ დამიცავს,

სიცოცხლისგან.

ჩემს ცოლს და მე კი მოლოდინი დაგვაქვს პატარის,

ნაყოფი ჩვენი მუცელშივე ემიგრანტია,

უთბილისოდ და ურქაწითლოდ დავიღუპები,

ამათ გალანტურს ვერ მოვირგებ ვერცერტ მანტიას.

არ შემიძლია, რომ ვუყიდო ჩემს ცოლს სუნამო

და ყოველ დილით „CHANEL"-ივით კოცნას ვაპკურებ,

ათვალიერებს ბოლო მოდის ჟურნალებს მერე

გადმომხედავს და მეუბნება - „არ ჩავიცვამდი".

ვიცი მატყუებს!

----------------------------

ცაში დანახული ყველა თვითმფრინავი მგონია, რომ მაქეთკენ მოდის,

სადაც დაქალი აჩუქებდა ჩემს ცოლს სუნამოს,

მეც მასესხებდნენ ნაბეღლავს და კოლოფ სიგარეტს,

სადაც მცხეთა და დედაჩემია.

მე სიყვარულის ქვეყანაში ვარ ემიგრანტი

და თავს ვიტყუებ, რომ ცხოვრება მშვენიერია.


 

არქივი