geo_flag eng_flag rus_flag

იმ კედლებზე,იმ ოთახში,სადაც მე ვარ, ჩემი შემოქმედება და ლექსებია...
- +

11 ივლისი. 2016. 14:33


მისი მთავარი საქმე სულის ფსკერზე მოზღვავებული ემოციის შიშვლად გადმოცემაა სიმღერად, ლექსად, ნახატად...სულ პირველად, დავიბადე და ჩემთან ერთად დაიბადა სიმღერაც, ლექსიც, ნახატიც... მიხარია, რომ ღმერთის საჩუქარი აღმოვაჩინე საკუთარ თავში, ამ ყველაფრის კეთების ნიჭის სახით.

 

LIVENEWS-ს ჟურნალისტი ნინი შიშმანიძე ესაუბრა რეზი ცენტერაძეს, ახალგაზრდას, რომელშიც ერთბაშად ხელოვნების მრავალმა ნიჭმა ამოხეთქა მუსიკის, პოეზიის, ხატვის, ფოტოგრაფიის სახით. გადმოსცემს შიშვლად, სადად, ზუსტად ისე, როგორიც სულის ფსკერიდან მოდის.

 

ლექსს, ნახატს, სიმღერას... ყველაფერს, რასაც ვაკეთებ წერა ქვია. პირველად, ჩემს მეორე ,,მეს მივწერე ჰაეროვანი მესიჯი, რომ ეს ყველაფერი უნდა მეკეთებინა. უნდა მოვცილებოდი ქუჩას, სკოლას, საკუთარ სახლსაც კი.

 

მანამდე რა მოხდა, სულ პირველად?

 

- სულ პირველად... დავიბადე და ამას მოჰყვა ყველაფერი ერთად-მუსიკაც,ხატვაც... შუშხუნები რომ არ მოჰყოლია ეგ ვიცი... პირველ ნაბიჯზე, რა თქმა უნდა, ვბორძიკობდი. ახლა მყარად დავაბიჯებ. მართალია ნელა, მაგრამ პირველ ნაბიჯთან შედარებით პროგრესი იგრძნობა. მთავარი ისაა რომ გავიზარდე მორალურად, სულიერად (ფიზიკურად ვერა), მაგრამ შეიძლება ჩემი წარმატების ეტაპებად დაყოფა. ახლა, ალბათ მეორე, მაქსიმუმ მესამე ეტაპზე ვარ... აქამდე სულ სხვა ვიქნებოდი ხელი რომ არ შეეშალა ჩემი ოჯახის და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სტერეოტიპს, რომელიც ,,დიპლომების ირგვლივ ტრიალებს.

 

დღეს რა გიშლის ხელს კიდევ უფრო განვითარებაში?

 

– საქმე, რომელითაც თავს ვირჩენ“, ტექნიკურად გამართვას საჭიროებს. ზოგჯერ, ჩემს წარმოსახვაში არსებული ფოტოების გადაღების  სურვილი მახრჩობს. ერთხელაც ვერ დავიკმაყოფილე  ეს ჟინი.  რასაც გრძნობგადმოსცემ ლექსად, ნახატსაც დახატავ შენი წარმოსახვით, მუსიკასაც მოუხერხებ რამეს, მაგრამ ფოტოგრაფია... ამ ნიჭს განვითარება უნდა. მითუმეტეს მსოფლიო ფოტოგრაფიას, რასაც ვუმიზნებ... ამ მხრივ სიამოვნებით მივიღებდი განათლებას, მაგრამ მაინც ისეთად დავრჩებოდი, როგორიც დღეს ვარ.

 

შენი აზრით, ფიროსმანს რომ განათლება მიეღო, დღეს ვინ იქნებოდა?

 

ფიროსმანს რომ განათლება მიეღო, იქნებოდა ნასწავლი, განათლებული მხატვარი არისტოკრატებისთვისაც და ბრბოსთვისაც. მაგრამ ამ შემთხვევაში, ალბათ, მისი ნახატებიც არ იქნებოდა ასე ძვირად, სათანადოდ შეფასებული და დაფასებული. იმ დროსთვის ეგრე იყო საჭირო სასმელით გაჟღენთილიყო და კიბისქვეშ ეძინა. ის დაიბადა და არასდროს გარდაიცვლება. სხვანაირად რომ ყოფილიყო ასე მელანქოლიურად არ გვეყვარებოდა... მისი ცხოვრებაც მარკეტინგული გათვლა იქნებოდა და სხვა არაფერი...

 

სამხატვრო კოლეჯში როგორ ჩაირიცხე?

 

მისაღები გამოცდა იყო... ყველამ დავხატეთ. მესამე დღეს შედეგების გასაგებად რომ მივედი, დაბლიდანმაღალი ქულების მიხედვით დაიწყეს სახელ-გვარების ამოკითხვა. უმაღლეს შეფასებაზე რომ მივიდნენ, ავდექი და გამოვედი, მანამდე არ უხსენებიათ ჩემი სახელი, ოდა ბავშვები გამომედევნენ დირექტორი გეძახისო. ასე ჩავირიცხე კოლეჯში უმაღლესი ქულით, მაგრამ მალევე მივატოვე...

 

სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

 

სამომავლოდ, მაქვს იმედი, რომ ოდესღაც ოცნებებს ავისრულებ და საშუალება მექნება ვწერო, ვიკითხო, ვიცხოვრო (და არა, უბრალოდ, ვიარსებო), გადავიღო ყველგან, სადაც მიმესვლება. მთავარია, გავცდე საზღვრებს ძალიან, ძალიან შორს... დავბრუნდე ჩემს სფეროში ძალიან დიდი გამოცდილებით, ღრმა ცოდნით. დავიწყე არაფრით და ნელ-ნელა ვცდილობ მწვერვალზე ავცოცდე. ძალიან მიყვარს შარლ დე გოლის სიტყვები: ყოველთვის აირჩიე რთული გზა ამ გზაზე თქვენ ვერ შეხვდებით კონკურენტებს.

 

შენი სამუშაო ოთახი როგორ გამოიყურება?

 

ამ კითხვაზე ცოტა ვრცლად კი გამომივა, მაგრამ ამ ლექსით გიპასუხებთ:

 

 

მარტის თვეა, შორს წასულა თებერვალი,

ახლა, სული ემზადება სამაისოდ...

იანვარი იქცა, როგორც მემუარი,

ანდა, ეს რა პასუხია სამაგისოდ...

გაზაფხულის აყვავებას ვეგებები,

გაყინულ ტყავს მზის სხივები მითბობენ და

სულით ჩემით, ამ მზის სხივებს ვერ ვეხები,

რადგან ტყავზე ტანსაცმელი შემაბერდა.

ამ სეზონმა ლექსის წერას მოუხშირა,

გაყინული თითები და ტაეპები...

გეფერები უფრო მეტს და უფრო ხშირად,

ვიდრე ღმერთს ეფერებიან ღვთაებები.

სახლის კარებს ჩამოვხსენი სახელური,

სულ ღიაა, ოღონდ მოსვლა დააპირე,

დაიკვნესებს სული, როგორც სალამური,

უჩვეულოდ შეგისრულებ დანაპირებს...

ამ ოთხ კედელს ამშვენებენ ნახატები,

ლექსები და ფოტოები ათასობით,

სახლი თუკი მარტოა და არ დაგხვდები,

გაიხსენე, მე ჩემს თავზე რას ვამბობდი.

მე თუ არა, სული ჩემი იქ დაგხვდება,

თუკი შეძლებ, ამოცნობას ნახატების

და თუ გულიც იასამნისფერად ფეთქავს,

შენც ჩემსავით, ოთხ კედელში დასახლდები.

ამ სამყაროს ბოდვა ჰქვია,სადაც მე ვარ...

სადაც მძინავს, იატაკიც ქვესკნელია,

იმ კედლებზე, იმ ოთახში, სადაც მე ვარ,

ჩემი შემოქმედება და ლექსებია...

 

    ვისაც გექნებათ სურვილი უკეთ გაეცნოთ რეზის შემოქმედება, გიტოვებთ ლინკებს, სადაც მის სიმღერებსაც მოუსმენთ და დაათვალიერებთ მის facebook გვერდს.

 

 

 


www.youtube.com/xelovnebis+shvilebi


www.facebook.com/TsenteradzePH

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




 

არქივი