geo_flag eng_flag rus_flag

გოგი თოფაძე : მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ჯონ ქერის მიმართვა შეურაცხყოფად მივიღეთ
- +

8 ივლისი. 2016. 18:38


 

თემის აქტუალურობიდან გამომდინარე,  LIVEnews-ის ჟურნალისტი ფრაქცია  ,,ქართული ოცნება-მრეწველების" ლიდერს - გოგი თოფაძეს ესაუბრა.

 

-საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ ქერის ვიზიტთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

მე და ჩემმა თანაგუნდელებმა ქერის ასეთი არაობიექტური მომართვა შეურაცხყოფად მივიღეთ.  ბატონი ქერი არის უდიდესი ქვეყნის წამყვანი პოლიტიკოსი,  დიდი სტაჟი აქვს პოლიტიკური მოღვაწეობის  და  გვაფრთხილებს:  ,,ჩვენ განვიხილავთ თქვენს საკითხებს იმის მიხედვით, რამდენად დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებთ"-ო ... რაც არ უნდა დიდი ქვეყნის და მაღალი  რანგის პოლიტიკოსი იყოს, ჩვენც გვაქვს ჩვენი პრინციპები და ჩვენი ხედვა.   ამას ამბობს 2016 წელს, მაშინ, როცა ბატონი ქერი საქმის კურსში იყო იმ არჩევნების ჩატარების ხარისხზე, რომლებიც1995, 1999, 2003, 2008 წლებში ჩატარდა.  მთელმა მსოფლიომ აღიარა და ალბათ მანაც ნახა როგორ ჩაიარა არჩევნებმა 2012 წელს. ასეთი გაფრთხილება დამცირებაა. ასეთ გამოცდილ დიპლომატს არ უნდა ეშლებოდეს. დაეწყო იმით, რომ დიდი პროგრესი განვიცადეთ საარჩევნო პროცესში, როგორ ჩატარდა არჩევნები 2012 წელს, ადგილობრივი არჩევნები 2013 წელს, პრეზიდენტის არჩევნები, არავითარი დარღვევები იქ არ ყოფილა. და როცა დიდი ქვეყნის წარმომადგენელი პატარა, მაგრამ ამაყ და თავისი ტრადიციების მქონე ქვეყანას ,,თითის ქნევით" ელაპარაკება,უბრალოდ არ არის ლამაზი...

-ვარშავის სამიტთან დაკავშირებით რა განცხადებას გააკეთებდით?

სამიტის დასრულების შემდეგ, ჩვენი დელეგაცია განაცხადებს, რომ  დიდი პროგრესს მიაღწიეს. გამოვლენ და თამამად იტყვიან:„ ჩვენ  NATO-სკენ მიმავალ გზაზე  გადავდგით დიდი ნაბიჯი... " მაგრამ ეს იქნება დიპლომატიური განცხადებები.  ,,ჩვენ ვერ მიგიღებთ NATO-ში " განაცხადა NATO-ს წევრი ბევრი ქვეყნის წარმომადგენელმა. ბევრმა ლიდერმა, მათ შორის  აპატურაიმ და სხვებმა. ,, ვერ მიგიღებთ, გიფრთხილდებით,თქვენ აგრესიული ჩრდილოელი მეზობელი გყავთ, ვუფრთხილდებით თქვენს მდგომარეობას და ამიტომ არ მიგიღებთ"...  ეს მეორე თემაა, მაგრამ ფაქტი ერთია - უახლოესი 7-8 წლის განმავლობაში ჩვენ NATO-ში არ მიგვიღებენ.

-სააკაშვილი დიდგორის ველზე ყრილობის ჩატარებას აანონსებს ...

ეს კაცი ოდესიდან პროვოკაციულ დირექტივებს იძლევა. უნდა დაძაბოს სიტუაცია ქვეყანაში. ნახევარი საქართველო გაყიდეს, დაგვინგრიეს ყველაფერი. მათი გადამკიდე ენერგეტიკა ჩვენი აღარ არის, ფოთის პორტი,   რაც კი შემოსავლის შემომტანი იყო გაყიდეს და ახლა ქვეყნის აღმაშენებლობას ჩემულობენ? კი,  ნაციონალები ორგანიზებულები არიან, ყავთ კადრები, მაგრამ მაინც ვეჭვობ რამე განსაკუთრებული შედეგი დადონ. რა ედიდგორებათ ნეტავ, თუმცა, ვნახოთ... ქართული ოცნება   დიდი ალბათობით გაიმარჯვებს, თან საკმაო უპირატესობით, თუმცა მოვლენებს ნუ გავასწრებთ, ვნახოთ...

-არჩევნებთან დაკავშირებით რომ გვითხრათ ორიოდე სიტყვა...

რამდენიმე პარტიაა, რომლებსაც უცხოეთიდან არ კარნახობენ რა გააკეთონ, მათ შანსი აქვთ  პარლამენტში მოსვლის.  ნინო ბურჯანაძეს, პატრიოტთა ალიანსს, აგერ თამაზ მეჭიაურის პარტიას, მთავარია, პარლამენტში პრო-ქართული ორიენტაციის პარტია უფრო მეტი იყოს. ჩვენ ჯერ არ გადაგვიწყვეტია ვითანამშრომლებთ თუ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, თუმცა არაფერია გამორიცხული. აგვისტომდე არის კიდევ დრო...

 


 

არქივი