geo_flag eng_flag rus_flag

„ნაცმოძრაობა“, შესაძლოა, დანაშაულებრივ პოლიტიკურ ორგანიზაციად გამოცხადდეს!
- +

17 ივნისი. 2016. 03:58



პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 2004-2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ ამ პერიოდში ასეთი დანაშაული სისტემურ ხასიათს ატარებდა. რატომ დასჭირდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს დასკვნის მოსამზადებლად თითქმის ორი წელი, რატომ წარმოადგინეს ის მაინცდამაინც არჩევნებამდე 4 თვით ადრე, ამ კითხვით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას მივმართეთ:


- გაეროს კომიტეტმა 2014 წლის აგვისტოში საქართველოს მისცა რეკომენდაცია, გამოეძიებინა 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულები. სამუშაო ჯგუფი ამ რეკომენდაციების საპასუხოდ შეიქმნა. რატომ ახლა? ჩვენ ველოდებოდით სასამართლო პროცესების დასრულებას იმ საქმეებზე, რომლებიც პროკურატურამ აწარმოა 124 ყოფილი საჯარო მოხელის საქმეზე. 81 საჯარო მოხელეს სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, მათ შორის იყვნენ პროკურორები და მაღალი თანამდებობის პირები. ყველა ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეფასებულია და მათ ვაანალიზებდით. სამუშაო პროცესში ჩართული იყო ყველა უწყება და შეფასება ძალიან კარგად არის დასაბუთებული. დასკვნის განხილვა საარჩევნო წელს დაიწყო არა საგანგებოდ, კალენდარულად ასე მოხდა. დასკვნა წარსულის შეფასებაა და პარლამენტი პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას მისცემს სააკაშვილის დროს ჩადენილ დანაშაულებს.



გელა ნიკოლაიშვილი, იურისტი: პროკურატურაში ასეულობით საჩივარია შესული, მათ შესწავლას დრო სჭირდება. ის, რომ მაინცდამაინც ახლა, საარჩევნოდ შეარჩიეს დრო, შესაძლებელია, პოლიტიკური მოტივითაც იყოს ნაკარნახევი. როგორც ჩანს, კოაბიტაციამ განაპირობა, რომ მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოსაყენებელ თემად გადაიქცა რეჟიმის მსხვერპლი ადამიანების უბედურება.


- როგორც ამბობენ, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, შესაძლოა, მოქმედმა სამართალდამცველებმაც აგონ პასუხი.


- ბრალის წარსადგენად უტყუარი მტკიცებულებებია საჭირო, ამიტომ ძნელი იქნება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება...


- რა სამართლებრივი შედეგი შეიძლება მივიღოთ ქვეყანაში სისტემური დანაშაულის არსებობის აღიარებით?


- თუ ამას პარლამენტი მოინდომებს (მაგრამ, რა თქმა უნდა, არ მოინდომებს, ვინაიდან „ნაციონალებს" მფარველები და ლობისტები ჰყავთ დასავლეთში, რომლებიც ზეწოლას ახდენენ საქართველოს ხელისუფლებაზე), შესაძლოა, სისტემური დანაშაულის აღიარებით მივიღოთ ის, რომ „ნაცმოძრაობა", მისი 9-წლიანი რეჟიმის გამო, დანაშაულებრივ პოლიტიკურ ორგანიზაციად გამოცხადდეს.


ამ პროცესს, რა თქმა უნდა, სირთულეებიც ახლავს, რადგან მტკიცებულებების მოპოვების „ნაციონალების" დროინდელ მეთოდებს როცა ცემით, დაშინებითა და წამებით ყველაფერზე აწერინებდნენ ხელს დღეს აღარ იყენებენ. ახლა, როცა გამოძიება სერიოზულად იძიებს სისხლის სამართლის საქმეებს, მარტო ერთი განცხადება არ კმარა, მტკიცებულება დამაჯერებელი და უტყუარი უნდა იყოს!



ავალიანმა ახალაიას ხელი გაარტყა, ვიბლიანი კი მეგის ქარდავას ახრჩობდა"


ლევან ცინდელიანი 2007 წლის 27 მარტს პატიმართა ამბოხებაში (ე.წ. ციხის ბუნტის) მონაწილეობის ბრალდებით გაასამართლეს და 12 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ამნისტიის შემდეგ, დაზარალებულად ცნეს და დღემდე ჯანმრთელობის აღდგენისთვის იბრძვის.


ლევან ცინდელიანი: - 2005 წელს სოდ-ის თანამშრომლებმა დამაკავეს. ერთ ცნობილ თანამდებობის პირს ნარკოტიკი ჩაუდეს. სამი დღე მოდულში მამყოფეს, მაიძულებდნენ, იმ კაცისთვის დამედო ხელი (თითქოს მისგან ვყიდულობდი ნარკოტიკს), რომელიც მხოლოდ ტელევიზორში მყავდა ნანახი. სანაცვლოდ შემპირდნენ, გაგიშვებთ და პრემიასაც მოგცემთო. 2 აბი „სუბუტექსიც" ჩამიდეს და მითხრეს, საპროცესო გარიგებას გაგიფორმებთ, 10.000 ლარს გადაიხდი და გამოხვალო. რომ არ დავთანხმდი, თვითონ მოაწერეს ხელი გაყალბებულ საბუთებზე, თითქოს ვაღიარებდი, რომ ჯიბეში ნარკოტიკი მედო. პროკურორი მეუბნებოდა, კოდუა დაგვიჭერს, თუ ეს საბუთები არ წარვუდგინეთო. ადვოკატი შემომიგზავნეს, რომელმაც მითხრა, საბუთების საქმე არ გაახმაურო და საპროცესოს გაგიფორმებთ, 10.000-ს გადარიცხავ და სასამართლოს დარბაზიდან გაგიშვებთო. მეც დავთანხმდი. ეს მოხდა პარასკევს, ორშაბათისთვის კი სასამართლო პროცესი იყო დანიშნული. იმხანად სამკურნალო დაწესებულებაში ვიწექი, ვინაიდან დაკავებიდან ორ თვეში C ჰეპატიტი აღმომაჩნდა. 26 მარტს, ღამის 12 საათზე, „რესბალნიცის" თანამშრომელმა, იმედა ლიპარტელიანმა დამიძახა, უფროსის (მალხაზ სინაურიძის) კაბინეტში ჩამოდიო. ეზო უნდა გამევლო და ისე შევსულიყავი ადმინისტრაციის შენობაში. ეზო სავსე იყო 200-მდე ნიღბიანი სპეცრაზმელით. უფროსის კაბინეტში დამხვდნენ ახალაია, ჭაკუა, ჭარბაძე, ქარდავა, სინაურიძე და სამოქალაქოფორმიანი 15 პირი. ზურა ვიბლიანი და გიორგი ავალიანიც (შემდგომში ციხის ბუნტისთვის გასამართლებული პატიმრები) იქ ჰყავდათ. ვხედავ, პატიმარი უზით სკამზე, თმას აჭრიან და ჯიბეში უწყობენ. მერე გავიგე, პლატონ მამარდაშვილი ყოფილა... ახალაია მიადგა ავალიანს და უწმაწურად აგინა, მან კი ხელი გაარტყა, ახალაია მაგიდაზე დავარდა. ვიბლიანი მეგის ქარდავას სწვდა და ახრჩობდა, ძლივს გააგდებინეს ხელიდან, მერე სპეცრაზმელებმა რკინის ხელკეტებით ვიბლიანს ისე ურტყეს, დააინვალიდეს. ბაჩო ახალაია იარაღს პირდაპირ სახეში გვირტყამდა. შემდეგ ეზოში გამოგვათრიეს, პატიმრებს მკვდრები ვეგონეთ და ციხეს მღელვარება მოედო. „რესბალნიცასა" და მე-5 დაწესებულებასაც გადაედო, პატიმრების ხმაურზე სპეცრაზმელები შეცვივდნენ. ოფიციალურად 7 გარდაცვლილი გამოაცხადეს და სინამდვილეში რამდენი იყო, ღმერთმა უწყის.


ყოველღამ, 12 საათზე, ახალაიასა და ჭაკუას დირექტორის კაბინეტში ჩავყავდი და მაიძულებდნენ, მეღიარებინა, რომ ციხეში ბუნტი მზადდებოდა. ბაჩო ახალაია მეუბნებოდა, თუ დათანხმდები, გამოგიყვან, ბუზს ვერავინ აგიფრენს, თუ არადა, ისედაც კვდები (იმ ღამის შემდეგ ოთხი ოპერაცია გამიკეთეს - ნაღვლის ბუშტი ამომიღეს, დიაფრაგმა მქონდა გახეული, ზედა ყბა ჩამინგრიეს, თავში ჩირქი ჩამიდგა), არც სცენარის დადგმა გამიჭირდება, რომ თავი ჩამოიხრჩო ან ვენები გადაიჭრა. დაფიქრდი, თუ იმას არ იტყვი, რასაც ჩვენ გთავაზობთ, 22 წელს მოგცემ და ამასობაში მოკვდებიო...


როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, პროკურატურაში სარჩელი შევიტანე. მივაღწიე იმას, რომ დაზარალებულად მცნეს. მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას - 200 ათას ლარს ვითხოვ. პროცესი 20 ივნისს გაიმართება. მოპასუხე მხარე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, ჯერ 2.000 ლარს მთავაზობდა, მერე - 7.000-ს, ასე ვაჭრობენ. ეს თანხა თითო ოპერაცია მიჯდება. ციხეში მიღებული დაზიანებების გამო, ორი თვის წინ მეხუთე ოპერაცია გავიკეთე და კიდევ მაქვს გასაკეთებელი.


ციხის ბუნტის საქმეზე ახალაია „ლაითად" გაასამართლეს, 9 საქმიდან მხოლოდ ბუნტზე წაუყენეს ბრალი. ეს რომ გავიგე, ერთი მუჭა წამალი დავლიე, რის შემდეგაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადამიყვანეს.


ტრავმების გამო მე-2 ჯგუფის ინვალიდი გავხდი და ოპერაციების საფასური რომ დამეფარა, სახლი გავყიდე. მატერიალურად რაც უნდა ამინაზღაურონ, განუკურნებელი დაავადებები მაქვს, ფსიქიკა დამიზიანეს, იმ უბედურებას რა დამავიწყებს, რაც იქ გამოვიარე.




 

წყარო : wyaro
არქივი