geo_flag eng_flag rus_flag

პირველი გამარჯვება! - რონალდუ პორტუგალიას ფინალისკენ გაუძღვა
- +

7 ივლისი. 2016. 11:54


 

ევრო 2016-ის 1/2-ფინალური ეტაპი პორტუგალიისა და უელსის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნა. ფინალში გასაღწევად გუნდების შანსებს მეტ-ნაკლებად თანაბრად აფასებდნენ, თუმცა საფეხბურთო ექსპერტთა უმრავლესობა  უპირატესობას მაინც „სელესაოს" ანიჭებდა.

შეხვედრის პირველმა ტაიმმა საკმაოდ უღიმღამოდ ჩაიარა, როგორც პორტუგალიელთა ყოველი წინა მატჩი მიმდინარე ტურნირზე. ჯო ალენის მიერ მე-8 წუთზე მიღებული ყვითელი ბარათის გარდა, საწყის 45 წუთში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. პორტუგალიელთათვის ფერნანდო სანტუშის მიერ შესვენებაზე მიცემულმა რჩევებმა შედეგი გამოიღო და 50-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ზუსტი თავურით უეინ ჰენესის კარის აღება შეძლო. ზუსტად 3 წუთში, „რეალის" სუპერვარსკვლავმა კიდევ ერთხელ გაისროლა კარისკენ, დარტყმა არაზუსტი გამოდიოდა, თუმცა სწორად შერჩეული პოზიციის წყალობით, ნანიმ ბურთს მიმართულება შეუცვალა და მეორედ დაამწუხრა ბრიტანელები. ამის შემდეგ უელსი მცირედით გააქტიურდა, კრის კოულმანი ვა-ბანკზეც წავიდა ცვლილებების განხორციელების დროს, თუმცა შედეგი ვერაფერმა გამოიღო.

დარჩენილ დროში რონალდუ კიდევ არაერთხელ შეეცადა გოლის გატანას, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ დუბლის გაფორმება ვერ მოახერხა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლიონელ მესისთან წლევანდელ დუელში დაწინაურდა და „ოქროს ბურთი" უკვე არაფორმალურად გაიფორმა.

მატჩის მიწურულს ტაბლოზე ფორმალური მასპინძლების სასარგებლოდ 2:0 ფიქსირდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უელსი ტურნირს გამოეთიშა, პორტუგალია კი ფინალში საფრანგეთსა და გერმანიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

რთული წარმოსადგენია, რამდენად ანგარიშგასაწევი ძალა იქნება პორტუგალია გერმანიის ან საფრანგეთის ნაკრებისთვის, რადგან გუნდი ჯერ კიდევ ვერ აჩვენებს თამაშის სასურველ ხარისხს და მეტწილად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ახერხებს ფონს გასვლას. რაც შეეხება უელსს, ბრიტანელებს ნამდვილად ღირსეული გამოსვლა ჰქონდათ ევრო 2016-ზე, 1/2-ფინალურ დაპირისპირებას კი ნამდვილად დაეტყო მოედანზე რემზისა და დევისის არყოფნა.


პორტუგალია - უელსი  2:0

 

გოლები: რონალდუ (50'), ნანი (53');


პორტუგალია (4-3-1-2): რუი პატრისიო - სედრიკი, ბრუნო ალვეში, ჟოზე ფონტე, რაფაელ გერეირო - ჟოაო მარიო, დანილო, ადრიან სილვა (79' ჟოაო მოუტინიო) - რენატო სანჩესი (74' ანდრე გომეში)- ნანი (86' კვარეჟმა), რონალდუ;

 

უელსი (5-3-2): ჰენესი - განტერი, ჩესტერი, კოლინზი (66' ჯ. უილიამსი), ე. უილიამსი, ტეილორი - ალენი, ლედლი (58' ვოუკსი), კინგი - რობსონ-კანუ (63' ჩარჩი), ბეილი;


გაფრთხილებები: ბრუნო ალვეში, რონალდუ - ალენი, ჩესტერი, ბეილი.



 

არქივი