geo_flag eng_flag rus_flag

პორტუგალია Vs უელსი - მიზანი ამართლებს საშუალებას
- +

6 ივლისი. 2016. 17:35



დღეს, ლიონში, თბილისის დროით 23:00 საათზე, ევრო 2016-ის 1/2-ფინალური ეტაპის პირველი დაპირისპირება გაიმართება, რომელშიც პორტუგალიის ნაკრები უელსის ეროვნული გუნდის ბარიერის გადალახვას შეეცდება.

ტურნირის დაწყების წინ, ალბათ ცოტა თუ მოიაზრებდა, რომ ეს გუნდები ევროპის ოთხ საუკეთესოთა შორის მოხვდებოდა, თუმცა ისლანდიელთა მიერ შემოთვაზებულ სიურპრიზებთან შედარებით, ეს ბევრი არაფერია.

უელსის ნაკრები ნამდვილად ღირსეულადაა ნახევარფინალში. კრის კოულმანის გუნდმა ჯერ იყო და ურთულეს B ჯგუფში, სლოვაკებზე გამარჯვებისა და ინგლისთან მარცხის შემდეგ რუსეთი გაანადგურა, რითაც პირველი ადგილი დაიმკვიდრა, შემდეგ 1/8-ფინალში ჩრდილოეთ ირლანდიაზე მინიმალური სხვაობით (1:0) გამარჯვებით გამოთიშა ასპარეზობას. უკანასკნელი, 1/4-ფინალური დაპირისპირება ბრიტანელთათვის მძიმე გამოცდა უნდა ყოფილიყო, მათი მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი - ბელგია გახლდათ, რომელიც შეხვედრას საწყის წუთბზე იგებდა, თუმცა შემდეგ უელსელთგან 3 უპასუხო გოლი მიიღო და ნახევარფინალში ღირსეული - უელსის ნაკრები გავიდა.

რაც შეეხება პორტუგალიას, მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის დაწყებამდე, უელსელებთან შედარებით, პორტუგალიელების ფინალში გაღწევას უფრო მეტი ვარაუდობდა, გუნდი ნახევარფინალში მოგების გარეშე მოხვდა. ფერნანდო სანტუშის შეგირდებმა ჯგუფში სამივე მატჩი ფრედ ითმაშეს, მერვედფინალში ხორვატიასთან მხოლოდ 117-ე წუთზე შეძლეს ერთადერთი გოლის გატანა, 1/4-ფინალში კი, პოლონეთის ნაკრები პენალტების სერიით გამოთიშეს. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელებს ჯერ არცერთი მატჩი ძირითად დროში არ მოუგიათ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არც წაუგიათ(!) მიზანი კი, როგორც ვხედავთ, საშუალებას ამართლებს.

დიდი ალბათობით, პირველ ნომრად დღევანდელ მატჩში უელსის ნაკრები ითმაშებს, პორტუგალია კი ჩვეულ სტილში, კონტრ-შეტევებზე შეეცდება წარმატების მიღწევას. აღსანიშნავია, რომ ბელგიამ სწორედ ასეთი შეცდომა დაუშვა და უელსს ბურთი გადააბარა, რაც მათთვის ფატალურად დასრულდა. პორტუგალია კონტრ-შეტევებზე სწრაფად ამოდის და დამანგრეველ ძალას წარმოადგენს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ რომელი გუნდი შეძლებს აღნიშნულ მატჩში მეორე სართულის მოგებას, რომელშიც უელსელებს ბადალი არ ჰყავთ.

დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მადრიდის „რეალის" ორი სუპერვარსკვლავის - კრიშტიანუ რონალდუსა და გარეთ ბეილის დაპირისპირებას ვიხილავთ. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალია გაცილებით დამოკიდებულია მის ლიდერზე, ვიდრე უელსი, დღევანდელ მატჩში მოედანზე რემზი არ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბეილს საკუთარ თავზე ბევრად მეტის აღება მოუწევს.

დღევანდელ შეხვედრაში ორივე გუნდი დანაკლისით იქნება. პორტუგალიელთგან დისკვალიფიცირებულია უილიამ კარვალიუ, უელსელებს კი ამავე მიზეზით, გუნდის წამყვანი მოთამაშეები - რემზი და დევისი ვერ დაეხმარებიან.

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ტრავმირებული პეპეს, გერეირუსა და ანდრე გომეშის თამაშიც.


გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:

 

პორტუგალია (4-4-2): პატრისიუ - ელიზეუ, კარვალიო, ფონტე, ვარო - მარიუ, დანილო პერეირა, გომეში, ადრიენი - რონალდუ, ნანი;


უელსი (3-5-2): ჰენესი - კოლინზი, ე.უილიამსი, ჩესტერი - ჰანტერი, ჯ.უილიამსი, ლედლი, ალენი, ტეილორი - ბეილი, რობსონ-კანუ.


 

არქივი