geo_flag eng_flag rus_flag

ბექა გორგაძე ნაკრებზე, კარიერასა და საფრანგეთზე
- +

6 ივლისი. 2016. 15:57


ბექა გორგაძე ის ახალგაზრდა მორაგბეა, ვისიც ქართველ გულშემატკივარს, მაღალი სათამაშო ინტელექტის გამო, განსაკუთრებით ეიმედება.


ბექა საქართველოს 20 წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო ახლახანს დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე და უელსთან მატჩში საუკეთესოდაც დაასახელეს. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2015 წელს, თბილისი თასზე, ურუგვაისთან მატჩში შედგა. ხოლო 2016 წელს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში გერმანიასთან, პირველი სანაკრებო ლელო მიითვალა. შემდეგ კი, მილტონ ჰეიგი რუმინეთთან მნიშვნელოვან მატჩშიც ენდო.


ბექა ახლახანს დაბრუნდა ინგლისიდან და გარდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისა, მასთან ბევრ საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ.


როგორ მოხვდი რაგბში. რატომ გადაწყვიტე ამ სპორტზე სიარული, სად დაიწყე და რამდენი წლის იყავი?

რაგბის თამაში დავიწყე კურიოზულად. თავიდან ვთამაშობდი ფეხბურთს 4 წლის ასაკიდან. საკმაოდ კარგად მიდიოდა საქმეები, მაგრამ ერთ ზაფხულს შევიტყე, რომ ჩემი გუნდი დაიშალა და იმ დღიდან ჩემმა ბიძაშვილმა მიმიყვანა რაგბზე - რუსთავის ხარებში. ვიყავი რვა წლის და შეიძლება ითქვას რომ თავიდანვე ალღო ავუღე ამ თამაშს.

როგორ მოხვდი საფრანგეთში და რამდენად გაგიჭირდა ასეთ ახალგაზრდულ ასაკში ახალ ქვეყანასთან შეგუება-ადაპტაცია?

საფრანგეთში წავედი 18 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც 18 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშე. ჩემპიონატიდან დაბრუნებისთანავე შემეხმიანა ფრანგი აგენტი და ასე აღმოვჩნდი მონ დე მარსანში. გუნდთან და ქვეყანასთან ადაპტაცია შეიძლება ითქვას რომ ძალიან არ გამჭირვებია. თავიდანვე ჩავედი ფსიქოლოგიურად მომზადებული, ვიცოდი რა დამხვდებოდა და როგორ დამხვდებოდა, მეგობრებიც მალევე გავიჩინე და ასე ვთქვათ, ის პირველი ადაპტაციის ტალღა გადავაგორე. დამეხმარა ისიც რომ ინგლისური ვიცოდი და ფრანგულის ათვისებაც მალე მოვახერხე.

რა განსხვავებაა ქართულ და ფრანგულ მიდგომებს შორის, რას აქცევენ იქ ყურადღებას, რაც საქართველოში ნაკლებად პრიორიტეტული იყო?

საფრანგეთში ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ახალგაზრდებს. ბავშვობიდანვე თვალს ადევნებენ და რა თქმა უნდა, რეალურად რომ შევხედოთ სიტუაციას, ვარჯიშის ხარისხი და ინტენსივობა იქ უფრო მეტია. თუმცა, მოხარული ვარ რომ საქართველოშიც არის პროგრესი ამ მიმართულებით. იწევს ასაკობრივ გუნდებში რაგბის დონე და დიდი იმედი მაქვს, რომ რამოდენიმე წელიწადში, საბავშვო გუნდებში მომზადება უფრო მაღალ დონეზე ავა. განსხვავება არის ასევე მიდგომა რაგბისადმი. უკვე საქართველოშიც ძალიან უყვართ რაგბი, მაგრამ საფრანგეთში ეს ყველაფერი მაინც სხვანაირადაა. მაგალითად, მონ დე მარსანი პატარა ქალაქია და ყველა ჩართულია რაგბში. სულ ყურადღების ცენტრში ხარ და სულ კონტაქტი გაქვს გულშემატკივრებთან. ასევე განსხვავებულია ვარჯიშის ხარისხი და ზოგადად მიდგომა - ბურთთან მეტი კონტაქტი აქვთ და ბავშვებს აძლევენ თავისუფლად თამაშის საშუალებას. როცა ვუყურებ პატარების ვარჯიშს, ისეთ ოფლოუდებს და პასებს აკეთებენ, რომ საქართველოში დღემდე არ ვართ ამ დონეზე. არ ითხოვენ მათგან შედეგებს და უბრალოდ ეუბნებიან რომ ითამაშონ თავისუფლად.

შენი აზრით, რა სათამაშო კომპონენტებში ჩამოვრჩებით წამყვან სარაგბო ქვეყნებს და რა არის საჭირო აღნიშნული ჩამორჩენის შესამცირებლად?

ჩემი აზრით, ჩვენ ძალიან შებოჭილები ვთამაშობთ და პატარაობიდანვე მიჩვეული ვართ რომ უნდა ვითამაშოთ შერკინებით, შეკრული თამაში. ხოლო ისინი ბავშვობიდანვე ეჩვევიან თავისუფლად თამაშს, საერთოდ არ აქცევენ შერკინებას ყურადღებას და არიან გაშლილ თამაშზე ორიენტირებულები. მართალია, ჩვენც ნელ-ნელა ვეწყობით ამ სტილზე, თუმცა ჩამორჩენა ჯერ კიდევ დიდია. თუმცა, ჩემი აზრით, ახლანდელი ლაღი და გახსნილი ბავშვები რომ წამოვლენ, ისინი შეცვლიან ქართულ რაგბს. თუ დავაკვირდებით, უკვე დიდი პროგრესია - წინა 20 წლამდეშიც, ახლანდელშიც და ეროვნულ ნაკრებშიც უკვე ვცდილობთ ხელით თამაშს, ხაზის გაშლას, თუმცა ის თავისუფლება და სილაღე მაინც გვაკლია.

რას ურჩევ საქართველოში მყოფ მორაგბეებს, რას მიაქციონ ყურადღება, რაზე იმუშაონ, რომ გაუადვილდეთ საზღვარგარეთ გადასვლის შემთხვევაში სწრაფი ადაპტაცია?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებას და ცოდნას. ძალიან რთულია უცხო ენის ცოდნის გარეშე თავის დამკვიდრება. ბევრი შემთხვევა გამიგია, რომ ზუსტად ენის უცოდინრობის გამო უარი უთქვამთ მოთამაშის აყვანაზე. იმიტომ რომ, მაგალითად გუნდში ქართველი არავინ იყო და ენის არცოდნის გამო ფიზიკურად ვერ დაიტოვებდნენ. ასევე, ჩემი გამოცდილებიდან რაც ვიცი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითდისციპლინას და სწორ აღდგენას: სწორი კვება, ძილი და ა.შ. თავიდან, პირველი რამოდენიმე თვე ძალიან გამიჭირდა ამ მხრივ საფრანგეთში. თუმცა, შემდეგ გადავდგი ეს ნაბიჯი და იმის მერე პრობლემები აღარ შემქმნია. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ მოთამაშემ ეს ყველაფერი დამოუკიდებლად უნდა შეძლოს და საკუთარ თავს მოერიოს.

მაინტერესებს შენი აზრი, რამდენად არიან მზად და შეძლებენ თუ არა ქართველი უკანახაზელები საფრანგეთის ელიტურ დივიზიონებში თამაშს?

ჩემი აზრით შეძლებენ. იგივე, წლევანდელ ახალგაზრდულ ნაკრებში არის რამოდენიმე ბიჭი, რომლებიც თავისუფლად ითამაშებდნენ პრო დ2-ის ესპუარებში. თუმცა, ჩამოყალიბებული სტერეოტიპების გამო, მათზე ნაკლები მოთხოვნაა. კლუბები პირდაპირ თხოვენ აგენტებს, რომ შერკინებაში მოუძებნონ ქართველი, ხოლო უკანა ხაზში კუნძულელი.

რა თვისებები უნდა ქონდეს კარგ #8-და რომელია ამ თვისებებიდან შენი ძლიერი და სუსტი მხარე?

შეიძლება ითქვას რომ კარგ #8-ს უნდა ქონდეს ყველაფერი: კარგი დაცვა, კარგი შეტევა, მოედნის ხედვა და უნდა შეეძლოს მაღალ ბურთებზე თამაში. აღარაფერს ვამბობ ტექნიკურ არსენალზე. იმიტომ რომ, დღევანდელ რაგბში, ყველა მაღალი კლასის #8 ძალიან ტექნიკურია. ჩემ თავში ალბათ გამოვყოფდი მაღალ ბურთებზე თამაშის უნარს. ბავშვობიდანვე კარგად ავითვისე ეს კომპონენტი და ყველა გუნდში მე მაყენებდნენ ხოლმე ასეთი ბურთების ასაღებად. მონ დე მარსანშიც კი, შეიძლება ძირითად შემადგენლობაში სპეციალურად დამაყენონ, რადგან მოწინააღმდეგის #10 ფეხით ბევრს ურტყამს და მე მაქსიმალურად უნდა ვეცადო, რომ ეს დაკიდებული ბურთები დავიჭირო. რაც შეეხება სუსტ მხარეს და იმას, თუ რაზე მაქვს კიდევ სამუშაო - შეიძლება ითქვას რომ ყველა კომპონენტში ჯერ კიდევ ბევრი მაქვს მოსამატებელი. არ შეიძლება თქვა, რომ რომელიმე კომპონენტში ძლიერი ხარ და იმაში აღარ ივარჯიშო. როგორც კი ჩათვლი მაგალითად, რომ ბოჭვის არეში ძლიერი ხარ და ვარჯიშს მოუკლებ, მომენტალურად დასუსტდები ამ ასპექტში და ეს ეხება ყველა სათამაშო კომპონენტს.

გადავიდეთ ახალგაზრდულ ნაკრებზე: შენ თამაშობდი შარშანდელ ალაფაზე და ითამაშე წელსაც - 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე. რა განსხვავება იყო ამ ორ გუნდს შორის და რამდენად გაგიჭირდათ ნაკრების ახალ წევრებთან შეთამაშება-ურთიერთგაგება მოედანზე?

ჩემი აზრით, სწორედ ეგ იყო განსხვავება და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა. შარშანდელი ალაფის გუნდი 16 წლიდან ერთად მოვდიოდით. იმ გუნდს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ძალიან ბევრ ტურნირში და ერთმანეთს უკვე თვალდახუჭული ვგრძნობდით. რაც შეეხება წლევანდელ გუნდს: ერთად არ ჩაგვიტარებია ბევრი თამაში. პირადად მე, ამ გუნდთან ერთად წელს შეხვედრა არ მქონდა ჩატარებული. ძალიან ბევრი ახალი სახე იყო, ვისთან ერთადაც ნათამაშები არ მქონდა არასდროს. ჩემი თავი რომ არ ავიღო და კიდევ რამოდენიმე ლეგიონერი, ვინც შეკრებაზე დროულად ჩამოსვლა ვერ მოახერხა, თვითონ გუნდსაც ძალიან ცოტა თამაში ქონდა ჩატარებული. წასულები იყვნენ არგენტინაში და ურუგვაიში, სადაც 2-2 შეხვედრა ჩაატარეს, ეგ იყო და ეგ. ძალიან მოხარული ვარ რომ ფიზიკურ მომზადებას დაეთმო ამდენი დრო და ამ კომპონენტში ძალიან კარგად ვიყავით, რაც შეგვეტყო კიდეც, მაგრამ თამაშების გარეშე არ გამოვა, იმიტომ რომ გუნდი უნდა იყოს შეკრული და ერთმანეთს უნდა გრძნობდნენ. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რაც დაგვაკლდა გადამწყვეტ მომენტებში, იყო სწორედ შეკრულობა, შეთამაშებულობა და გამოცდილება. შეიძლება, წლევანდელ გუნდში, ვინმე ინდივიდუალურად უკეთესი მოთამაშე იყო, მაგრამ შარშანდელი ნაკრები გაცილებით გამოცდილი იყო.

შარშანაც და წელსაც პრობლემები გვქონდა დისციპლინაში. შენი აზრით, რა არის ამდენი არასპორტული ფოლის მიღების მიზეზი და როგორ შეიძლება გამოსწორდეს?

ეს ალბათ მოდის ისევ ჩვენი შიდა ჩემპიონატიდან და პატარა ასაკიდან. ბავშვობაში სულ სხვანაირი იყო ჩვენი ჩემპიონატი - სულ შერკინება, სულ ჩხუბები. რომელი გუნდიც კარგად ჩხუბობდა, ის გუნდი უფრო „მაგარი" იყო. ალბათ, სწორედ ეს გამოგვყვა ბავშვობიდანვე გადმოვიდა ნაკრებში თამაშზე. ალბათ ესეც გამოცდილებამდე მიდის. პროფესიონალ მოთამაშეს ნაკლებად მოსდის მსგავსი გადაცდომები.

 მაინტერესებს, რამდენად რთულია თამაშის დროს ემოციების გაკონტროლება და თუნდაც მეტოქის პროვოკაციაზე არაყოლა?

 ალბათ ეს კონკრეტულ პიროვნებაზეა დამოკიდებული. პირადად ჩემთვის მარტივია ემოციების შეკავება, თუნდაც პროვოკაციის დროს. შემიძლია დავთმო, მაგრამ შემდეგ ვეცდები რომ სამაგიერო თამაშში გადავუხადო და დავჩაგრო. მაგალითად: კონტაქტში კარგად შევიდე, კარგი ბოჭვა გავუკეთო და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ მაქვს კონკრეტულ მომენტში თავის შეკავების უნარი. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მაგ დროს აფექტში ხარ და შეცდომა შეიძლება ყველამ დაუშვას - გამოცდილმა, პროფესიონალმა მოთამაშემაც კი. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ მსგავსი რამ ყველას შეიძლება მოუვიდეს, მათ შორის მეც.

ზელანდიასთან თამაშს თუ არ ჩავთვლით, ნაკრებმა ყველა შეხვედრაში იბრძოლა და უშანსოდ არავისთან ყოფილა. შენი აზრით, რა გვჭირდება იმისთვის, რომ უბრალოდ ბოლომდე კი არ ვიბრძოლოთ და კარგად ვითამაშოთ, არამედ წამყვან ნაკრებებთან მოგება დავიწყოთ, თუნდაც ოცწლამდელების დონეზე? იგივე უელსთან მაგალითად, ვისთანაც მხოლოდ ერთი ქულით წავაგეთ.

კონკრეტულად უელსთან, ჩემი აზრით ჩვენ დაგვაკლდა იმის რწმენა, რომ 6 ერის დიდი სლემით მომგებ გუნდთან გამარჯვება შეგვეძლო. საერთო რწმენა არ იყო. შეიძლება ვიღაცას სჯეროდა რომ გავიდოდით და მოვიგებდით. ყველა მოსაგებად გადის რა თქმა უნდა, მაგრამ თვითრწმენა აუცილებელია, რომ მეტოქესთან გამარჯვება შეგიძლია. შეიძლება 5 კაცს სჯეროდეს, მაგრამ გუნდურად გვაკლდა გამარჯვების რწმენა. ისინიც ალბათ არასერიოზულად მოგვიდგნენ. მით უმეტეს, პირველივე წუთებში ლელო დაგვიდეს და ალბათ იფიქრეს, რომ ზელანდიასთან მატჩის სცენარი განმეორდებოდა, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ დაცვის დალაგება და სწორედ ასეთმა დაცვამ შეგვაძლებინა რომ ბოლო წუთამდე სხვაობა მინიმალური იყო. ყველაზე მეტად რაც გვაკლია ასეთი ნაკრებების დასამარცხებლად, ალბათ არის მსგავს გუნდებთან თამაშის გამოცდილება.

მიუხედავად დიდი უპირატესობისა, იტალიასთან შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულით გავიმარჯვეთ. გარდა გაცუდებული კარში დარტყმებისა, კიდევ რა მიზეზები იყო, რამაც უპირატესობის ქულებში ასახვის საშუალება არ მოგვცა?

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა, იტალიასთან თამაშს დაემატა უკვე ნერვიულობაც. იმიტომ რომ, იცი დასაკარგი ბევრი გაქვს, შენთვის ფაქტიურად ფინალია, ყველა ვარიანტში უნდა მოიგო და გიჭირს ბოლომდე გაიხსნა. თუმცა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ იტალიაზე კარგი გუნდი ვიყავით და ყველა კომპონენტში ვაჯობეთ - შერკინებაში, დერეფნები თავიდან გაგვიფუჭდა, თუმცა შემდეგ გამოვასწორეთ, მოლში და დანარჩენ თამაშში, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, ფაქტიურად შანსი არ მივეცით. ბოლო ლელოზეც შეგვეძლო თავის დაცვა. თუმცა, ალბათ უფრო მოდუნებაა მიზეზი, რახან თამაში უკვე მოგებული იყო.


უნდა გკითხო დერეფანში ცუდ თამაშზეც. რას ვაკეთებდით არასწორად, რამაც ამდენი ბურთის დაკარგვა გამოიწვია?

ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ნერვიულობა და გამოუცდელობა. ძალიან დიდი წნეხი მოდიოდა კვაჭზე და გამომცხადებელზე. თუმცა, ვიზრდებით, გამოცდილებას ვიღებთ და შეცდომებზე სწავლით მივდივართ წინ. მოქმედებდა ამინდიც - ისე იყო დაგეგმილი, რომ პირველი ჰუკერი უნდა მისულიყო ბურთთან, თუმცა წვიმის გამო, სჭირდებოდა ბურთის გამშრალება, დრო იკარგებოდა და მეტოქეს მეტი დრო ჰქონდა დაცვის მოსამზადებლად.

როგორ შეაფასებდი კონკრეტულად შენს და მერე ნაკრების გამოსვლას ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე?

მოდი ჯერ ნაკრებზე ვიტყვი: მთლიანობაში, მიუხედავად წაგებებისა, წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი შეგვიძლია აქტივში ჩავიწეროთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი პროგრამა მინიმუმი შევასრულეთ და ერთი თამაში მოვიგეთ. და მიუხედავად ყველაფრისა, ექვსი ერის უძლიერეს გუნდებთან მოვახერხეთ ბოლომდე ბრძოლა და მხოლოდ მინიმალური სხვაობით დავმარცხდით. დარწმუნებული ვარ, რომ ირლანდიასთანაც კარგად ვითამაშებდით, იმიტომ რომ მომზადებული ვიყავით ფსიქოლოგიურად, მაგრამ ის ავადსახსენებელი ფაქტი მოხდა, რამაც ძალიან გაგვტეხა. ჩემ თამაშს რაც შეეხება, ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, თუმცა ვიტყვი რომ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ ტურნირზე და ვეცდები ეს გამოცდილება გამოვიყენო როგორც საფრანგეთში - კლუბში, ასევე, თუ საშუალება მომეცემა, ეროვნულ ნაკრებშიც.

ეროვნულ ნაკრებზეც მინდა გკითხო - მართალია, დიდი ხანი არ გასულა, რაც მთავარ გუნდში დებიუტი გქონდა, მაგრამ მაინტერესებს რამდენად რთულია იქ მოხვედრა და შენ პოზიციაზე არსებული დიდი კონკურენციის დაძლევა?

მოხვედრა რა თქმა უნდა ძალიან ძნელია, მაგრამ მოხვედრის შემდეგ შენარჩუნება არის ორმაგად და სამმაგად რთული. მოხვედრით შეიძლება ერთი შანსი მოგეცეს, მაგრამ ამ შანსს გამოყენება უნდა და შემდეგ შენარჩუნება. როგორც თავად ხედავთ, მესამე ხაზში ძალიან დიდი კონკურენციაა და ჩემზე გაცილებით გამოცდილი ბიჭები თამაშობენ, მაგრამ მე ფარ-ხმალის დაყრას არ ვაპირებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეროვნულ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდრო.

რუმინეთთან თამაშში, ერთ-ერთი შერკინების დროს ჩანდა, როგორ გიხსნიდა მამუკა გორგოძე რაღაცას. თუ გახსოვს, რას გეუბნებოდა იმ მომენტში და ზოგადად რა რჩევა-დარიგებებს გაძლევენ გამოცდილი მოთამაშეები თამაშის დროს?

ეგ მომენტი ზუსტად მახსოვს და შეეხებოდა თამაშის ტაქტიკას: სადაც მამუკა უნდა წასულიყო ბოლო რაქში, იქ მე წავედი, ხოლო თავად გადმოვიდა დარტყმაზე. ვარჯიშებზე სხვანაირად იყო, მაგრამ იმ კონკრეტულ მომენტში, როგორც მამუკამ მითხრა, რა თქმა უნდა ისე გავაკეთე. ზოგადად, რჩევა-დარიგებები რა თქმა უნდა მოდის გამოცდილი მოთამაშეებისგან. თუ რამე შემეშლება, შემისწორებენ და მე პირიქით, მოხარული ვარ და ყოველთვის მოვუსმენ. ისე კი, მამუკასნაირი მოთამაშის გვერდით თამაში ჩემთვის უდიდესი სტიმული და გამოცდილებაა.

გაგიჭირდა გუნდთან ადაპტაცია? რა დამოკიდებულება აქვთ ნაკრების სტაჟიან წევრებს ახალგაზრდების მიმართ, რამდენად გეხმარებიან ისინი ამ პროცესის გავლაში?

შემიძლია ვთქვა, რომ გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა. როცა ხედავენ რომ ახალგაზრდა მოთამაშე მოდის და შრომის სურვილი აქვს, პირიქით, გვერდში გიდგანან და ყველანაირად გეხმარებიან თვითონ ვარჯიშზე და ასევე მოედნის მიღმაც. დროსაც სულ ერთად ვატარებდით და ისე არ ყოფილა, თითქოს რახან მე პატარა ვიყავი, ამიტომ ცალკე უნდა დავმჯდარიყავი. ასე რომ, შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრებში ადაპტაცია ადვილად გავიარე და მოთამაშეებთანაც კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. პირადად მე ძალიან მეხმარება და დიდ სტიმულს მაძლევს ის დადებითი მუხტი, რაც ნაკრების წევრებისგან მოდის.

ვისი თამაში მოგწონდა ბავშვობაში, ვის ბაძავდი და ვინ იქონია ყველაზე დიდი გავლენა დღევანდელი ბექა გორგაძის სათამაშო სტილის ჩამოყალიბებაში?

ბავშვობაში ვინ მომწონდა, ალბათ მაგას კითხვა არ სჭირდება. ნებისმიერი ახალგაზრდა მორაგბე, ვინც არ უნდა გააჩეროთ, ალბათ ყველა გეტყვით, რომ მამუკა გორგოძე იყო მათი საყვარელი მოთამაშე და ვარსკვლავი. ჩემი დიდი იმედი და სურვილიც ის არის, რომ მივაღწიო იმდენს, რასაც მამუკამ მიაღწია და მქონდეს ისეთივე წარმატებული კარიერა, როგორიც მას აქვს. თუმცა, უშუალოდ ჩემს პოზიციაზე, ჩემი ფავორიტი იყო ახალზელანდიელი და ამჟამად „ოლ ბლექსის" კაპიტანი - ქირან რიდი, რომელიც თამაშობს ჩემთვის მისაბაძ რაგბს.

რა განსხვავებაა სამხრეთელი და ჩრდილოელი #8-ების თამაშში და შენ რომელი სტილი უფრო მოგწონს?

განსხვავება ალბათ უფრო ტექნიკაშია. ჩემი აზრით, სამხრეთელი რვა ნომრები უფრო ტექნიკურები არიან, ხოლო ევროპელები უფრო მეტად ძალისმიერ თამაშს ანიჭებენ უპირატესობას. მე პირადად სამხრეთული სტილი უფრო მომწონს.

ბოლოსკენ მინდა გკითხო სამომავლო გეგმებზე: ვიცი რომ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი გაკავშირებს. აპირებ ისევ დარჩენას, თუ არის სხვა გუნდების ვარიანტებიც?

ამ ეტაპზე ხელი მოვაწერე 2+1 ტიპის კონტრაქტს. შემოთავაზებებიც იყო ტოპ14-ის გუნდებიდან. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ბოლოს მაინც მონ დე მარსანში დარჩენა გადავწყვიტე. დარჩენის მთავარი მიზეზი არის სათამაშო დრო, რომელიც ჩემს კლუბში გაცილებით მეტი მექნება, ვიდრე ტოპ14-ის გუნდში. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემთვის ეს სეზონიც წარმატებული აღმოჩნდება. შარშან 12 თამაში ჩავატარე პრო დ2-ში, აქედან 4 შეცვლაზე და 8 ძირითადში. ასე რომ, დიდი იმედი მაქვს, წელსაც მომიწევს თამაში და დიდ გამოცდილებას მივიღებ. იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის მთავარია სათამაშო პრაქტიკა მქონდეს, ვიდრე ვირიცხებოდე ძლიერ კლუბში და ან საერთოდ ვერ ვითამაშო, ან მხოლოდ რამოდენიმე წუთით. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მათამაშებდნენ თამაშებს, მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ, ჯერ ძალიან გამიჭირდება ასეთ მაღალ დონეზე სტაბილურად თამაში, ამიტომაც ვამჯობინე მონ დე მარსანში დარჩენა. ჩემი აზრით, ჯობია პრო დ2-ში იყო და ითამაშო, ვიდრე ტოპ14-ის გუნდში ირიცხებოდე და ესპუარებში გიწევდეს პრაქტიკის მიღება.

ვის მოიაზრებ კლუბში კონკურენტად #8-ზე და რა პლიუსები აქვს მას?

მესამე ხაზიდან ორი მოთამაშე წავიდა, თუმცა ორიც ახალი მოიყვანეს. მაგრამ, ძირითადი კონკურენტი ისევ იგივე რჩება - ძალიან გამოცდილი ტონგელი ტაულანგა, რომელმაც ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჩემი უპირატესობა ალბათ ისაა რომ გაცილებით ახალგაზრდა ვარ, თუმცა თავად იმხელა გამოცდილება აქვს და ისეა დამკვიდრებული კლუბში, რა თქმა უნდა გამიჭირდება მისი ძირითადი შემადგენლობიდან ამოგდება. მისი დიდი პლიუსი ისაა, რომ შეტევაში ძალიან ეფექტურია.

დიდი მადლობა ბექა ინტერვიუსთვის და წარმატებას გისურვებთ როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში.

პირიქით, დიდი მადლობა!


 

წყარო : wyaro
არქივი