geo_flag eng_flag rus_flag

ტიტანების ბრძოლა - იტალია ძალებს გერმანიასთან მოსინჯავს
- +

2 ივლისი. 2016. 17:14


ევრო 2016-ის ნახევარფინალურ ეტაპზე იტალიის ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა საკმაოდ დიდ ინტერესს ბადებს და თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ წინ ფინალის ტოლფასი შერკინება გველის.

გერმანელებმა ჯგუფური ეტაპი საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარეს და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით არცერთი მეტოქე არ გაუნადგურებიათ, ორი გამარჯვებითა და პოლონეთთან ნულოვანი ფრეთი საჭირო 7 ქულა დაბევება აქტივში და ჯგუფი პირველი ადგილით დატოვა.

1/8-ფინალურ ეტაპზე იოახიმ ლიოვის შეგირდებს უხერხული მეტოქე - სლოვაკეთი შეხვდათ, თუმცა აქ უკვე ნამდვილი გერმანული მანქანა ამუშავდა, რომელმაც სამი უპასუხო გოლის გატანა შეძლო და დამაჯერებლად გავიდა მომდევნო ეტაპზე.

იტალიის ნაკრებმა ასპარეზობა სიურპრიზით დაიწყო. ანტონიო კონტეს ნამდვილად არ ჰყავს ყველა დროის საუკეთესო შემადგენლობა, თუმცა ფეხბურთელები საკმაოდ გუნდურად თამაშობენ და შედეგსაც აღწევენ. „სკუადრა აძურამ" პირველ მატჩში ფავორიტი ბელგია 2:0 დაამარცხა, შემდეგ შვედებთან მოიპოვა საჭირო 3 ქულა (1:0) და ირლანდიასთან მინიმალური სხვაობით მარცხის მიუხედავად (0:1), ჯგუფი მაინც პირველი ადგილით დატოვა.

1/8-ფინალში ყველაზე რთული მეტოქე კონტეს შეგირდებს ერგოთ, მათ მოქმედი ევროპის ჩემპიონის - ესპანეთის დამარცხება სჭირდებოდათ, რაც საუცხოოდ შეასრულეს და ვისენტე დელ ბოსკე სახლში გაამგზავრეს. ახლა იტალიელთა წინაშე მორიგი რთული დავალებაა - გერმანიის ბარიერის გადალახვა.

იტალიელებს დღეს დისკვალიფიცირებული მოტა და ტრავმირებული დე როსი და კანდრევა ვერ დაეხმარებიან. გერმანიის შემადგენლობა კი სრულად საბრძოლოა.

ფავორიტებად გერმანელები სახელდებიან, თუმცა იტალიამ უკვე 2-ჯერ მოახერხა მიმდინარე ტურნირზე ფავორიტთან გამარჯვების მოპოვება. გუნდებს შორის დაპირისპირება დღეს, ბორდოში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. შეხვედრას უნგრელი არბიტრი ვიქტორ კაშაი გაძღვება.


სავარაუდო შემადგენლობები:

 

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, მუსტაფი, ბოატენგი, ჰექტორი - ხედირა, კროოსი - მიულერი, იოზილი, დრაქსლერი - გომესი;


იტალია (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ფლორენცი, ჯაკერინი, პაროლო, სტურარო, დე შილიო - ედერი, პელე;


ტრავმირებულები: დე როსი, კანდრევა (ორივე - იტალია);


დისკვალიფიცირებული: მოტა (იტალია).


ურთიერთშეხვედრები:

 

-         გერმანიამ ვერცერთხელ ვერ მოახერხა იტალიის დამარცხება წინა 8 დიდ ტურნირში.

-         „ბუნდესგუნდმა" იტალიელთა დამარცხება მიმდინარე წლის მარტში, ამხანაგურ შეხვედრაში შეძლო - 4:1, თუმცა, ბოლო 5 ურთიერთშეხვედრაში 3-ჯერ ფრე დაფიქსირდა, ევრო 2012-ის ნახევარფინალში კი იტალიამ იმარჯვა.




 

არქივი