geo_flag eng_flag rus_flag

უელსი ნახევარფინალშია - ბელგია ტურნირს გამოეთიშა
- +

2 ივლისი. 2016. 16:30


ევრო 2016-ის 1/4-ფინალურ ეტაპზე უელსის ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა. შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა და საკმაოდ სანახაობრივი, დაძაბული დაპირისპირება ვიხილეთ. მატჩის წინ, ფავორიტებად ბელგიელები მოიაზრებოდნენ და საწყის წუთებზე მათი უპირატესობაც გამოიკვეთა. მე-13 წუთზე, რაჯა ნაინგოლანმა ყუმბარისებული გასროლით აიღო უეინ ჰენესის კარი და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა.

გატანილი გოლის შემდეგ ბელგიელები მოდუნდნენ, ბურთი მეტოქეს ჩააბარეს და კონტრშეტევებზე საკუთარ შანსებს დაელოდნენ. ამან შედეგი ვერ გამოიღო და 31-ე წუთზე, ეშლი უილიამსმა ზუსტი თავურით წონასწორობა აღადგინა 1:1.

მეორე ტაიმის საწყის წუთებზე მარკ ვილმოტსმა გაურკვეველი გადაწყვეტილება მიიღო და მოედანზე მარუან ფელაინი ფერეირა-კარასკოს ნაცვლად შემოიყვანა. ფელაინის გამოყვანის მიზეზი გასაგებია, რომ ბელგია მეორე სართულს აგებდა და ამ უკანასკნელს თავით თამაში კარგად ეხერხება, თუმცა კარასკოს გაყვანით შემტევი პოტენციალი მოაკლდა გუნდს.

55-ე წუთზე, რობსონ-კანუმ საოცარი მოძრაობით ერთბაშად 3 ბელგიელი მცველი ჩამოიტოვა, მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და უელსელები წინ გაიყვანა - 2:1. დარჩენილ დროში ბელგია წონასწორობის აღდგენას შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. უფრო მეტიც, 86-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა სემ ვოკსმა ზუსტი თავურით ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 3:1 უელსელთა სასარგებლოდ დააფიქსირა, საკუთარი გუნდი 1/2-ფინალში გაიყვანა და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი - ბელგია, ასპარეზობას გამოთიშა. უელსის ნაკრები ნახევარფინალში პორტუგალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.


უელსი Vs ბელგია   3:1

 

გოლები: უილიამსი (31'), რობსონ-კანუ (55'), ვოკსი (86') - ნაინგოლანი (13');


უელსი (3-5-2): ჰენესი - ჩესტერი, ეშლი უილიამსი, დევისი - ტეილორი, ალენი, ლედლი (78' კინგი), რემზი (90' კოლინზი), ჰანტერი - რობსონ-კანუ (80' ვოკსი), ბეილი;


ბელგია (4-2-3-1): კურტუა - მენიე, ალდერვეირელდი, დენაიერი, დ.ლუკაკუ (75' მერტენსი) - ნაინგოლანი, ვიტსელი - კარასკო (46' ფელაინი), დე ბრუინი, აზარი - რ.ლუკაკუ (83' ბატშუაი);


გაფრთხილებები: დევისი, ჩესტერი, ჰანტერი, რემზი - ფელაინი, ალდერვეირელდი.


 


 

არქივი