geo_flag eng_flag rus_flag

პოლონეთი Vs პორტუგალია - ბრძოლა ღირსების აღსადგენად (პრევიუ)
- +

30 ივნისი. 2016. 16:50


 

ევრო 2016-ის მეოთხედფინალურ ეტაპს პოლონეთისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება გახსნის. შეხვედრა მარსელში, „ველოდრომზე", თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. მატჩს გერმანელი არბიტრი ფელიქს ბრიხი განსჯის.

ალბათ ცოტას თუ ეგონა, რომ ყველაზე სუსტ ჯგუფში მესამე ადგილზე გასული პორტუგალიის ნაკრები ტურნირიდან ხორვატთა გამოთიშვას შეძლებდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა ორივე გუნდზე შეიძლება ითქვას, რომ მეტის რესურსი გააჩნია და სათანადო ფეხბურთს ვერ აჩვენებს. ხორვატებმა მიმდინარე სეზონში ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარეს და 117-ე წუთზე, რიკარდო კვარეჟმას გოლითაც დაისაჯნენ.

პორტუგალიელთა მთვარ დამრტყმელ ძალად კვლავინდებურად კრიშტიანუ რონალდუ რჩება, რომლის შეჩერების შემთხვევაშიც, პოლონელებს კარგი შანსები გაუჩნდებათ ნახევარფინალში გასაღწევად. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ პოლონელთა რიგებში  საერთაშორისო დონის რამდენიმე ვარსკვლავი თამაშობს, ჯერ მარტო რობერტ ლევანდოვსკის სახელი და გვარი რად ღირს. „ბაიერნის" ფორვარდი მიმდინარე გათამაშებაში სათანადოდ ვერ გამოიყურება და ვნახოთ, რამდენად მოახერხებს დღევანდელ მატჩში გაბრწყინებას.

პოლონელები ჯგუფურ ეტაპზე საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. მათ C ჯგუფში ასპარეზობა მეორე ადგილზე, წაუგებელი სერიით, 7 ქულით დაასრულეს. 1/8-ფინალში პოლონელები შვეიცარიას შეერკინენ. შეხვედრა ფრედ - 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც ადამ ნავალკას შეგირდებმა ხუთი 11-მეტრიანი დარტყმა უბადლოდ შეასრულეს და მეტოქე პენალტების სერიაში 5:4 დაჯაბნეს.

ფერნანდუ სანტუშმა ხორვატიასთან მატჩის წინ მცირედი ცვლილებები შეიტანა შემადგენლობაში და მოედანზე სედრიკი, ფონტე და სილვა გამოუშვა. დარწმუნებით ვერ ვიტყვით რამდენად ითამაშებენ ეს ფეხბურთელები საწყისი წუთებიდან, თუმცა ფონტემ ძირითადში ადგილი ნამდვილად დაიმსახურა. პორტუგალიელი სპეციალისტი ტრადიციულად მოედნის ცენტრს დატვირთვს და შეტევაში რონალდუსა და ნანის გაუშვებს.

ადამ ნავალკა ალბათ საკუთარ თავს არ უღალატებს და მოედანზე იმ ფეხბურთელებს უხმობს, რომლებმაც აქამდე წარმატებას მიაღწიეს. ფლანგებიდან ბლაშიკოვსკი და გროსიცკი შეუტევენ, შემტევ ხაზში კი მილიკი და ლევანდოვსკი განთავსდებიან.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთმა საკუთარი კარის უსაფრთხოებას მეტი ყურადღება დაუთმოს, ვიდრე შეტევას, რადგან ხორვატებმა უკვე დაამტკიცეს, რომ სანტუშის გუნდთან ასეთი თამაში არამომგებიანია. მითუმეტეს რომ, პოლონელთა დაცვა იმდენად უცოდველი არ არის, რამდენადაც ჯგუფურ ეტაპზე გამოიყურებოდა.

საფეხბურთო ექსპერტები და გულშემატკივრები თანაბრად აფასებენ გუნდების შანსებს, თუმცა ფავორიტად უმრავლესობა პორტუგალიელებს მოიაზრებს, რადგან მათი ლიდერი გაცილებით ეფექტურად თამაშობს, ვიდრე პოლონელთა ცენტრფორვარდი, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში გოლის გატანა ჯერ ვერ შეძლო.

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:

 

პოლონეთი (4-4-2): ფაბიანსკი - ენჟეიჩიკი, პაზდანი, გლიკი, პიშეკი - გროსიცკი, კრიხოვიაკი, მაჩინსკი, ბლაშიკოვსკი - მილიკი, ლევანდოვსკი;


პორტუგალია (4-4-2): პატრისიუ - გერეირო, ფონტე, პეპე, ვეიერინია - გომეში, კარვალიო, სანჩესი, მარიუ - რონალდუ, ნანი.


საინტერესო ფაქტები:


-         პორტუგალია პოლონელთა დამარცხებას უკვე 3 მატჩია ვერ ახერხებს.

-         უკანასკნელი სამიდან ორ მატჩში პოლონელებმა პორტუგალიელებს 2-2 გოლი გაუტანეს.

-         „სელესაომ" 3-დან მხოლოდ 1 მატჩში გაუტანეს პოლონელებს 1-ზე მეტი გოლი.



 

არქივი