geo_flag eng_flag rus_flag

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი დღეს გაიხსნება
- +

10 ივნისი. 2016. 15:29


 

ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის ნამდვილი ზეიმი დგება. ამჯერად ერთი თვის განმავლობაში ბებერი კონტინენტის მკვიდრთა დიდებულ შეხვედრებს მივადევნებთ თვალს.


ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი სტარტს დღეს აიღებს. ტურნირს, რომელსაც წელს საფრანგეთი მასპინძლობს, საფრანგეთისა და რუმინეთის დაპირისპირება გახსნის. გახსნის დღეს, ფეხბურთის მოყვარულებს მხოლოდ ამ ერთი მატჩით მოუწევთ დატკბობა, ხვალიდან კი ყოველდღიურად ევროპის საუკეთესო ნაკრებების 3-3 დაპირისპირებას წარმოგვიდგენენ.

A ჯგუფის მეორე მატჩი ხვალ, 17 საათზე გაიმართება, რომელშიც ალბანეთი შვეიცარიას დაუპირისპირდება. 20 საათზე უელსი სლოვაკეთს შეერკინება, B ჯგუფის პირველ წრეს კი 23 საათზე ინგლისისა და რუსეთის ნაკრებთა ორთაბრძოლა დააგვირგვინებს.

ევროპის ჩემპიონატის ბოლო 2 გათამაშება ესპანეთის გამარჯვებით დასრულდა და მიუხედავად იმისა, რომ „ფურია როხა" საქართველოსთან მარცხით შეეგება პრესტიჟულ ტურნირს, ესპანელები მაინც ფავორიტებს შორის არიან. ტურნირის მოგებაზე ფსონს გულშემატკივართა და ექსპერტთა უმრავლესობა გერმანიაზე დებს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ფორმას არ კარგავს და ახალი ტრიუმფისთვის ემზადება. წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვთ ფრანგებსაც, რომლებიც ყველაფერთან ერთად, მასპინძლის სტატუსით ითამაშებენ.

ფავორიტთა შორის ხშირად მოიხსენიებენ ინგლისსა და ბელგიას. ბრიტანელები საკმაოდ კარგად დაკომპლექტებული შემადგენლობით იბრძოლებენ და ვნახოთ, რამდენად მიაღწევენ დასახულ მიზნებს. რაც შეეხება ბელგიას, ამ გუნდს უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს - თითქმის ყველა პოზიციაზე მსოფლიო საფეხბურთო ვარსკვლავები გამოდიან, თუმცა გუნდს ჩემპიონის ფსიქოლოგია აკლია და ვნახოთ რამდენად მოახერხებენ აღნიშნულ ტურნირზე მნიშვნელოვანი თამაშების მოგებას. ერთი სიტყვით, როგორც ამბობენ-ბურთი მრგვალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ ამ უდიდესი საფეხბურთო ზეიმის ცქერით დავტკბეთ და მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ.




 

არქივი