geo_flag eng_flag rus_flag

გიორგი ნავალოვსკიმ გინების გამო მოიბოდიშა
- +

9 ივნისი. 2016. 14:21


საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ნავალოვსკიმ, ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოიხადა. საქმე იმაში გახლავთ, რომ მოქმედი ევროპის ჩემპიონების დამარცხების შემდეგ, გორის „დილას" მარცხენა მცველმა სოციალურ ქსელში გინების შემცველი პოსტი დადო, სადაც შეურაცხყოფა იმ ადამიანებს მიაყენა, რომლებიც ქართველ ფეხბურთელებს სლოვაკეთთან და რუმინეთთან დამარცხების შემდეგ აგინებდნენ.


„ვწუხვარ გუშინდელი ჩემი სტატუსის გამო. მაყურებელი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და მათ გარეშე ფეხბურთის თამაში წარმოუდგენლად მესახება. ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც ვთვლი, რომ ჩვენი მაყურებელი ერთ-ერთი ყველაზე ღირსეულია. სწორედ ამიტომ, გუშინდელი პოსტის გამო ბოდიშს ვიხდი. დიდი ემოციის გამო, ჩემი სათქმელი არასწორად გადმოვეცი", - განაცხადა ნავალოვსკიმ.


შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ ევროპულ შეკრებაზე „ჯვაროსნებმა" სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს, რომელთაგან ორში განადგურდნენ (სლოვაკეთთან 1:3, რუმინეთთან 1:5), თუმცა შეკრება ესპანეთზე გამარჯვებით დაასრულეს (1:0).


 

არქივი