geo_flag eng_flag rus_flag

ფინანსთა მინისტრის მოადგილე იმ სახელმწიფო უწყებებს ასახელებს, რომლებშიც შრომის ანაზღაურების ფონდი შემცირდება
- +

9 დეკემბერი. 2016. 19:56



ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილება, განაცხადა, რომ შსს-ს დაფინანსება, მათ შორის შრომის ანაზღაურების ნაწილში, მცირდება და ეს თანხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადადის.


ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ რატომ უმცირდება შრომის ანაზღაურების ნაწილში ბიუჯეტი შსს-ს და რატომ ეზრდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.


„2015 წლის შუა ნაწილში მოხდა შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთმანეთისგან გამიჯვნა. მართალია, 2016 წლის ბიუჯეტი დაიგეგმა 2015 წელს, თუმცა პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ თანხების გაყოფა სწორი არ იყო. ამიტომ დღეს შსს-ს უწევს, დააფინასოს გარკვეული ღონისძიებები და ხარჯები, რომლებიც რეალურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხმარდება. ხელფასების პრობლემა არსებულ შტატებზე დღესაც აქვს სუს-ს. იმისთვის, რომ მომდევნო წელს ერთი უწყების მიერ მეორე უწყების დაფინანსების აუცილებლობა აღარ იყოს, ამიტომ მცირდება შსს-ს დაფინანსება, მათ შორის შრომის ანაზღაურების ნაწილში და ეს თანხა გადადის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში", - განაცხადა კაკაურიძემ.


ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომელ სახელმწიფო უწყებებში რამდენი პროცენტით შემცირდება 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით შრომის ანაზღაურების ფონდი.


„თითოეულ სამინისტროს ვალდებულება აქვს, მოახდინოს ოპტიმიზაცია და ბიუჯეტის 6 თვის შესრულებასთან ერთად, ჩვენ წარმოვადგენთ გამოთავისუფლებულ რესურსებს და შევამცირებთ საშტატო ერთეულების რაოდენობას. მოგახსენებთ, რომ პარლამენტს არ უმცირდება შრომის ანაზღაურების ფონდი, არ უმცირდება ასევე პრეზიდენტს. რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციას, აქ შემცირებულია 12%-ით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ არის შემცირებული, ცესკო არ არის შემცირებული, რადგან მისი ბიუჯეტი და შრომის ანაზღაურება პარლამენტრს აქვს დამტკიცებული. სასამართლო სისტემაში პირიქით ზრდა გვაქვს, გუბერნატორების აპარატებში შემცირება არის 9-12%. შემცირებაა ასევე სახელმწიფო მინისტრების აპარატებში. კერძოდ: ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს უმცირდება 9%-ით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში შემცირებაა 9.9%, ფინანსთა სამინისტროს შემთხვევაში შრომის ანაზღაურების ფონდი შემცირებულია 15%-ით, ეკონომიკის სამინისტროში ასევე 15%, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ჯამურად შემცირებაა 5.6%.

2017 წლის ბიუჯეტის პროექტით ასევე მცირდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შრომის ანაზღაურების ფონდი, თუმცა აღნიშნული შემცირება ეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ პერსონალს და არა უშუალოდ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს.

არ შემცირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს შრომის ანაზღაურების ფონდი, ვინაიდან დაემატა გარკვეული ფუნქციები. კერძოდ, შეუერთდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. თავდაცვის სამინისტროში შემცირებაა 6.4%-ით და ეხება ადმინისტრაციულ ნაწილს. განათლების სამინისროში შემცირებაა ჯამში 7.8% ჯამში, თუმცა არ შევეხეთ სამეცნიერო დაწესებულებებს. კულტურის სამინისტროში მცირედით ზრდაც არის, ვინაიდან თეატრებსა და დასებს უკვე აღარ აფინანსებენ მუნიციპალიტეტები და ახლა მათ კულტურის სამინისტრო გამოუყოფს დაფინანსებას. დევნილთა სამინისტროში შემცირებაა 3.5%, ჯანდაცვის სამინისტროში აპარატების ხარჯებშია გათვალისწინებული შემცირებები, მაგრამ სასწრაფოების ექიმებს არ ეხებათ და აქ ზოგიერთ შემთხვევაში გარკვეული ზრდაც გვაქვს. 14-14%-ით მცირდება გარემოს დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროების შრომის ანაზღაურების ფონდები", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 

 

 

არქივი