geo_flag eng_flag rus_flag

გიორგი მღებრიშვილი ოთარ კახიძეს: ერთ ანეკდოტს მახსნებთ, „ნასოსზე“
- +

25 ნოემბერი. 2016. 17:32

 

„საქსტატს" კვარტალში ერთხელ მიეწოდება ჩვენგან სტატისტიკა და რა გინდათ ახლა, დავიგინო თუ დავიფიცო?" - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრის ოთარ კახიძის ბრალდებას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის, მათ შორის ყაჩაღობის რეგისტრაციას არ ახდენს.


მღებრიშვილმა მიმართა კახიძეს, ერთი ყაჩაღობის ფაქტი მაინც დაესახელებინა, რომელიც არ დაარეგისტრირა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ოთხარ კახიძემ განაცხადა, რომ რასაც არეგისტრირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, შემდეგ არ აქვეყნებს.


„ერთი კონკრეტული ფაქტი მაინც მომიყვანეთ, რომლის შესახებ ხართ ინფორმირებული და არ დავარეგისტრირეთ ჩვენ. ასე უაპელაციოდ საუბარი არ გამოდგება", - განაცხადა მღებრიშვილმა.


მისივე თქმით, „საქსტატს" 3 თვეში ერთხელ მიეწოდება სტატისტიკა, რომელიც კვარტალში ერთხელ აქვეყნებს ამას, რაზეც კახიძემ უპასუხა, რომ შეუძლია ახლავე გახსნას „საქსტატის" გვერდი და შსს-ს სტატისტიკა არ დევს.


„საქსტატს" კვარტალში ერთხელ მიეწოდება ჩვენგან სტატისტიკა და რა გინდათ ახლა, დავიგინო თუ დავიფიცო, ვერ გავიგე, არ მესმის", - განაცხადა მღებრიშვილმა, რაზეც კახიძისგან ისევ მიიღო პასუხად, რომ ეს მონაცემები არ დევს „საქსტატზე".


მღებრიშვილმა მიმართა კახიძეს, თუ აინტერსებს სტატისტიკა და ვერ პოულობს, მიმართოს შს სამინისტროს.

 

„ეს საჯარო ინფორმაციაა, მოგვმართეთ და მოგცემთ. არაფერი არ იმალება. „საქსტატს" მიეწოდება, ქართულად გეუბნებით", - უპასუხა მღებრიშვილმა. ამის შემდეგ ოთარ კახიძე დაინტერესდა, რამდენი ბანკი დააყაჩაღეს 2012 წელს და 2016 წელს, რაზეც მღებრიშვილმა უპასუხა, რომ რამდენი ყაჩაღობაც მოხდა, იმდენი აღრიცხეს სტატისტიკაში.

 

„თქვენ ხართ პირველები შემთხვევის ადგილზე. ჩვენ ყველა ყაჩაღობას აღვრიცხავთ სტატისტიკაში. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ყაჩაღობა არ არის გაზრდილი, შემცირებულია", - განაცხადა მღებრიშვილმა, რაზეც კახიძემ უპასუხა, რომ რა თქმა უნდა, შემცირდება მაჩვენებელი, თუ არ დაარეგისტრირა შსს-მ.


ამის შემდეგ მღებრიშვილმა კახიძეს მიმართა, რომ ერთ ანეკდოტს ახსენებს.


„კიდევ გეუბნებით, წეღანაც გითხარით, ერთ ანეკდოტს მახსნებთ, „ნასოსზე", - მიმართა კახიძეს მღებრიშვილმა და აღნიშნა, რომ ის ჩასაფრებულის პოზიციიდან საუბრობს.



 

არქივი