geo_flag eng_flag rus_flag

გრიგორი კარასინი: რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციაზე უარს არ იტყვის
- +

21 ნოემბერი. 2016. 18:23


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე გრიგორი კარასინმა გამოცემა „სპუტნიკ ბელორუსიასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციაზე უარს არ იტყვის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან გარკვეულ პროგრესს მიაღწია.



„საქართველო ჯერ კიდევ დაჟინებით მოითხოვს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობასთან დაკავშირებით ჩვენს გადაწყვეტილებას გადავხედოთ. ეს დღეს რეალური არ არის და არც არასდროს იქნება. ჩვენ ამას ვუწოდებთ რეგიონში ახალ რეალიებს.

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა საქართველომ გაწყვიტა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ილუზიების შექმნა საჭირო არ არის. რუსეთი სამხრეთ ოსეთს ჯერ დამოუკიდებლობის დაცვაში დაეხმარა, შემდეგ კი ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა სცნო, რასაც თბილისის მხრიდან გაბოროტებული და ღიად ანტირუსული რიტორიკა მოჰყვა.

2012 წლის შემდეგ ვითარება შეიცვალა და საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე ფიქრი დაიწყო,

მხარეები სავიზო რეჟიმის მნიშვნელოვან ლიბერალიზაციაზე წავიდნენ. მიღებული გადაწყვეტილების არსი ის არის, რომ ნებისმიერ რუსს საქართველოს მოქალაქის დაპატიჟება რაიმე სახის გართულების გარეშე შეუძლია, პროფესიისა და ნათესაობის ხარისხის მიუხედავად. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვიმყოფებით", - განაცხადა გრიგორი კარასინმა.


 

მისი თქმით, მოსკოვი კმაყოფილია ჰუმანიტარული კონტაქტების გამოსწორების ხარისხით.

 

კარასინის განცხადებით, რუსეთი საქართველოსთვის 5 ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორთა რიცხვში შევიდა, რუსეთის ბაზარი კი ქართული ღვინისა და მინერალური წყლებისთვის გაიხსნა.

 

 

 

 

არქივი