geo_flag eng_flag rus_flag

გიორგი კვირიკაშვილი იტალიის რესპუბლიკას ეწვევა
- +

7 ნოემბერი. 2016. 17:29



2017 წლის იანვარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იტალიის რესპუბლიკას ეწვევა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და  იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის პაოლო ჯენტილონის შეხვედრაზე აღინიშნა. მხარეებმა  საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები განიხილეს.


ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. მხარეებმა აღინიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა  და ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ  გამოწვევებს, მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებს,  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებულ ვითარებას. პაოლო ჯენტილონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.


შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. გიორგი კვირიკაშვილმა პაოლო ჯენტილონის ვიზიტი იტალიის მთავრობის მხრიდან გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად შეაფასა.


„ამ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განვიხილავთ იტალიის მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად. დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის სტუმრობა ახალ იმპულსს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრისას  ყურადღება გავამახვილეთ  ორმხრივ ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის მზარდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ასევე, რეგიონულ და გლობალურ პროცესებზე.  დღეს, მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე; მათ შორის  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  არსებულ ვითარებაზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერის თქმით, საქართველო თანმიმდევრულად და უწყვეტად აგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მისივე განმარტებით, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობასა და საქართველოში მეტი იტალიური ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე.

 

„მეტად დინამიურია  საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობა  კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.  ვფიქრობ, რომ  უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ამ მიმართულებით არაერთი წარმატებული პროექტის მომსწრენი გავხდებით.  დასასრულს, კიდევ ერთხელ გამოვხატავ  კმაყოფილებას იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის პაოლო ჯენტილონის  ვიზიტთან დაკავშირებით. მინდა გამოვთქვა კმაყოფილება, რომ ჩვენ განვიხილეთ ჩემი იტალიაში მომავალი ვიზიტის საკითხები და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი, რომელიც შედგება იანვარში, იქნება ახალი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დასაწყისი. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მზარდი ურთიერთობები ამ ვიზიტის შემდგომ შეიძენს ახალ დინამიკას და ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვუყურებთ მომავალს," - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ  მადლობა გადაუხადა საქართველოს მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები ახლო მომავალში მნიშვნელოვნად გაღღმავდება.

 

„იტალია ნამდვილად შეგიძლიათ მოიაზროთ, როგორც  ერთ-ერთი მეგობარი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს  სვლას ევროიტეგრაციისკენ და ნატოსკენ. ეს გზა ნაბიჯ-ნაბიჯ გაქვთ გასავლელი და გქონდეთ იტალიის მხრიდან თითოეული ნაბიჯის მხარდაჭერის იმედი. რა თქმა უნდა, იტალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მის ტერიტორიულ მთლიანობას.  ჩვენ გაგვაჩნია ურთიერთობების გაღრმავების დიდი პოტენციალი.დღეს  მე და პრემიერ-მინისტრმა ერთმანეთს ვუთხარით, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია იტალიაში ჩავატაროთ ბიზნესფორუმი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც საქართველოს ბიზნესწრეები, ისე იტალიის ბიზნესსექტორი, რაც კიდევ ერთი ბიძგი იქნება არსებული ურთიერთობების გაღრმავებისა. მოუთმენლად ველი პრემიერის ვიზიტს ახლო მომავალში", - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დღესვე ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს: „იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მემორანდუმს" და „იტალიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამეცნიერო-კულტურული თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების აღმასრულებელ პროგრამას".  ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.



 

არქივი