geo_flag eng_flag rus_flag

გიორგი კვირიკაშვილი სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
- +

3 ნოემბერი. 2016. 17:48


 




საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს ტიმოთი სილვესტერ ჰარისს შეხვდა.


საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე, მათ შორის გაერო-ს ფარგლებში.


შეხვედრისას აღინიშნა, რომ სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. საქართველოს მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა, სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციას გაუზიაროს წარმატებული რეფორმების გამოცდილება, მათ შორის - ელექტრონული მმართველობის, საჯარო სერვისების, საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებისა და სხვა მიმართულებებით.


ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას რეგიონულ ორგანიზაციებში; განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ასევე - ორი ქვეყნის სავაჭრო პალატებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.


სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი თბილისში „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის, მე-9 პლენარული სესიის ფარგლებში იმყოფება. გლობალური ფორუმის პლენარული სესია საგადასახადო პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის შეხვედრაა, რომელშიც ფორუმის წევრი 100-ზე მეტი სახელმწიფოსა და 14 საერთაშორისო ორგანიზაციის 250-მდე დელეგატი მონაწილეობს.




 

არქივი