geo_flag eng_flag rus_flag

კახა კახიშვილი საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელს შეხვდა
- +

1 ნოემბერი. 2016. 16:59



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში ლაილა ომარ გადის შეხვდა.


გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, კახა კახიშვილმა ლაილა ომარ გადის ბოლო წლებში საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებებზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების დაცვაზე ზრუნვა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. მისი თქმით, ხელისუფლების გააზრებული პოლიტიკის შედეგად, მიღებული იქნა კანონმდებლობა, რომელმაც საქართველო ევროპულ სტანდარტებს კიდევ უფრო დააახლოვა და მაქსიმალურად შემცირდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრის ფაქტები.


მინისტრის განცხადებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, ამოქმედდა არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე არასრულწლოვნებისთვის - შინაპატიმრობა ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით. ასევე, გადამზადდნენ თანამშრომლები, რომლებსაც არასრულწლოვნებთან აქვთ შეხება; მოქმედებს რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამები და შესაბამისადაა გამართული არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ინფრასტრუქტურა; ასევე, დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის სისტემა.


გარდა ამისა, კახა კახიშვილის განცხადებით, დაგეგმილია არასრულწლოვანთა და ახალგაზრდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის ახალი დაწესებულების მშენებლობა, რომლის პროექტი უკვე მზადაა. დაწესებულება სხვადასხვა კორპუსებს გააერთიანებს და მასში განთავსდებიან 14-18 წლამდე და 18-21 წლამდე ასაკის პატიმრები, რომლებიც სხვადასხვა საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩაერთვებიან, რაც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციას და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. მინისტრმა სტუმრებს დაწესებულების პროექტიც წარუდგინა.


„ადამიანის უფლებებზე ზრუნვა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. 2012 წლიდან, ამ მიმართულებით, არაერთი რეფორმა გატარდა. აღსანიშვანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც მთლიანად კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებზეა ორიენტირებული. ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობა და დღევანდელი შეხვედრა საქართველოში UNICEF-ის ხელმძღვანელთან. ჩვენ ამ კუთხით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში გატარებული რეფორმები განვიხილეთ, ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე", - განაცხადა კახა კახიშვილმა.


საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ლაილა ომარ გადიმ  სასჯელაღსულების სისტემაში არასრულწლოვანთა კუთხით გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით,  სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.


„სასიამოვნო იყო მინისტრთან გამართული დღევანდელი შეხვედრა, სადაც მიმდინარე რეფორმებზე ვისაუბრეთ. რეფორმების მთავარი მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფი ახალგაზრდებისთვის სასჯელის ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით მოხდის უზრუნველყოფა იყო. ძალიან მნიშვნელოვანია პატიმრობის ალტერნატიული სასჯელის დანერგვა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძლებეთ ევროკავშირთან ერთად თანამშრომლობას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სოციალურ მუშაკთათვის ტრენინგების უზრუნველყოფის კუთხით", - განაცხადა ლაილა ომარ გადიმ.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტმა კახა კახიშვილმა UNICEF-ის წარმომადგენლებს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დათვალიერება და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით შინაპატიმრობის აღსრულების პროცესის ადგილზე გაცნობა შესთავაზა.




 

არქივი