geo_flag eng_flag rus_flag

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვა დემოკრატიამ!
- +

31 ოქტომბერი. 2016. 15:17


 

„მინდა, ყველას მოგილოცოთ საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება. დღეს ჩვენს ქვეყანაში გაიმარჯვა დემოკრატიამ. ეს არის ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს გამარჯვება. ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, უკეთესი მომავლისკენ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა არჩევნების მიმდინარეობა და შედეგები შეაჯამა და აქვე, ყურადღება სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.

 

„ყველა შეფასებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული. დიდი მადლობა იმ მაღალი ნდობისთვის, რომელიც ჩვენს გუნდს გამოუცხადეთ. ეს პირადად ჩემთვის და „ქართული ოცნებისთვის", ჩვენი გუნდის ყველა წევრისთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მჯერა, რომ ღირსეულად გავართმევთ თავს ამ მოვალეობებს და ქვეყანას განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანთ.

 

„ქართული ოცნების" მხარდაჭერით, თქვენ ხმა მიეცით თავისუფლებას, სტაბილურობას, ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. ამ არჩევანის პოზიტიური შედეგები აუცილებლად აისახება ყოველი თქვენგანის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე. მადლობას გიხდით ყველას ასეთი ერთსულოვნებისთვის. ჩვენმა ხალხმა გამოავლინა მაღალი სამოქალაქო კულტურა, პირნათლად მოიხადა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი. მე პატივს ვცემ თითოეული ადამიანის თავისუფალ არჩევანს, იმის მიუხედავად, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმა. მთავარია, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ეს არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი.

 

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არჩევნების მონიტორინგში ჩართულობისათვის. მადლობა მედიას, ჟურნალისტებს, რომლებიც აშუქებდნენ პროცესებს.

 

ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ" მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩვენ ამ მანდატს გამოვიყენებთ იმისათვის, რომ აღარავის მიეცეს შესაძლებლობა, რომ კონსტიტუცია რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას მოარგოს. „ქართული ოცნებისთვის" საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხის წინაშე. რაც მეტია ხალხის ნდობა, მით უფრო მომთხოვნია საზოგადოება ხელისუფლების მიმართ.

 

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი და ამბიციური გეგმები, რომელიც განათლების სისტემის არსებით გაუმჯობესებაზე, ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. დიახ, დღეიდან იწყება აღმშენებლობის სრულიად ახალი ეტაპი საქართველოში და ჩვენ მზად ვართ, ქვეყნის წინსვლისთვის გადამწყვეტი ნაბიჯები გადავდგათ.

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დემოკრატიის ტესტის ჩაბარებას და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გამარჯვებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 



 

არქივი