geo_flag eng_flag rus_flag

დიმიტრი ხუნდაძე: 30 ოქტომბერი ჩვენი ღირსების ტესტია
- +

28 ოქტომბერი. 2016. 23:30



„ქართული ოცნების" მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ  წინასაარჩევნო კამპანია  საკუთარი ამომრჩევლისადმი მიმართვით დაასრულა. 3 დღეა ქალაქ  მცხეთასა და მცხეთის რაიონში დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მის  მხარდამჭერებს, პარლამენტის დეპუტატებს და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, ყველა ოჯახში შეაქვთ კანდიდატის ღია წერილი ამომრჩევლისადმი.  გთავაზობთ მიმართვის ტექსტს უცვლელად:


„ჩემო მცხეთელებო და მცხეთის რაიონის მკვიდრნო! მსურს მადლობა გადაგიხადოთ არჩევნებში მონაწილეობისთვის. 8 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ  ყველა ერთად ვაშენებთ  ძლიერ სახელმწიფოს. „ქართულმა ოცნებამ" დიდი გამარჯვება მოიპოვა. ეს გამარჯვება, როგორც უწმინდესმა ბრძანა, საქართველოს გამარჯვებაა.

 

მსურს განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ სიმტკიცისთვის და თავდადებისთვის, რაც ჩემი და ჩემი გუნდის მიმართ გამოიჩინეთ. ყოველთვის მჯეროდა, რომ მცხეთელები არ გაიყიდებოდნენ. ცდუნებას გაუძლო რაიონის მოსახლეობამაც. თქვენმა სიმტკიცემ გადაარჩინა ქალაქ მცხეთისა და რაიონის მომავალი! ჩვენ გავიმარჯვეთ და არჩევნების მეორე ტურში ეს გამარჯვება საბოლოოდ უნდა გავაფორმოთ!  უმორჩილესად გთხოვთ, არ მოტყუვდეთ! რაც არ უნდა გითხრან, რაც არ უნდა შემოგთავაზონ, არ დააბრუნოთ ჩვენი ქალაქი და რაიონი წარსულში.  იმ კორუმპირებულ გუნდს, რომელსაც თქვენ ერთხელ უკვე უთხარით უარი, არ მისცეთ თქვენი ქონების ხელმეორედ მიტაცების უფლება. ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენი კუთხეა და ჩვენვე უნდა მივხედოთ. მერწმუნეთ, დეპუტატობას ჩემთვის არანაირი პირადი სარგებელი არ მოუტანია. შემდგომი 4 წელიც მხოლოდ თქვენთვის მინდა ვიღვაწო. რასაც დაგპირდით, ყველაფერს შეგისრულებთ. მესმის, რომ პრობლემები ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ, მე ჩემი ქალაქის და ყველა სოფლის ტკივილი ვიცი. ჩემს გუნდთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თქვენი ტკივილი შევამსუბუქოთ.

 

გვენდეთ ხელისუფლებას! ჩვენ არასოდეს გვიღალატია სამშობლოსთვის! შეცდომები ნამდვილად გვქონდა, მაგრამ არა მტრული და დამღუპველი. „ქართული ოცნებისთვის" საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში არის თქვენთვის სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი. მხოლოდ ამ შემთხვევაში  ვეღარ შეგვიშლიან ხელს და მოგვეცემა საშუალება ჩვენი დანაპირების სრულად შესრულების. ამისათვის „ქართული ოცნების" უკლებლივ ყველა კანდიდატმა უნდა გაიმარჯოს მეორე ტურში.

 

მოდით არჩევნებზე! კიდევ ერთხელ დაგვიჭირეთ მხარი მმართველ პარტიას და მის კანდიდატს - დიმიტრი ხუნდაძეს!  კიდევ ერთხელ გვენდეთ თქვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის. არ შეაჩეროთ ჩვენი ქალაქის და რაიონის წინსვლა! არ მისცეთ უფლება, კიდევ ერთხელ შელახონ მცხეთის წმინდა მიწა! 30 ოქტომბერი  ჩვენი ღირსების ტესტია!" - წერს დიმიტრი ხუნდაძე.



 

არქივი