geo_flag eng_flag rus_flag

დაღესტნელი ბეგების შთამომავლის ბედობაზე გაწითლებული ცხვირი
- +

12 ივლისი. 2016. 12:13



 17 დეკემბერი, საეკლესიო კალენდრით წმინდა ბარბარეს სახელობის დღეა, ხალხში გავრცელებული აზრით - ბედობაც. ზოგის მტკიცებით ბედობა 2 იანვარია, თუმცა, მგონი ერთი მეორეს ხელს არ უნდა უშლიდეს, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ორივე დღეს მივანიჭოთ ეს უფლება.

ამბავი, რომელიც უნდა მოგითხროთ, სწორედ ამ ტრადიციას უკავშირდება. ვალტერ ბეკმურზა 90-იან წლებში გავიცანი ოჩამჩირეში, უცნაურად მოღრეცილი ცხვირის გამო ყველა „ბოქსიორას" ეძახდა. განგებამ ისე ინება, რომ დაღესტნელი დიდგვაროვანი ბეგების შთამომავლისა და ჩემი გზები კიდევ რამდენიმეჯერ გადაიკვეთა და აქედან მეგობრობადე ხომ არც ისე შორია. გასულ წელს 16 დეკემბერს ვალტერს კიკვიძის ბაღთან შევხვდი, ჩვეული სალამ-ქალამის შემდეგ შინ მიმიპატიჟა, აქვე ვცხოვრობ კინოთეატრ „საქართველოს" პირდაპირო, გაძალიანებამ არ გაჭრა და მალე „ბოქსიორას" ოროთახიან „ხრუშჩოვკაში" კეთილი გულით გაშლილ პატარა სუფრასთან ვისხედით. ჩვენი ამ ხნის ურთიერთობის მანძილზე სულ მაინტერესებდა, ეს ცხვირი ვინ ან რამ გაულამაზა და მეოთხე ჭიქის შემდეგ თამამად შევეკითხე. ახლა სიტყვას ჩემს გვარით დაღესტნელ და სულით ქართველ მეგობარს გადავცემ:

 - ბავშვობაში სპორტზე და მით უმეტეს, კრივზე არასდროს მივლია, მოგეხსენება ჩვენი თაობის სპორტი ქუჩა იყო. მეც აქაურ „ბირჟას" ვამაგრებდი. მაშინ ეგეთი წესი იყო, უბნელ გოგოს თუ ვინმე უცხო ბიჭი მიაცილებდა, მერე ჩვენთვის უნდა ჩაებარებინა ანგარიში - უბნელ გოგოს არავის დავაჩაგვრინებდით. ერთ ცივ საღამოს, ზუსტად 17 დეკემბერს, ვდგევართ კინოთეატრის წინ (მაშინ ბარბარობას ვინ გვაზეიმებდა), უცებ, რას ვხედავთ, ჩემი მეზობელი მედიკო ვიღაც ბიჭთან ერთად მოსეირნობს, გვერდით ჩაგვიარა, ღიმილით მოგვესალმა და ქუჩა გადაკვეთეს. მედიკოს თანდასწრებით, რა თქმა უნდა, არაფერი გვიკადრებია, აი, უკან მობრუნებულს კი გზა გადავუჭერით და დავინტერესდით ამ გოგოსთან რა აკავშირებდა; რომ ეთქვა მიყვარსო, თავს დავუკრავდით და დავემშვიდობებოდით, ამან კიდევ არაფერი ისე „პროსტო" გამოვაცილეო. ეს უკვე ჩვენი შეურაცხყოფა იყო და საცემად გავიწიეთ. ამ ბიჭმა ერთი შემოგვხედა, მოტრიალდა და სირბილით დაეშვა მაგნიტოგორსკის ქუჩაზე, ექვსივე გამოვყევით ასე სირბილ-სირბილით დიდუბეში, წერეთლის გამზირზე ჩამოვაღწიეთ, უკვე არაქათი გამოგველია, ეს კი მაინც ყოჩაღად მირბის; მერე ერთგან შეუხვია და... „ტუპიკში" აღმოჩნდა. ხელები მოვიფშვნიტეთ და აი, მერე დაიწყო, რაც დაიწყო. 5 წუთში ექვსივე „იოლკის" სათამაშოებს დაგვამსგავსა, ერთმანეთზე მიგვაწყო და წასასვლელად მოემზადა. მე თავი ავწიე, გატეხილ ცხვირზე ცხვირსახოცი მივიდე და ვეუბნები: „ძმაკაც! შენ ცოტა სადისტი ხომ არ ხარ?" რათაო, მკითხა. შე კაი კაცო, თუ ჩვენი ცემა შეგეძლო იქვე ვერ გაგვლახე, ამხელა გზაზე რაღას გვარბენიე, ახლა სახლამდე ვინ აგვიყვანს-მეთქი. ჩიხიდან გავიდა, ცოტა ხანში ვიღაც კაცთან ერთად დაბრუნდა, ექვსივე იმის მანქანაში ჩაგვაწყო, ფულიც გადაიხადა და წავიდა. ესეც ჩემი ცხვირის ისტორია.

 სიცილი ვერ შევიკავე, ჩემთან ერთად გულიანად ხითხითებდნენ ვალტერთან სტუმრად მისული შვილიშვილები. მერე ერთი მივიდა და ეკითხება - ბაბუ ცხვირი როდის გაგიწითლდებაო. მასპინძელი მომიტრიალდა და განაგრძო: - მას შემდეგ, ყოველ ბარბარობას აუცილებლად ვქეიფობ, მაგრამ რატომღაც ცხვირი მიწითლდება, არ ვიცი დამებედა თუ სასმელის ბრალია, მაგრამ ზუსტად შუაღამისას ჩემი მონგრეული ცხვირი ცირკის კლოუნისას ემსგავსება.

 იმ დღემ სიცილში და მოგონებებში გაიარა, შუაღამისას „ბოქსიორას" ცხვირის შეფერილობა პომიდორს ტოლს არ დაუდებდა, ყველაზე უცნაური კი ის გახლდათ, რომ ეს ისტორია თავად ვალტერის გამლამაზებლისგან მქონდა მოსმენილი. ჩემი თაობის წარმომადგენლებს ემახსოვრებათ ვაჟა რამიშვილი, ისტორიულზე სწავლობდა და მგონი ლექციებზეც ჰანტელებით დადიოდა. იმ დღეს მისი დასამშვიდობებელი სუფრა გაიშალა, გამთენიას მოსკოვში მიფრინავდა და შუაღამისას ეულად შინისკენ მიმავალი გოგონა მარტო არ გაუშვა, სახლამდე მიაცილა და ასეთ შარში გაეხვა, თუმცა, მგონი, ამ ამბიდან ვალტერმა და მისმა მეგობრებმა უფრო იზარალეს.

P. S. მხიარულ ბარბარობას გისურვებთ, ისე, შუაღამისას ცხვირი თუ გაგიწითლდათ, მაინცდამაინც ბედობას ნუ დააბრალებთ.


 

არქივი