geo_flag eng_flag rus_flag

ამერიკელი სიძე და ვერისუბნელი ტაქსის მძღოლები
- +

11 ივლისი. 2016. 11:21



ვერზე, თბილისურ ეზოში, რომელსაც ბევრი რატომღაც იტალიურად მოიხსენიებს (იტალიაში არსად შემხვედრია მსგავსი ეზოები), სუფრა იყო გაშლილი.

ჩვენი მეზობელი ნინო ამერიკიდან ჩამოსულიყო და სიძე კაცის „გამოცდა" მიმდინარეობდა. მართალია, დამაგვიანდა, მაგრამ მალე თამადობა გადმომაბარეს და იმ საღამოს, თბილისური ეზოს მადლი კიდევ ერთხელ დავაფასე.

თითქმის ჩემი მოსახელე (თომასი ერქვა) სიძე, გამთენიისკენ ისე ჩამიდოსტდა, ეჭვი მაქვს იმ წუთში ჩემზე ახლობელი არავინ ჰყავდა (მეუღლე ნინო, სხვა მანდილოსნებთან ერთად შუაღამისას გამოგვაკლდა), ეს მეგობრობა მთელი კვირა გაგრძელდა, გამგზავრებისწინა საღამოს გამოსამშვიდობებლად შემოიარა, კარგა ხანს ვისაუბრეთ და ახლა მისი თვალით დანახულ საქართველოზე მინდა გიამბოთ. თომასმა ასე დაიწყო:

- ბევრი მსმენოდა საქართველოს უძველეს ისტორიულ ძეგლებზე და სამი დღის წინ გადავწყვიტე მცხეთა მომენახულებინა. ნინო „საშოპინგოდ" იყო „ფრენდებთან" ერთად წასული და მარტო მომიხდა გამგზავრება; აქვე ფილარმონიასთან ტაქსები იდგა, ერთში ჩავჯექი და ამ ოთხ დღეში ნასწავლი ქართულით შევეცადე ამეხსნა რა მინდოდა, უეცრად, მცირე ფილადელფიური აქცენტით მიპასუხა, ნუ წვალობთ, ინგლისურად ამიხსენითო. გამიხარდა და მალე მცხეთისკენ გავემართეთ, გზად დაწვრილებით მომიყვა თბილისის დაარსების ისტორია, ხოხობი, თბილი წყლები, ვახტანგ გორგასალი და მცხეთაში შესულმა უკვე ზოგიერთ იქაურზე უკეთ ვიცოდი სვეტიცხოვლის ლეგენდაც და მისი აღმშენებლის მკლავის ამბავიც. რა სწორი პოლიტიკა აურჩევია თქვენს მთავრობას მძღოლებს ამ დონეზე რომ ამზადებენ, აბა, ჩვენთან, ნიუ-იორკში ტაქსის მძღოლები ფონეტიკას ფონოგრამისგან ვერ არჩევენ, ეგ კი არა, მგონი, არც ერთის მნიშვნელობა არ იციან. იმ საღამოს ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი და ნინოს ვუამბე ყველაფერი, რატომღაც გაეცინა.

შოპინგი მეორე დღესაც გაგრძელდა და ისევ გურამის (ასე ჰქვია იმ მძღოლს) სანახავად გავედი. სამი-ოთხი მანქანა იდგა, ერთის „კაპოტზე" მძღოლებს ჭადრაკის დაფა გაეშალათ, ჩემი ნაცნობი მათ შორის არ იყო, ვიკითხე გურამი ხომ არ გინახავთ-მეთქი და ინერციით ჭადრაკის დაფას დავხედე, წამიერად თავში რაღაც ამოტივტივდა. ჭადრაკს საკმაოდ კარგად ვთამაშობ, ცნობილი დიდოსტატი სამუელ რეშევსკი მამაჩემის მეგობარი იყო და ხშირად მასთან ერთად ვარჩევდი პარტიებს. მეხსიერებამ მიკარნახა, რომ თბილისის ცენტრში, მანქანის „კაპოტზე" გაშლილ ჭადრაკის დაფაზე, გენიალური კუბელის, ხოსე რაულ კაპაბლანკასა და ალექსანდრ ალიოხინის 1927 წლის პრეტენდეტთა მატჩის ერთ-ერთი პარტიის ენდშპილი იყო ასახული. მორიდებით ვიკითხე, რა არის მეთქი და მალე ისეთი ლექცია მოვისმინე ჭადრაკის ისტორიაზე, გაოცებული დავრჩი. გურამი იმ დღეს ვერ ვნახე, მაგრამ სამაგიეროდ ჭადრაკის თამაშით ვისიამოვნე.

აქ შევაწყვეტინე - რა ქენი, წააგე თუ მოიგე-მეთქი, ვკითხე.

- რას ამბობ, ბოლოს კარლოსთან ყაიმი რომ გავაკეთე, მერე აღარ ვითამაშე, მანამდე ყველასთან წავაგე. ახლა მესმის თქვენი ქალი მოჭადრაკეები რატომ აზანზარებდენ მსოფლიოსო.

თომასთან სასიამოვნო საუბარი ნინომ შემაწყვეტინა, მეორე დილით ორივეს გამოვეთხოვე და გავისტუმრე შორეულ ამერიკაში, სადაური მძღოლებიც ფონეტიკისა და ფონოგრმის აზრზე არ არიან. შემდეგ ფილარმონიის წინ, ვერის ბაღთან გაჩერებულ ტაქსის მძღოლებს გამოველაპარაკე. როგორც აღმოჩნდა, გურამ ჯ. ისტორიის მეცნიმერებათა კანდიდატი ყოფილა, რაფო ბ. ჭადრაკში სპორტის ოსტატი და წარსულში ცნობილი ინჟინერი, კარლო ს. ორი წითელი დიპლომის მფლობელი და აღარარსებული სამეცნიერო ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი.

ეჰ, ჩემო ამერიკელო სიძე! შენ რომ აღფრთოვანებაში მოგიყვანეს ის კაცები ბედის უკუღმართობის მსხვერპლნი არიან და არავინ იცის წინ რა ელით. თუმცა, გაისად თუ ჩამოხვალ, ისევ აქ დაგხვდებიან და ცოტას თუ წაივარჯიშებ იქნებ კარლოს მოუგო კიდეც...


 

არქივი