geo_flag eng_flag rus_flag

„ძირს იარაღი! უთხარით ეს ბევრს, ბევრს...“
- +

10 ივლისი. 2016. 11:49


 

  ბერტა ფონ ზუტნერი

 

ერთი ჩემი უმცროსი მეგობარი, დადიანების საგვარეულო სასახლეებზე ნაშრომს ამზადებდა და დახმარება მთხოვა. უარი არ მითქვამს და რჩევაც ვგონებ სასარგებლო მივეცი, თუმცა საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ მე უფრო მეტი სარგებელი ვნახე ამ საქმიდან. მასალების გაცნობისას აღმოვაჩინე, რომ ნობელის მშვიდობის პრემიის პირველი ქალი ლაურეატი თურმე ლამის ათ წელს საქართველოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ამაში დიდი წვლილი დიდებულ პიროვნებას სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე ჭაჭავაძე-დადიანს მიუძღვის. ახლა კი მოკლედ მოგახსენებთ ამ ისტორიას.

ბერტა ფონ ზუტნერი დაიბადა 1843 წლის 9 ივნისს დიდგვაროვან ოჯახში პრაღაში. მისი ქალიშვილობის გვარია გრაფინია ფონ კინსკი  . მიუხედავად იმისა, რომ  გრაფინიად დაიბადა, მაინც არასდროს მიეკუთვნებოდა „უმაღლეს საზოგადოებას": მამამისი ფრანც მიხაელ გრაფი კინსკი მის დაბადებამდე, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო დედა, სოფი ვილჰელმინა, რომელიც არადიდგვაროვანი წარმოშობის იყო, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქმრის ოჯახისგან ჩამოშორებული იქნა.  დედის აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილებას ეწირება ბერტას მზითევი. ახალგაზრდა ბერტა რამდენჯერმე დაინიშნა: მისი საქმრო, თავადი და მომღერალი ადოლფ ვიტგენშტაინი, რომელიც დებიუტით უნდა გამოსულიყო ნიუ-იორკის საოპერო თეატრში, ამერიკისკენ მიმავალ გემზე მოულოდნელად გარდაიცვალა. ბერტამ, საბოლოოდ მორიგ ხელის მთხოვნელზე, 34 წლით უფროს მილიონერ გუსტავ ფონ ჰაინე-გელდერნზე გათხოვებას გუვერნანტად მუშაობა არჩია. 1873 წლიდან იწყებს მუშაობას კარლ ფონ ზუტნერის ოჯახში ვენაში. ასწავლის რა მის ოთხ ქალიშვილს უცხო ენებსა და მუსიკას. მას და ზუტნერების ვაჟს,  შვიდი წლით უმცროს არტურ ფონ ზუტნერს ერთმანეთი უყვარდებათ. როდესაც ზუტნერების ოჯახი ამას  შეიტყობს, ბერტას დაითხოვენ. 1875 წლის შემოდგომიდან 1876 წლის ზაფხულამდე იგი არის შვედი ინჟინერის ალფრედ ნობელის პირადი მდივანი პარიზში. ნობელს, რომელსაც დინამიტის გამოგონებამ მილიონები მოუტანა, შეუყვარდება ბერტა.  თუმცა  ბერტა  ტოვებს პარიზს და  ვენაში ბრუნდება. 1876 წლის 12 ივნისს მან და არტურმა საიდუმლოდ იქორწინეს. მშობლებმა, რომლებიც ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ, არტურ ფონ ზუტნერს მემკვიდრეობა ჩამოართვეს. ახლადდაქორწინებულები თითქმის ათი წლით კავკასიაში, კერძოდ საქართველოში გადასახლდნენ, სადაც ისინი სამეგრელოს დედოფლმა ეკატერინე დადიანმა მიიწვია. ეკატერინე დადიანს ბერტა 1864 წლის ზაფხულიდან მოყოლებული იცნობდა, როდესაც მათი შეხვედრა ბად ჰომბურგში შესდგა.

 

 ეკატერინე ჭავჭავაძე


ეკატერინე ძალიან ბევრს უყვებოდა ბერტას საქართველოზე, მის ისტორიაზე, ბუნებაზე. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გადაუწყვეტია ბერტას საქართველოში ჩამოსვლა.

"ჩვენი მიზანი იყო იმ ქვეყანაში მოხვედრა, - წერდა ბერტა თავის წიგნში, - საიდანაც იაზონმა ოქროს საწმისი გაიტაცა... ჩვენს წინაშე მოულოდნელობით აღსავსე ახალი სამყარო გადაიშალა".

ბერტამ და მისმა მეუღლემ, მწერალმა არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერმა, თითქმის ცხრა წელიწადს დაჰყვეს საქართველოში (1876-1885), აქედან ხუთი წელი ზუგდიდში გაატარეს, სადაც ცოლ-ქმარი სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სტუმრები იყვნენ. ისინი ფრანგ ჟურნალისტ ჟიულ მურიესთან ერთად იონა მეუნარგიას აქტიურად ეხმარებოდნენ ,,ვეფხისტყაოსნის'' ფრანგულად თარგმნაში.

არტურ გუნდაკარ ზუტნერი წერდა: "რუსთაველი უდიდესი სიყვარულით ეკიდებოდა თავის მთავარ საქმეს. პოემას თავიდან ბოლომდე გასდევს ერთი მთავარი აზრი: ამაღლებული, წმინდა და მტკიცე სიყვარული. რომანის ეპიზოდები დახატულია უაღრესად ნათლად. მკითხველი იოლად აღიქვამს გმირების გონიერებასა და მშვენიერებას. გმირთა გამოკვეთის საშუალებები მოგვაგონებს ოთხი საუკუნით დაშორებულ ტასოს ხერხებს... სადაც არ უნდა მიმდინარეობდეს მოქმედება, «ვეფხისტყაოსანი» იყო და იქნება ქართული ნაწარმოები. ის მაღლა დგას «როლანდზე» და საერთოდ ვერაფერს ამნაირს იოლად ვერ იპოვით დასავლეთის ლიტერატურაში".

1878 წლიდან ზუტნერები საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ და ქალაქის იმ დროისთვის ევროპულ უბანში, დღევანდელ აღმაშენებლის პროსპექტზე დასახლდნენ. თბილისში მათ ეკატერინე დადიანმა სარეკომენდაციაო წერილი გამოატანა ერეკლე ბაგრატიონის ქვრივთან, თამართან. არტური ავეჯის ფაბრიკაში მხატვარ-გამფორმებლად მუშაობდა, ბერტა კი ფრანგულ და გერმანულ ენებსა და მუსიკას ასწავლიდა მსურველთ და ასე ირჩენდნენ თავს. ბერტაც და არტურიც საქართველოში ჩამოყალიბდნენ მნიშვნელოვან მწერლებად და პუბლიცისტებად.1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებასთან ერთად არტურმა დაიწყო გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთებში მიმდინარე ომის, საქართველოს, კავკასიისა და ადგილობრივი ხალხის შესახებ წერილების გამოქვეყნება. იმავე წელს შეუდგა ჟურნალისტურ საქმიანობასაც ბერტა ფონ ზუტნერი. ბ. ოლოტის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ მის წერილებს ქმრის მსგასად დიდ წარმატება ქონდა. იგი ავსტრიული გაზეთებისთვის წერდა მცირე მოთხრობებს და ესსეებს, მისი ქმარი კი ომის შესახებ ცნობებსა და მოგზაურობის ისტორიებს. მოგვიანებით კი ზუტნერები ზუგდიდში დაბინავდნენ, ქალაქის იმ ნაწილში, სადაც „გერმანულ კოლონიაში" ვიურტემბერგელი გლეხები ცხოვრობდნენ და მათგან იქირავეს ფეშენებელური სახლი. ზუგდიდში ისინი პრინც აშილ მიურატის ოჯახში მუშაობენ:  გუნდაკარი მიურატების მიერ წამოწყებული მშენებლობის მეთვალყურე და ხელმძღვანელი იყო, ხოლო ბერტა კი მის ვაჟებს ასწავლიდა გერმანულს და მუსიკას. ზუგდიდში დაწერა ბერტამ რომანები: „ცუდი ადამიანი", „ჰანა", „სულის ინვენტარიუმი". 1882 წელს გარდაიცვალა სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე, რომლის დაკრძალვასაც ცოლ-ქმარი ზუტნერები დაესწრნენ.


სალომე დადიანი და აშილ მიურატი

 

1885 წლის მაისში ისინი დაბრუნდნენ ვენაში, შეურიგდნენ არტურ ფონ ზუტნერის ოჯახს და დასალხდნენ ჰარმენსდორფში მდებარე საგვარეულო სასახლეში.

 ბერტა ზუტნერი მშვიდობისათვის თავდადებული მებრძოლი იყო, ომის მოწინააღმდეგე, პაციფისტი. ომის საშინელებებს მიუძღვნა მან რომანი "ძირს იარაღი!" (1889 წ.), რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად, 16 ენაზეა თარგმნილი და უამრავჯერ არის გამოცემული.  გერმანულ ვიკიპედიაში ამ რომანის შესახებ ვკითხულობთ, რომ, ვიდრე რემარკის "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" გამოჩნდებოდა (1929 წ.), "ძირს იარაღი!" ომის წინააღმდეგ დაწერილ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად ითვლებოდა.

ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრებაში 1892 წელი ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: შვეიცარიის ქალაქ ბერნში შედგა პაციფისტების საერთაშორისო კონგრესი, რომლის ინიციატორი იყო ამერიკის პრეზიდენტი ბენჯამინ ჰარისონი. მან მოუწოდა ევროპის მთავრობებს, გაერთიანებულიყვნენ და შეექმნათ საარბიტრაჟო სასამართლო. ამ კონგრესს დაესწრო ალფრედ ნობელი.

ბერნის კონგრესის დამთავრების შემდეგ ალფრედ ნობელი რამდენიმე დღეს ციურიხში იყო. მარტოს რომ არ დაესვენა, თავის იახტაზე (ციურიხის ტბაზე) მიიწვია ბერტა ფონ ზუტნერი და მისი მეუღლე. ნობელმა სწორედ ციურიხის ტბაზე გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეეტანა მშვიდობის საქმეში, რაც შემდგომ განახორციელა კიდეც.

 

ბერტა ფონ ზუტნერი და ალფრედ ნობელი

 

ბერტა ფონ ზუტნერი იყო პირველი ქალი, რომელმაც 1905 წლის 10 დეკემბერს მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია, რომლის დაარსებაც ნობელს თავად შთააგონა იმ ზარალის საზღაურად, რომელიც მის მიერ გამოგონილმა დინამიტმა მოუტანა კაცობრიობას. მიუხედავად იმისა, რომ ალფრედ ნობელს მშვიდობის პრემიის შემოღებისას პრემიის მფლობელად სწორედ ბერტა ფონ ზუტნერი ყავდა მოაზრებული, იგი მაინც პრემიის რიგით მეხუთე  ლაურეატი აღმოჩნდა. 1912 წელს ბერტა ფონ ზუტნერი აკეთებდა პროგნოზს საერთაშორისო განამადგურებელი ომის შესახებ, რის გამოც მას ხშირად დაცინვით „მშვიდობის ბერტასაც" უწოდებდნდნ.

1914 წლის 21 ივნისს მისი გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ სარაევოში მოკლეს  ავსტრიის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი, ერთი თვის შემდეგ კი ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ ომი გამოუცხადა სერბეთს: დაიწყო პირველი მსოფლიო ომი.  ბერტა ფონ ზუტნერის უკანასკნელი სიტყვებია: ძირს იარაღი! უთხარი ეს ბევრს, ბევრს...


 

არქივი