geo_flag eng_flag rus_flag

„ძალიან“ მექსიკელი ქალბატონის „მაკოცე მხურვალედ“!
- +

7 ივლისი. 2016. 11:07



მოსკოვის ოლიმპიური თამაშები ახალი დასრულებულია და მეგობრებთან ერთად თბილისში დასაბრუნებლად ვემზადებოდი. დასამშვიდობებლად დავურეკე  მოსკოვში საცხოვრებლად გადაბარგებულ დიდებულ ქალბატონს, მაია გერასიმოვას. იაპონური ენის შესანიშნავი მცოდნე, გულღია დიასახლისიც გახლდათ და მის ოჯახში არაერთი საინტერესო პიროვნება გავიცანი. ის იყო ყურმილი უნდა დამეკიდა, მკითხა, რომელ საათზე მიფრინავო, როდესაც გაიგო, რომ ბილეთები საღამოს რეისზე მქონდა, მითხრა შუადღისას, საინტერესო სტუმრებს ველოდები მექსიკიდან, მათ შორის, შენი ნაცნობი კარლოს ფუენტესიც იქნებაო. მისი სიტყვები მიპატიჟების ტოლფასი გახლდათ და, რა თქმა უნდა, ამით ვისარგებლე. ცნობილი მექსიკელი მწერალი და კინორეჟისორი კარლოს ფუენტესი, ქალბატონმა მაიამ, 70-იანი წლების შუაწელში გამაცნო, როცა ჯერაც ახალგაზრდა, „ვგიკში" სწავლობდა. მაშინ მისი მოთხრობა ვთარგმნე ქართულ ენაზე „თოჯინა დედოფალი", რომელიც მერე სცენარად აქცია და ფილმიც გადაიღო. ზედმეტად რომ არ გადაგღალოთ, დღის ორ საათზე მაია გერასიმოვას უპრეტენზიო, გემოვნებით გაწყობილ ბინაში გახლდით და სტუმრების მოლოდინში მასპინძლის მოსადაფებული ნარდი გავშალე, თუმცა თამაში არ დაგვცალდა და მალე მაიას ძველებურ სამოვართან ოთახში მყოფებს ორი სტუმარი შემოგვემატა. ერთი, როგორც უკვე აღვნიშნე კარლოს ფუენტესი გახლდათ, მეორე შავტუხა ქალბატონი კარლოსმა წარმოგვიდგინა - კონსუელო ველასკესი. მართალი გითხრათ, ამ სახელ-გვარს ჩემზე არანაირი ეფექტი არ მოუხდენია, თუმცა მაიას სახის გამომეტყველებამ მიმახვედრა, რომ ჩვენი სტუმარი არაორდინარული პიროვნება გახლდათ. მალე გავიგე, რომ ეს „ძალიან" მექსიკური გარეგნობის ქალბატონი, ცნობილი ჰიტის „ბესამე მუჩოს" ავტორი ყოფილა. დარჩენილმა დრომ (დაახლოებით სამმა საათმა), კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა და მისი ამ სახით მოყოლა უდავოდ გამიჭირდება, ამიტომ შევეცდები მოკლე შინაარსი  გადმოგცეთ. ყველას მოსმენილი გაქვთ პოპულარული სიმღერა „ბესამე მუჩო", ვინ მოთვლის რამდენ ენაზე ითარგმნა და რამდენმა ცნობილმა მომღერალმა შეასრულა; რაც მახსოვს ჩამოვთვლი: პლასიდო დომინგო, ელვის პრესლი, ხოსე კარერასი, ჯგუფი „ბითლზი" და ა.შ. „ბესამე მუჩო" XX საუკუნის საუკეთესო სიმღერად არის აღიარებული. ეს ყველაფერი დღეს ვიცი, მაშინ კი პირველად გავიგე, რომ სწორედ ეს სამოც წელს მიღწეული მექსიკელი ქალი, კონსუელო ველასკესი, ყოფილა ამ სიმღერის ავტორი. ვიკითხე და ამიხსნეს, რომ ბესამე მუჩო ესპანურად ნიშნავს მაკოცე ძლიერად (ან მხურვალედ) და ამ ქალბატონს 15 წლისას დაუწერია, მაშინ, როცა ჯერაც არავისთვის ეკოცნა და მამაკაცთან ურთიერთობაზე მხოლოდ წარმოსახვითი წარმოდგენა ჰქონდა. პატარაობიდან დიდი ფანტაზიორი ვიყავი და იმ პერიოდის სიმღერების ტექსტები ჩემი ოცნებების სიტყვიერი გამოხატულება გახლდათო.  საუბარში ცნობილი ამერიკელი მსახიობის, გრეგორი პეკის სახელმაც გაიჟღერა, საბჭოთა კავშირში ჭორად ჩამოუღწევია ამ ორი პიროვნების სიყვარულის ამბავს, თუმცა სტუმარმა საკითხს დელიკატურად აუარა გვერდი, მაგრამ ტუჩის კუთხეში გამკრთალმა ღიმილმა რაღაც მაინც მიგვანიშნა. მოსკოვში, მექსიკელ ხელოვანთა ჯგუფთან ერთად ჩამოსულმა ისიც თქვა, რომელიღაც ფილმის ეპიზოდურ როლში გადამიღესო. რამდენიმე წლის მერე გავიგე, რომ ეს გახლდათ ერთადერთი საბჭოთა ოსკაროსანი ვლადიმირ მენშოვის ფილმი „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა".




„ბესამე მუჩოს" ერთერთი საუკეთესო შემსრულებელი სარა მონტიელი

 

 

ეს ისტორია, ამასწინ, Facebook-ზე დადებულმა კონსუელო ველასკესის ფოტომ გამახსენა და გულიც დამწყდა, რომ იმ დროს ფოტოაპარატი არ გვქონდა ხელთ, ხოლო მობილური ტელეფონის გამოგონებას მთელი ათი წელი გვაშორებდა.



 

არქივი