geo_flag eng_flag rus_flag

ხარება, გოგია და მათი „ტყის საძმო”
- +

1 ივლისი. 2016. 16:37



XX საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში, როდესაც რუსეთის იმპერიის უმაღლესმა მესვეურებმა ე.წ. „რევოლუციური სიტუაციის" საბოლოოდ დარეგულირება და არარუსულ მხარეებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობა შეძლეს, რევოლუციის მომხრეთა დიდი ნაწილი საზღვარგარეთ გაიხიზნა, ნაწილი კი იატაკქვეშეთში გადავიდა. ამავდროულად, კავკასიის სამეფისნაცვლოში აბრაგობის ფაქტები გახშირდა - თბილისისა და ქუთაისის გუბერნიის ტყეები თვითმპყრობელობის წინააღმდეგ მებრძოლი „კაი ყმებით" აივსო. დასავლეთ საქართველოში ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა გურია, ხოლო აღმოსავლეთში - კახეთი.



თქვენო მაღალკეთილშობილებავ! მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ თელავის მაზრაში კარგა ხანია მოქმედებს მრავალრიცხოვანი ყაჩაღური დაჯგუფება, რომელსაც აქაურები ტყის საძმოს" უწოდებენ... ამ საძმოს" 1907 წლამდე მეთაურობდა ანარქისტ-ტერორისტი აქვსენტი სიდამონიძე, ამჟამად კი მას ყოფილი მწყემსი, ხარება ჯიბუტი ხელმძღვანელობს. ყაჩაღები საკმაო პოპულარობით სარგებლობენ ადგილობრივ ტუზემცებს" შორის, რისი დასტურიცაა ის, რომ ხალხში ხელიდან ხელში გადადის მათი ფოტოგრაფიული სურათები, რომლებიც სხვათა შორის, ცნობილი ფოტოგრაფის - როინოვის გადაღებულია" - ასე იწყებოდა წერილი, რომელიც 1910 წლის დასაწყისში კავკასიის მეფისნაცვალს ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვს თელავის მაზრის ჟანდარმერიის განყოფილებიდან გაუგზავნეს. მას თან ნივთმტკიცებად რამოდენიმე საკმაოდ მაღალი ხარისხის ფოტოსურათიც ერთვოდა, რომლებიც მაზრის მოსახლეობისაგან ამოეღოთ.



ხარება სიმონის ძე ჯიბუტი, მეტსახელად „ლეკი", დაუზუსტებელი ცნობებით, 1880 წელს დაიბადა, თელავის მაზრის სოფელ ართანაში. წარმოშობით თუში იყო, თუმცა მისი წინაპარი თუშეთში გურიიდან გადასულა. ხარებამ ყრმობა და სიჭაბუკე მწყემსობაში გაატარა; 1905 წელს კი თელავში რევოლუციონერი, ვინმე აქვსენტი სიდამონიძე გაიცნო და მისი მეშვეობით რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმხანად საქართველოში მოქმედი ის რევოლუციური პარტიები, რომლებიც ეროვნული დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ, დიდ ყურადღებას უთმობდნენ თუში მწყემსების გადმობირებას, რადგან ამ უკანასკნელთ კავკასიის სამეფისნაცვლოს მთელ ტერიტორიაზე თვით საგანგებო სიტუაციის დროსაც კი, თავისუფლად გადაადგილების უფლება ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, მათ შეეძლოთ, დაუბრკოლებლად გადაეტანათ რევოლუციისათვის განკუთვნილი იარაღი, არალეგალური ლიტერატურა ან უბრალოდ, კურიერის მოვალეობა შეესრულებინათ. გარდა ამისა, თუში მწყემსები რეგულარულად დაიარებოდნენ ჩრდილო კავკასიაშიც და მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ იქაურებთან, რაც ასევე საინტერესო იყო პოლიტიკური პარტიებისთვის.





1905-1907 წლებში თელავის მაზრაში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, მეტად მწვავე სიტუაცია სუფევდა - ადგილობრივ მოსახლეობაში ეროვნული დამოუკიდებლობის მომხრე პარტიების გავლენა აშკარად შესამჩნევი იყო, რის გამოც რუსული კოლონიური ხელისუფლება ხალხის ნებისყოფის გასატეხად უკიდურეს ზომებსაც არ ერიდებოდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აბრაგობის შემთხვევების არნახული გახშირების უმთავრესი მიზეზიც სწორედ ეს იყო - ტყეში გარბოდა ყველა, ვისაც კი ცარიზმის უსამართლობის გამო მშვიდობიან გარემოში აღარ დაედგომებოდა. გავარდნილთა შორის იყვნენ როგორც პოლიტიკურად ორიენტირებული პირები, ისე ნაკლებად განათლებულებიც, რომლებიც ფეხის ხმას იყვნენ აყოლილები და, რევოლუციურ მოძრაობაშიც ისე მონაწილეობდნენ, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ ბრძოლის პოლიტიკურ მიზნებზე. ძველი დროის „კაი ყმათა" მსგავსად, მათ ომში სახელის მოხვეჭა სურდათ.



გადმოცემით, „ტყის საძმოს" ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გოგია კენკიშვილი წერა-კითხვის უცოდინარი და გაუნათლებელი ბიჭი ყოფილა. იგი თელავის მაზრის სოფელ გულგულაში დაბადებულა და 1905 წლამდე, თავს მეძროხეობით ირჩენდა; ამ წელს კი მას ერთმა თელაველმა თავადმა ცილი დასწამა. მისთვის ქისტებს ძროხები მოეპარათ და საჩივარში ქურდთა ხელისშემწყობად რატომღაც მეძროხე გოგია კენკიშვილი დაასახელა. ეს უკანასკნელი პოლიციამ ისე დააკავა, რომ მის წინააღმდეგ არავითარი სერიოზული სამხილი არ ჰქონია, თუმცა მეძროხე ბიჭმა სიმართლის დამტკიცება ვერ შეძლო. 1906 წელს ის ციხიდან გაიქცა, ცილისმწამებელი თავადი მოკლა და ტყეში აბრაგად გავარდა. მალევე დაუკავშირდა „ტყის საძმოსაც".






სხვათა შორის, გოგია კენკიშვილი სიცოცხლის ბოლომდე რაზმის ერთ-ერთ რიგით წევრად დარჩა, თუმცა არაჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემების წყალობით, ხალხში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გადმოცემით, ის სპილენძის შაურიანს სულ ადვილად ღუნავდა ცერი და საჩვენებელი თითებით. გოგია მეტად ფიცხი კაცი ყოფილა და ცხელ გულზე ხშირად იქცეოდა წინდაუხედავადაც, თუმცა ხარება ჯიბუტის დიდი რიდი ჰქონდა და ძმადნაფიცს („ტყის საძმოს" წევრები ერთმანეთის ძმადნაფიცები იყვნენ) ყოველთვის უწევდა ანგარიშს: „ხარებას ერთი წარბის აწევა საკმარისი იყო, რომ გოგია დაოკებულიყო," - დღესაც ასე იხსენებენ კახეთში.




აღსანიშნავია, რომ „ტყის საძმოს" მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჩრდილო კავკასიაში - ჩეჩნეთსა და ინგუშეთში მოქმედ, ცნობილ ჩეჩენ აბრაგთან ზელიმხან გუშმაზუყაევთან. სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით ერთი მეტად საინტერესო გადმოცემაც არსებობს: 1906 წლიდან ზელიმხანი ოჯახთან და თანამებრძოლთა რაზმთან ერთად, თავს მთიანი ჩეჩნეთის მითხოს (ჩეჩნურად - მელხისტა) თემს აფარებდა, რომელიც იმხანად თიანეთის მაზრის ნაწილი იყო. ჩეჩენ აბრაგს იარაღი სჭირდებოდა და თელავში მყოფ აქვსენტი სიდამონიძეს კაცი გაუგზავნა. სიდამონიძეზე, როგორც „ტყის საძმოს" მეთაურზე, ძებნა იყო გამოცხადებული და ამიტომ მას თავისუფლად მისვლა-მოსვლა არ შეეძლო, თუმცა ჩეჩნებისთვის იარაღის შოვნაზე უარი არ უთქვამს - ზელიმხანის ხალხი თიანეთში დაიბარა.



ცნობილი ჩეჩენი აბრაგი, რამოდენიმე თანამებრძოლთან ერთად, თავად გადმოვიდა საქართველოში და თიანეთში ჩამოსვლა დააპირა, მაგრამ შატილის ახლოს, ანატორის სალოცავთან, ცნობილ შატილელ მონადირეს, სამუკათ ლუხუმს გადაეყარა, რომელსაც კარგი შაშხანა ჰქონდა თან. ჩეჩნებმა ლუხუმს თოფის წართმევა მოუნდომეს, მაგრამ მან ზელიმხანი იცნო და დაანამუსა - შენნაირ ვაჟკაცს ყაჩაღობა არ ეკადრებაო. აბრაგიც მოლბა და მონადირეს ნიშანში სროლაში შეჯიბრება შესთავაზა. მას და ლუხუმს ხუთ-ხუთჯერ უნდა ესროლათ და რომელიც ხუთივეჯერ ზუსტად მოარტყამდა, თოფიც იმას დარჩებოდა. შეჯიბრი ლუხუმმა მოიგო, თუმცა შატილში თოფის გასროლის ხმა ვინც კი გაიგონა, ყველამ იარაღს სტაცა ხელი და ანატორის სალოცავთან მოირბინა. იქ რომ ზელიმხანი ნახეს და მისი გადაწყვეტილებაც გაიგეს, სიტუაცია გართულდა. ხევსურებმა ჩეჩნებს კატეგორიულად მოსთხოვეს უკან დაბრუნება; წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლის დაღვრით იმუქრებოდნენ. საქმე ის იყო, რომ შატილელებმა ზელიმხანს არ დაუჯერეს. სწორედ იმ წელს, ინგუშეთიდან აბრაგთა მარბიელი რაზმი გადმოვიდა და შატილის მეზობლად, სოფელ გუროს დაესხა თავს. მაშინ თავდამსხმელებმა შატილი თავისუფლად გაიარეს, რადგანაც შატილელები მოატყუეს, მითხოელები ვართ და თიანეთში ჯარში გასაწვევად გამოგვიძახესო. ეს ყველაფერი ზელიმხანსაც სმენოდა, ამიტომაც ტყუილად სისხლის დაღვრას მოერიდა და მითხოში გაბრუნდა, აქვსენტი სიდამონიძესთან კი ხალხი ვლადიკავკაზის გავლით გაგზავნა.



სიდამონიძესთან მიმავალ ჩეჩნებს უკან ჟანდარმერიის აგენტებიც მიჰყვნენ და როცა მასპინძელს სტუმრებისთვის იარაღი უნდა გადაეცა, სწორედ მაშინ დააკავეს. აქვსენტიმ თავის დაძვრენა კი მოახერხა, მაგრამ გაქცევა ვეღარ მოასწრო. ჟანდარმებმა ის ქუჩაშივე დაცხრილეს, ზელიმხანის გამოგზავნილი ჩეჩნები კი დაიჭირეს. ეს ყველაფერი თბილისში, სოლოლაკის უბანში მოხდა. მაშინ სიდამონიძის ნაქირავებ ბინაში „ტყის საძმოს" ერთ-ერთი წევრი, იყალთოელი ჟორჟიკა ბერძენიშვილიც იმყოფებოდა. სწორედ მან გაუხსნა ცეცხლი ჟანდარმებსაც, როცა ამ უკანასკნელებმა სიდამონიძეს დამორჩილება უბრძანეს. მოგვიანებით, ჟორჟიკა ბერძენიშვილმა მიმალვა მოახერხა, თელავში ჩავიდა და აქვსენტის მოკვლის ამბავი „ტყის საძმოს" ჩაუტანა.





სიდამონიძის მკვლელობის მერე, „ტყის საძმომ" პოლიტიკურ პარტიებთან კავშირზე უარი თქვა და ორ ჯგუფად გაიყო - ერთი, რომელსაც ხარება ჯიბუტი მეთაურობდა, ამჟამინდელ თელავის რაიონში ამოქმედდა, ხოლო მეორე - ზემოთ ხსენებული ჟორჟიკა ბერძენიშვილის მეთაურობით, ამჟამინდელ გურჯაანის რაიონში. სხვათა შორის, ორივე ჯგუფი საოცრად შეთანხმებულად და ეფექტურად მოქმედებდა რუსული კოლონიალიზმის მოსასპობად და ჟანდარმერიის მესვეურებს სისხლს უშრობდა. მიუხედავად იმისა, რომ 1907 წელს რუსეთის იმპერიის დიდ ნაწილში რევოლუციური მოძრაობა ჯერ შენელდა, მერე კი სულაც შეწყდა, კახეთში „ტყის საძმოს" ვერავინ ვერაფერი დააკლო. მეტიც, აბრაგები თავისუფლად დადიოდნენ მთელს მაზრაში და შიში არაფრისა ჰქონდათ: სადაც უნდა ყოფილიყვნენ, კვირაში ერთხელ აუცილებლად თავიანთთან იბარებდნენ პარიკმახერს და წვერს იპარსავდნენ, რთველის დროს გლეხებს ეხმარებოდნენ და რაც ყველაზე საინტერესოა, რუსეთში სასწავლებლად წასულ ქართველ სტუდენტებს სწავლის ქირასაც კი უგზავნიდნენ.



ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა ვასო როინიშვილმა, რომელმაც 1910 წელს „ტყის საძმოს" სურათები გადაუღო და ამის გამო ჟანდარმერიასთან ურთიერთობა დაეძაბა, დაკითხვისას განაცხადა, რომ ხარება ჯიბუტი მას სანქტ-პეტერბურგში, ოდესასა და კიევში ქართველი სტუდენტებისთვის გადასაცემად ხშირად ატანდა ფულს. აბრაგებს სტუდენტთა სპეციალური სიაც ჰქონიათ შედგენილი. „ტყის ძმები" მიუვალ ადგილებში მალავდნენ იარაღს, სურსათ-სანოვაგესა და „შავი დღისათვის" გამზადებულ ფულს. მათ განსაკუთრებით ბევრი სამალავი ჰქონდათ პანკისის ხეობის ტყეებში. იქ დასახლებულ ქისტთა შორის ბევრი იყო მათი ყონაღი და სწორედ ისინი უწყობდნენ ხელს აბრაგებს.



აღსანიშნავია, რომ ჟანდარმერიის აგენტებისთვის კვალის აბნევის მიზნით, ზოგჯერ „ტყის საძმო" ჭორებს ყრიდა დაშლის თაობაზე. მისი წევრები ხან იქ, ხან აქ, ცალ-ცალკე გამოჩნდებოდნენ ხოლმე, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში კვლავ ერთდებოდნენ. საძმოში გაწევრებულ აბრაგთა შორის ბევრი იყო ისეთი, რომელიც დროდადრო დამოუკიდებლად მოქმედებდა - ნიკო ნარეკლიშვილი („პატრა ნიკო"), გიგო სესიკაშვილი („ზამბილას ბიჭი"), ილო ფირანიშვილი („ჩორტ ეგო ზნაეტი"), გიორგი მახნიაშვილი („უტრუხუნე") და სხვები.


თელავის მაზრის თავად-აზნაურობის წინამძღოლის, თავად მაქსიმილიან ჭავჭავაძის სახლში გამართულ წვეულებაზე აბრაგების მიწვევა, რაზეც შემდგომ მთელს კახეთში ღიმილით საუბრობდნენ და რაც მოგვიანებით, რეჟისორ გიორგი შენგელაიას გადაღებულ ფილმში - „ხარება და გოგია" - ერთ-ეპიზოდად შევიდა, ასე მომხდარა: ჭავჭავაძესთან სტუმრად ყოფილა რუსეთის არმიის ერთ-ერთი გენერალი, ტომით პოლონელი (სახელი და გვარი უცნობია), რომელსაც მასპინძლისთვის უთხოვია, ერთი კავკასიელი აბრაგი მაინც მაჩვენეთ ისეთი, როგორიც ბუნებრივად არისო. მაქსიმილიან ჭავჭავაძეს, რომელიც 1905-1907 წლებში რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობდა და ხარებასაც კარგად იცნობდა, მაშინვე ტყეში კაცი გაუგზავნია.



უნდა ითქვას, რომ „ტყის ძმებს" ძალიან უყვარდათ ქეიფი. ისინი ხშირად მთელი კვირაც კი, გადაბმულად ქეიფობდნენ ხოლმე. ამიტომაც, თავად ჭავჭავაძესთან თითქმის ყველა მათგანი დანიშნულ დროზე გამოცხადდა. ყოველ მათგანს ლეგა ჩოხა ეცვა და თუშური ქუდი ეხურა. მხოლოდ უტრუხუნე გამოწყობილიყო ევროპულად. აბრაგებმა მშვენივრად მოილხინეს, ღვინოც ბევრი დალიეს, მერე მასპინძელს მადლობა გადაუხადეს და წავიდნენ. მათ სტუმრებზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს, განსაკუთრებით კი ზალიკო სვიმონიშვილმა, რომლის გარეგნობამ და დახვეწილმა მანერებმა სუფრაზე დამსწრე კნეინები მეტად მოხიბლა.





გარდა ქეიფისა, „ტყის ძმებს" ქალებიც ნამეტნავად უყვარდათ. ამ მხრივ ყველაზე მეტად გოგია კენკიშვილი გამოირჩეოდა და სხვათა შორის, სწორედ მის ამ თვისებას ემსხვერპლნენ აბრაგები. 1913 წელს, თელავის მაზრაში ახალი ბოქაული დაინიშნა, გვარად მათურელი. მას ხელმძღვანელობამ დაავალა, რომ რადაც უნდა დასჯდომოდა, „ტყის საძმო" გაენადგურებინა. ბოქაულმა დავალების აღსრულება ვერაფრით მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ აუარებელი გლეხი გადაიბირა და აბრაგთა მხარდამჭერების უმეტესობა გააციმბირებინა. მათურელის აგენტებმა მალევე ისიც შეიტყვეს, რომ გოგია კენკიშვილი სოფ. ზემო ალვანში ერთ-ერთი მდიდარი მეცხვარის ცოლს ჰყვარობდა და საკმაოდ ხშირადაც დაიარებოდა მასთან. ბოქაულმა ქალის გადაბირება სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა; მეტიც - ერთ-ერთი ვიზიტისას, მათურელს ქალის ქმარი სახლში დაუხვდა და კინაღამ მოკლა, ჩემს ცოლთან რა საქმე გაქვსო. ამის შემდეგ კი ბოქაულმა ჭკუა იხმარა და, გოგია კენკიშვილის საყვარლის ქმარი აგენტებს მოაკვლევინა, მერე კი ჭორი გაავრცელა, თითქოს მკვლელობა „ტყის საძმოს" ჩადენილი იყო.



მათურელის აგენტურის მეშვეობით მოკლულის საგვარეულოს წარმომადგენლებმა ისიც შეიტყვეს, რომ მათ რძალს გოგია კენკიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა და, გადაწყვიტეს, შური ეძიათ. ბოქაულის წაქეზებით, თუშებმა მრავალრიცხოვანი რაზმი შეადგინეს, შეიარაღდნენ და აბრაგებს კვალში ჩაუდგნენ. 1913 წლის ნოემბერში „ტყის საძმოს" წევრები მაღრაანის ტყეს აფარებდნენ თავს. ხარება ჯიბუტი ალვანელ ქალთან ურთიერთობის გამო გოგია კენკიშვილს საყვედურობდა - სირცხვილი გვაჭამე და ხალხში გამოსასვლელი პირი აღარა გვაქვსო. მასვე უწინასწარმეტყველებია, სულ რაღაც ერთი კვირის სიცოცხლეღა დაგვრჩაო. „მაშ, მოდი ერთი, რჯულზე ვიქეიფოთ!" - უპასუხა თურმე გოგიამ. აბრაგებმა იარაღი იქვე, თხილის ბუჩქებში ჩამალეს, უცებვე გაშალეს სუფრა და ქეიფს შეუდგნენ. თამადა ხარება ჯიბუტი იყო და სხვათა შორის, ერთ-ერთი სადღეგრძელო ასეთი უთქვამს - ჩვენში ვინც კი ცოცხალი გადარჩება, იმას გაუმარჯოს, ას წელს აცოცხლოს ღმერთმა, ჩვენი ამბავი რომ ქვეყანას გააგებინოსო.



აბრაგებმა ქეიფი ხუთი დღე გააგრძელეს. ზემოალვანელმა თუშებმა უკვე იცოდნენ მათი ადგილსამყოფელი და მათ ამოხოცვას გეგმავდნენ. სხვათა შორის, რადგან ხარება თუში იყო, მისი მოკვლა არ უნდოდათ, რის გამოც ბოქაულმა მათურელმა (რომელმაც შურისმაძიებელთა რაზმს იარაღი გადასცა და სოლიდურ გასამრჯელოსაც დაჰპირდა) უკმაყოფილება გამოთქვა. ბოლოს შეთანხმდნენ, რომ ხარებას ცოცხლად შეიპყრობდნენ ისე, რომ თოფს არ ესროდნენ. სანამ აბრაგები ქეიფობდნენ, თუშებმა კარგად დაზვერეს მაღრაანის ტყის მიდამოები და ყველა ბილიკზე თავიანთი მეთვალყურეები დააყენეს. მათ ისიც ივარაუდეს, რომ რამოდენიმე დღეში მოთოვდა, ამიტომაც მოილაპარაკეს, რომ იერიშზე სწორედ მაშინ გადასულიყვნენ, მანამდე კი აბრაგები ალყაში მოაქციეს.



1913 წლის 24 ნოემბერს, მაღრაანის ტყე თოვლის თეთრ საბურველში გაეხვია და ამის აღსანიშნავად, აბრაგებმა დილაადრიან განაახლეს ქეიფი. იმ დღეს ყარაულობა უტრუხუნეს ერგო წილად, ის კი წინა დღით მაგრად დამთვრალიყო და ამის გამო, ტყეში ჩასაფრებული თუშები ვერ შენიშნა... ქეიფი კარგად რომ გახურდა, სწორედ მაშინ იგრიალეს თოფებმა. გოგია კენკიშვილს ღვინით სავსე ფიალა ხელიდან გაუვარდა და ტყვიით გულგანგმირული დაეცა. მას მიჰყვნენ საბუელი ბებურიშვილი, წინანდლელი ბეჟუაშვილი, სიღნაღელი შანათიშვილი და სხვები. შეშფოთებული ხარება სწრაფადვე წამოიჭრა ფეხზე და სწორედ მაშინ გაიგონა შეძახილი: „გაიქე, ხარებ, არას გერჩით!" აბრაგების მეთაურმა ქამრიდან ხელყუმბარა მოიხსნა და იმ მხარეს ისროლა, საიდანაც ეძახდნენ. იმწამსვე სამი ტყვია მოხვდა გულში...



P.S. აბრაგთაგან ცოცხალი მხოლოდ ყარაულად მდგარი გიორგი მახნიაშვილი, ანუ უტრუხუნე გადარჩა. ძმადნაფიცების სისხლიც სწორედ მან აიღო. მოგვიანებით კი, უკვე ღრმად მოხუცმა, ხარება ჯიბუტის შთამომავლებს მაღრაანის ტყეში ის ადგილიც უჩვენა, სადაც ბოქაულ მათურელის ბრძანებით, აბრაგთა გვამები დამარხეს. 1955 წელს დახოცილთა ნეშტები ხარებას მშობლიურ სოფელ ართანაში გადაასვენეს.




ავტორი: მიხეილ ლაბაძე


 



 

წყარო : wyaro
არქივი