geo_flag eng_flag rus_flag

შორს მოსროლილი მობილურები და ჭაობში საქორწინო კაბით მყვინთავები
- +

7 ივლისი. 2016. 12:02



კარგი განწყობა ყველაფერს  უხდება, ამისთვის კი მხიარული ისტორიები, თუნდაც სპორტული, ზედგამოჭრილი საშუალებაა. ამიტომ გთავაზობთ კურიოზულ ამბებს სპორტის ისტორიიდან და იმედს ვიტოვებ, რომ მცირედით მაინც გაგახალისებთ.

დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სპორტის ათამდე სახეობა ჩამოთვალოს, სპეციალისტები უფრო შორსაც წავლენ. თუმცა, ისეთი სახის შეჯიბრებებიც ტარდება, რომელთა არსებობის ალბათობის დაშვებაც კი რთულია. გაგაცნობთ რამდენიმე ასეთ სახეობას.


1. რუსული რულეტკა კვერცხებით.

ინგლისი, ფეხბურთისა და თანამედროვე ჩოგბურთის სამშობლო, როგორც ირკვევა, კიდევ ერთი თამაშითაც იწონებს თავს, თუმცა, რატომ ქვია რუსული რულეტკა, ცოტა გაუგებარია. წესები კი ასეთია: კალათში იდება 6 კვერცხი. აქედან 5 მოხარშულია, ხოლო ერთი უმი. მოწინააღმდეგეები ერთმანეთის პირისპირ სხდებიან, რიგრიგობით იღებენ კვერცხებს და მეტოქის შუბლზე ამტვრევენ. ვის სახესაც უმი კვერცხი გაალამაზებს, დამარცხებულად ითვლება და შეჯიბრს ეთიშება. ასე გრძელდება ფინალამდე.

გამარჯვებულს სახის დაბანა არ სჭირდება, შეიძლება პატარა კოპი დარჩეს შუბლზე, ესეც მონაწილეთა სიმრავლეზეა დამოკიდებული.


2. მობილური ტელეფონების ტყორცნა.

სანამ წავიკითხავდი, მანამ მივხვდი, რომ სპორტის ამ სახეობის ფუძემდებლები ფინელები იქნებოდნენ. Nokia ხომ ერთ-ერთი პირველი იყო ამგვარი ტელეფონის დანერგვაში, თუმცა, როგორც ეტყობა, პირველებსვე მობეზრდათ კიდეც და ამგვარად გაჩნდა კიდეც მობილური ტელეფონის შორს მოსროლაში შეჯიბრიც. ტელეფონბოლი, სავარაუდოდ, ოლიმპიური სახეობა ვერ გახდება, მაგრამ როგორც ამბობენ, სტრესის მოხსნის უებარი საშუალებაა.


3. ცოლებით რბოლა

 

 

ესეც ფინელთა ინიციატივაა. ეტყობა, მეუღლის ხელის გულზე ტარება ეცოტავათ,  კისერზე დაისვეს და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ 253 მეტრზე ამგვარად სირბილში. აკრძალვებიც არის: მეუღლე არ უნდა იყოს 17 წელზე ახალგაზრდა და 49 კგ-ზე ნაკლები წონის. როგორც ამბობენ, სპორტის ამ სახეობის გამომგონებლები 1800 წელს ფინელი ყაჩაღები იყვნენ, რომლებიც ამგვარად ცდიდნენ ახალწვეულთა ამტანობას და შესაძლებლობებს. სავარაუდოდ აქედან მოდის მამრთა ცნობილი ჩივილიც - ცოლი თავზე დამაჯდაო.


4-5 ჭაობში წყალქვეშ ცურვა და ადამიანი ცხენის წინააღმდეგ.

როგორც ეტყობა ინგლისელებს გამომგონებლობაში ბადალი არ ჰყავთ, უფრო მეტიც, არის ერთი პიროვნება, რომელიც რამდენიმე იდეის ნოვატორი და დამფუძნებელია. გორდონ გრინი პატარა ქალაქ ლანურტიდ უელსში ცხოვრობს და თავისუფალ დროს სპორტის ახალ-ახალ სახეობებს იგონებს. მთავარი კი ის გახლავთ, რომ შეჯიბრებებსაც აწყობს. 1980 წელს მან გამართა პირველი უელსური მარათონი, სადაც ერთმანეთს ეჯიბრებიან ცხენები (მხედრებით) და ადამიანები. დისტანცია მარათონის კლასიკური 42,1954 კმ-ია. გამარჯვებული იღებს 25 000 ფუნტ სტერლინგს. 24 წლის მანძილზე ფინიშთან პირველი მხედრები მიდიოდნენ. 2004 წელს კი ვინმე ჰიუ ლომმა 2 საათსა და 5 წუთში დაფარა დისტანცია და გახდა პირველი ადამიანი ვინც ცხენებს გაასწრო.




 

პატივცემული გორდონ გრინი ამით არ დაკმაყოფილდა და გადაწყვიტა უელსის ჭაობიანი ადგილებისკენ ტურისტები მოეზიდა. ამიტომ გამოიგონა სპორტის კიდევ ერთი სახეობა- ჭაობში წყალქვეშ ცურვა. მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს პირველადი შესატანი 15 ფუნტი, ლასტები და წყალქვეშ სუნთქვის მილი. ჩაცმულობა შეუზღუდავია, თუნდაც საქორწილო კაბით შეგიძლიათ ჩაყვინთოთ. გასაცური 60 მეტრია და შუაგულ ჭაობში სპეციალურად გათხრილ არხში ტარდება. სავარაუდოდ, იქაურობა კოღოების ნაკლებობასაც არ უჩივის, ვერც ტალახში ამოზუზნაა მაინც და მაინც სასიამოვნო, მაგრამ შეჯიბრის პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება და მონაწილეობის მიღების მსურველების ნაკლებობაზეც ბატონ გრინს ჯერ არსად დაუჩივლია.




 

დღეს 5 ახალი სახეობა გაგაცანით. მერწმუნეთ, მათი რიცხვი გაცილებით მეტია, მაგრამ ვიფიქრე, რომ ზოგი მათგანის ჩამონათვალში შეტანა, ნამდვილად ვერ გაგახალისებდათ, ამიტომ ჯერ მხოლოდ ამ ხუთეულით შემოვიფარგლე. 


 

არქივი