geo_flag eng_flag rus_flag

ფეხბურთელი კურდღელი და სხვა სპორტული კურიოზები
- +

1 ივლისი. 2016. 12:58



სპორტული ბატალიები იმდენად გაჯერებულია მოვლენებით, რომ კურიოზულ შემთხვევებს რა გამოლევს. შევეცდები მათგან ისეთები ამოვკრიფო, მცირედით რომ გაგახალისებთ.

ეს ამბავი სოჭში გამართული ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას მოხდა. გერმანელი ბობსლეისტი მანუელ მახატუ ნაკრების წევრებთან ერთად რუსეთში კი ჩავიდა, მაგრამ ბოლო მომენტში მწვრთნელებმა არჩევანი სხვა სპორტსმენზე გააკეთეს. განაწყენებულმა გერმანელმა თავისი ციგა რუსეთის ნაკრების წევრ ალექსანდრ ზუბკოვს მისცა. ამ უკანასკნელმა კი დიდებულად იასპარეზა და ორი ოქროს მედალი მოიგო. გერმანიის ბობსლეის ფედერაციამ მახატუს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა და 5000 ევროთი დააჯარიმა. სპორტსმენმა სასამართლოს მიმართა და, რა თქმა უნდა, პროცესი მოიგო, ჯარიმის გადახდასაც გადაურჩა და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის პოსტიც მიიღო.

ფეხბურთის სამყაროში გადმოვინაცვლოთ. ჰოლანდიური კლუბი „სპარტა" (როტერდამი) ესპანურ „ბარსელონას" ეთამაშებოდა. წარმოიდგინეთ, რა დღეში იყვნენ ჰოლანდიელი მცველები, რომელთაც მთელი შეხვედრის მანძილზე ძლევამოსილი მეტოქის შეტევების მოგერიება უხდებოდათ. ერთ მომენტში ოფლში გაწურულმა როტერდამელმა მცველმა მეტოქის შეტევა რომ მოეგერიებინა, ბურთს მთელი ძალით დაჰკრა, ჰაერში ბურთი გასკდა, ამ დროს ქარმა დაუბერა და ნაფლეთებად ქცეული ოდესღაც ბურთი, პირდაპირ „ბარსელონას" მეკარის უკან კარში ჩაეშვა. მსაჯმა ეს კურიოზული გოლი ჩათვალა ესპანელთა დიდი პროტესტის მიუხედავად.

დაახლოებით მსგავსი შემთხვევა მოხდა ბელორუსულ „ბატესა" და თბილისის „დინამოს" შეხვედრაში 2004 წელს. ბელორუსთა მეკარემ ბურთი თამაშში შეიყვანა, ამანაც 80 მეტრი იფრინა და თბლისელთა კარის ბადეში აღმოჩნდა.

კიდევ უფრო სასაცილო ამბავი სომხეთში დატრიალდა 1984 წელს. ქალაქ გიუმრის გუნდი ერევნელებს ეთამაშებოდა. უინტერესო მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს შეხვედრა ისტორიაში შევიდოდა. უეცრად საიდანღაც მოედანზე კურდღელი შემოვარდა, ხალხის ყიჟინით შეშინებულმა ცხოველმა რატომღაც „გიუმრის" კარისკენ აიღო გეზი, ამ დროს ერევნელი თავდამსხმელის დარტყმული ბურთი მოხვდა, რომელიც რიკოშეტით ადგილობრივი გუნდის კარში აღმოჩნდა. ამბავი თავისთავად სახალისოა, თუმცა უფრო საინტერესო ის გახლავთ, რომ გიუმრელთა აპელაცია ევროპის საფეხბურთო კავშირის (უეფა) საგანგებო სხდომაზე განიხილეს და კურდღელს გოლი ჩაუთვალეს.

მრავლად არიან ფეხბურთელები, რომლებიც განსაკუთრებული სიხისტით გამოირჩევიან, მათ შორის ცოტაა ცნობილი სპორტსმენი, თუმცა ერთეულები მაინც გვხვდება. ასე მაგალითად, ესპანეთში ყველაზე მეტი წითელი ბარათი მიღებული აქვს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ, მადრიდის „რეალის" მცველ სერხიო რამოსს - კარიერის მანძილზე 18. თუმცა მსოფლიო მასშტაბით მისი „მიღწევა" სასაცილოც კი მოგეჩვენებათ, თუ კოლუმბიელი ნახევარმცველის ჰერარდო ბედოიას მონაგარს გადავხედავთ. ეს სპორტსმენი მსოფლიოს უგვირგვინო ჩემპიონია მოედნიდან გაძევებაში, მსაჯებმა ის 43 წითელი ბარათით „დააჯილდოვეს", თუმცა მას შანსი აქვს საკუთარი მიღწევა „გააუმჯობესოს", რადგან ახლაც კოლუმბიური კლუბის „სანტა ფეს" რიგებში ირიცხება.

დღეს ამით დავასრულებ, იმედია, ამ მხიარულმა ამბებმა ღიმილი მოგგვარათ, თუ ასეა მომავალ კვირას კიდევ შემოგთავაზებთ სპორტულ კურიოზებს, რომელთა სიმცირესაც,  საბედნიეროდ,   არ ვუჩივით.


 

არქივი