geo_flag eng_flag rus_flag

არსებობს ორი სახის მუსიკა-კარგი და ცუდი... მე ვუკრავ კარგს...
- +

4 აგვისტო. 2016. 11:00


 

ძალიან დილა მშვიდობისა!

დიდი ხანია ჩაცმულობით არ გამიკვირვებიხართ და... დღეს კი მოგიწევთ... ანუ, თუ ჩვენს აივანზე დაინახავთ მანდილოსანს, გამოწყობილს  სწორი სილუეტის,  მუქი შინდისფერი ატლასის მუხლებამდე კაბაში, ღრმა დეკოლტეთი, თეძოებზე ბანტითა და  დიდი კრემისფერი ხელოვნური ვარდით, კისერზე მძივების რამდენიმე გრძელი აცმით, ფეხზე - საშუალოქუსლიანი, მომრგვალებულცხვირიანი, Т-ფორმის შესაკრავიანი ფეხსაცმლით, თავზე „კლიოშის" ტიპის, წარბებზე ჩამოფხატული „შლიაპკით", რის გამოც თავი გარკვეული კუთხით ექნება დაფიქსირებული, რაც   მზერას საიდუმლოებასა და მომხიბვლელობას გვრის... იცოდეთ... ეს მე ვარ... და რაშიც ვარ გამოწყობილი, ამას ქვია „Jazzwoman's style"... 

დღეს კი ჩვენი აივნის სტუმარია ჯაზის მეფე,  უნიჭიერესი,  ბრწყინვალე, მომხიბვლელი,  ოპტიმიზმითა და  ქარიზმით სავსე  ლუი არმსტრონგი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1901 წლის 4 აგვისტოს, ქალაქ ნიუ ორლეანში... ანუ დღეს,  მას 115 წელი შეუსრულდებოდა.. და გარანტიას გაძლევთ,  რომ, მისი ასაკის მიუხედავად,   აივანზე მობრძანებული ქალბატონები ეცდებოდნენ მისი ყურადღების მიპყრობას... ამიტომაც წინასწარ არაფერი არ  გითხარით და  მარტო მე გავიპრანჭე...

დღევანდელი დილის ერთი პატარა ინტრიგა  იმაშიც მდგომარეობს, რომ მართალია, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ „ჯაზის დიდი მაესტრო" (როგორც ამსტრონგს უწოდებდნენ),  დაიბადა 4 აგვისტოს, მაგრამ თავად  მან სიცოცხლის ბოლომდე არ იცოდა თავის დაბადების დღე...    წელიწადიც კი  სავარაუდოდ შეარჩია-  1902 (მხოლოდ ერთ წელიწადში შეცდა), დღე კი  აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს - 4 ივლისს დაამთხვია (აქაც სულ 1 თვით შეცდა). ამიტომაც ის მთელი ცხოვრება დაბადების დღის სანთლებს 4 აგვისტოს ნაცვლად, 4 ივლისს აქრობდა... მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს მისი ნამდვილი საბუთები, სადაც ზუსტი მონაცემები იყო მითითებული...

ლუის ბავშვობამ საკმაოდ არაკომფორტაბელურ პირობებში გაიარა...მისი ოჯახი  ნიუ ორლეანის ძალიან ღარიბ კვარტალში ცხოვრობდა, მამა ოჯახიდან წავიდა, დედამ კი ზედმეტად  თავისუფალ ცხოვრებას მიჰყო ხელი... ლუის  ბავშვობაში შეარქვეს „SATCMO" (შემოკლებული Satchel Mouth-იდან - „ტუჩებპარტყუნა") და მას ეს ზედმეტსახელი მთელი ცხოვრება შერჩა. ის 7 წლიდან თავის  სარჩენ ფულს ქუჩაში სიმღერით შოულობდა... 12 წლის ასაკში კი, ახალი წლის ღამეს, მოიპარა დედამისის მორიგი თაყვანისმცემლის პისტოლეტი და შუა ქუჩაში სროლა დაიწყო, რისი გულისთვისაც ის წლინახევრით გამოსასწორებელ კოლონიაში მოათავსეს...

„ზოგი ჭირი მარგებელიაო" ამბობენ  და სწორედ   კოლონიაში აიღო ლუიმ მუსიკის პირველი გაკვეთილები, დაიწყო გამოსასწორებელი დაწესებულების  სასულიერო ორკესტრისა და გუნდის  შემადგენლობაში გამოსვლა.. გათავისუფლების შემდეგ, ლუიმ  ბარებსა და კლუბებში გადაინაცვლა, სადაც თავიდან  მოყვარულების ანსამბლებთან ერთად გამოდიოდა, შემდეგ კი  პროფესიონალებში გადავიდა... 

1922 წელს არმსტრონგი გაემგზავრა ჩიკაგოში, სადაც დაიწყო კრეოლის ჯაზ-ანსამბლის შემადგენლობაში გამოსვლა... 2 წელიწადში ლუიმ  სოლო კარიერის დაწყება გადაწყვიტა, ნიუ-იორკში გაემგზავრა და   ფლეტჩერ ჰენდერსონის ორკესტრში მოეწყო, სადაც მომღერლობას საყვირზე დაკვრას უთავსებდა... ამ პერიოდში ის ურთიერთობდა და თანამშრომლობდა მრავალი მუსიკალური მიმართულების (ბლიუზი, ჯაზი, საეკლესიო მუსიკა)  ცნობილ წარმოამდგენლებთან და სწორედ აქ მიაქციეს ყურადღება ახალგაზრდა და ნიჭიერ მუსიკოსს, რომელსაც განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის ჩვეული შესრულების „ნათელი მანერა" ახასიათებდა... სხვათშორის, თავად არმსტრონგს ბლიუზთან ჰქონდა განსაკუთრებულად სათუთი დამოკიდებულება  და ამბობდა - „ბლიუზი არის ის, როდესაც კარგი კაცი ცუდად გრძნობს თავს"...

 1926 წელს არმსტრონგი დაბრუნდა ჩიკაგოში და ერთ წელიწადში  უკვე საკუთარ ანსამბლს -  Louis Armstrong And His Stompers -ს ჩაუდგა სათავეში...  1930 წლიდან კი იწყება მისი  ტურნეები ამერიკასა და ევროპაში... მოგვიანებით კი - ინდოეთსა და აფრიკაში...

ლუი არმსტრონგი  თავის დროზე  საბჭოთა კავშირშიც მოიწვიეს... პრეზიდენტი ეიზენჰაუერი მზად იყო საკუთარ თავზე აეღო ყველა ხარჯი, მაგრამ, ლუიმ ბოლო მომენტში ტურნეზე უარი განაცხადა და წარმოთქვა თავისი ისტორიული ფრაზა - „ხალხი იქ შემეკითხება, რა ხდება  შენს ქვეყანაშიო? და რა უნდა ვუპასუხო?...  მე მშვენიერი ცხოვრება მაქვს მუსიკაში, მაგრამ ცხოვრებაში თავს ვგრძნობ ისევე, როგორც ყველა შავკანიანი"... რა გულდასაწყვეტია, რომ ლუი არმსტრონგი ვერ მოესწრო იმ დღეს, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი  ბარაკ ობამა გახდა... ის მართლა ბედნიერი იქნებოდა....

ლუი არმსტრონგმა მუსიკაში და ჯაზში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა... მუსიკათმცოდნეების აზრით, მან შეძლო ის, რომ ჯაზი გახდა მისაღები და ახლობელი მუსიკის და არა მხოლოდ მუსიკის ნებისმიერი მიმართულების  მოყვარულთათვის... არმსტრონგის მუსიკა და შესრულება ვერავის ტოვებდა გულგრილს...

ჯაზის ცნობილი კრიტიკოსი და მკლევარი, ჯეიმს ლინკოლნ კოლიერი წერდა:  „ჯაზის ყველა ბრწყინვალე წარმომადგენელი არმსტრონგიდან იღებდა და დღემდე იღებს საწყისს"...

ცნობილი მუსიკოსის, ჯინ კრუპის შეფასებით - „ნებისმიერი უმაღლესი დონის პროფესიონალიც კი,  რომელიც ასრულებს ჯაზს, 32 ტაქტის დაკვრასაც ვერ მოახერხებს, ლუის მადლობა რომ არ გადაუხადოს, რადგანაც ყველაფერი გააკეთა ლუიმ და ის ყველაფერში იყო პირველი"...

დიდმა დიუკ ელინგტონმა კი ლუი არმსტრონგი უბრალო და ყველაფრის მთქმელი ფრაზით დაახასიათა - „მისტერ ჯაზი"...

მე კიდევ, როგორც მთლად არაპროფესიონალი, პრიმიტიულად დაგენიძლავებით, რომ ისევე, როგორც სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ადამიანთა უდიდესი ნაწილი შეკითხვაზე - „თქვენი საყვარელი ციფრი", პასუხობს - 7, ასევე ადამიანთა უდიდეს უმრავლესობაში სიტყვა ჯაზი პირველ რიგში  ლუი არმსტრონგთან ასოცირდება...

თავად დიდი ლუი არმსტრონგი კი - საოცარ დღესასწაულთან, რომელსაც მოაქვს მხოლოდ პოზიტივი, მზესავით გათბობს და ისეთ კარგ ხასიათზე გაყენებს, რომ... 

 

 

ახლა კი, ნება მიბოძეთ, ჩაგირთოდ თავად ლუი არმსტრონგის შეუდარებელი კომპოზიცია - „What a wonderful World"  და ჩუმად გავიპარო, რადგანაც დარწმუნებული ვარ, გულში ყველა გაიფიქრებთ  - "ამდენ საუბარს თავიდანვე ეს სიამოვნება მოენიჭებინა არ ჯობდაო"?

გისურვებთ ამ სიმღერასავით ნათელ და  შესანიშნავად  wonderful-ურ  დღეს!

ლელა ანჯაფარიძე


 

წყარო : wyaro
არქივი